ბახმაროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სამართალდამცველებს მათი ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლაში ადანაშაულებს.
"ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ,რეაბილიტირებულ ბახმაროს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. მისი ვიზიტის გამო ამ წუთებში ბლოკირებულია ბახმაროსთან მისასვლელი გზები, "ნაციონალური მოძრაობის" მაისურიანი მოქალაქეების გარდა, სხვა მოქალაქეებს პოლიცია არ უშვებს. მობილიზებულია სპეცრაზმი. ადგილზე არსებული სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, ვითარების ესკალაცია მოხდეს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მძიმეა ჩვენი ჟურნალისტების მდგომარეობა, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ვერ გადაადგილდებიან ბახმაროს ტერიტორიაზე, უჭირთ ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოების დროული ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, "გურია ნიუსის" ცნობით, შეფერხებით მუშაობს გაზეთის ვებ-გვერდიც, რაც ტექნიკურ პრობლემას არ უნდა უკავშირდებოდეს და არსებობს ვარაუდი, რომ ეს მათი საქმიანობის პარალიზების მიზნით შეგნებულად ხდება.
"უკვე ორი დღეა, მომხმარებლებს სხვადასხვა პროვაიდერებიდან ჩვენი ვებ-გვერდის ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. სამწუხაროდ, "პროსერვისის" წარმომადგენლები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ "გურია ნიუსის" ვებ-გვერდის შეფერხებით მუშაობა არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას და ის შეგნებულად არის მიმართული ჩვენი საქმიანობის პარალიზებისკენ. "გურია ნიუსის" დირექცია კატეგორიულად მოვითხოვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, უზრუნველყოს ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხო გადაადგილება და მათთვის მუშაობის პირობების შექმნა. აგრეთვე, ვითხოვთ "პროსერვისის" ადმინისტრაციისგან, მოაგვაროს გაზეთის ვებ-გვერდთან დაკავშირებული პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ აღნიშნული პრობლემები პოლიტიკური ხასიათისაა და მას ტექნიკურ შეფერხებასთან კავშირი არ აქვს",- აღნიშნულია "გურია ნიუსის" განცხადებაში.