ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"

ია სუხიტაშვილი: "არის ნაწარმოებები, რომელთა წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სამარცხვინოა!"

რუბრიკა "წიგნის თაროს" სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი. მართალია, ია ქორწინებამ, შემდეგ კი შვილის გაჩენამ წიგნს დააშორა, მაგრამ მის ცხოვრებაში ლიტერატურას მაინც დიდი ადგილი უკავია და გული სტკივა, როდესაც უწიგნურობას ამჩნევს.

- ვიდრე ოჯახს შევქმნიდი და შვილი გამიჩნდებოდა, აქტიური მკითხველი ვიყავი. როდესაც საოჯახო საქმე, რეპეტიციები, გადაღებები გაქვს, ამ სიამოვნებისთვის ზაფხულში თუ მოიცლი. თანაც, თუ გარშემო სიმშვიდე არ არის, კითხვა არ შემიძლია. ამიტომ კითხვისთვის იდეალურ დროდ მიმაჩნია ზაფხული, როდესაც შეგიძლია, მშვიდად ჩაჯდე ჰამაკში და იკითხო.

- ამ ზაფხულს რა წაიკითხეთ?

- შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ - ბერიას წერილები. სოფელში ვიყავი და რატომღაც ამ წიგნმა დამაინტერესა. საინტერესო თუ იყო, სხვა საკითხია, მაგრამ უკეთესი წარმოდგენა შემექმნა მისი პიროვნების შესახებ.

- კითხვა ვინ შეგაყვარათ?

- ისეთ გარემოში ვტრიალებდი, წიგნისადმი ინტერესი თავისთავად გამიჩნდა. სკოლაშიც, ინსტიტუტშიც - კითხვა ყველას უყვარდა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი ლექტორის, რუსული ლიტერატურის მასწავლებლის დონარა კანდელაკის - მისი დამსახურებაა, რომ რუსულ კლასიკას დიდ პატივს ვცემ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, მოაზროვნე ადამიანი დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინს არ იცნობდეს და არ უყვარდეს. ხომ სირცხვილია, ქართველს "ვეფხისტყაოსანი" არ ჰქონდეს წაკითხული? ­- ასევე, მიმაჩნია, რომ ვისაც განათლებაზე აქვს პრეტენზია, რუსულ კლასიკას უნდა იცნობდეს.

- ბავშვობაში რომელი ნაწარმოები გიყვარდათ?

- ძალიან ადრე დავიწყე შექსპირის კითხვა. იმასაც მივხვდი, რომ შეიძლება, ადამიანს კითხვა ძალიან უყვარდეს, მაგრამ პიესებს ვერ კითხულობდეს. მე ძალიან მიყვარდა პიესები და თუკი რამ დაუწერია შექსპირს, ყველაფერი წაკითხული მაქვს.

- რომელი გმირი მოგწონდათ?

- ყოველთვის მომწონდა "ჭირვეულის მორჯულება" და მინდოდა, კატერინა მეთამაშა. არ მეგულება მსახიობი, ჯულიეტას და ოფელიას თამაში არ სურდეს. აი, დეზდემონაზე კი არასოდეს მიოცნებია... თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ოცნებაც ვერ მოვასწარი, ჯულიეტა და ოფელია ისე ვითამაშე. ვოცნებობდი აღაზას როლზე "სტუმარ-მასპინძელში" და ეს ოცნებაც ამიხდა.

- დღეს რომელი პერსონაჟი ხართ?

- თავი სუსტი სქესის სუსტ წარმომადგენლად არ მიმაჩნია. თუკი რამ მოსაწონი გამიკეთებია - დიდი შრომის ფასად. უშრომლად ცხოვრებაში არაფერი მიმიღია. ალბათ, სწორედ ასეთ, ძლიერ ქალს ვითამაშებდი. ჩემთვის მსახიობი ქალის იდეალია მერილ სტრიპი - უნიჭიერესია, აქვს დამახასიათებელი გარეგნობა და მისი არც ერთი როლი ერთმანეთს არ ჰგავს. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია.

- რომელი მწერალი მოგწონთ?

- საყვარელი მწერალი ბევრი მყავს, მაგრამ ვაჟა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. თანამედროვე მწერლებიდან აკა მორჩილაძე მომწონს; მის პიროვნებაზე ხომ ვგიჟდები! სიგიჟემდე მიყვარს დოსტოევსკი და მისი "დანაშაული და სასჯელი". ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია. უშუქობისას, ღამით ვკითხულობდი და საოცარ განცდებში ვიყავი.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ წიგნს აღარ კითხულობენ?

- სამწუხაროდ, ასეა. ბევრი ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტითაც შეიძლება. ვისაც წიგნის წაკითხვა ეზარება, მათთვის მოკლე შინაარსი არსებობს... ეს ძალიან მაღიზიანებს.

- წიგნიერების პრობლემა სცენაზეც თავალში საცემია?

- სერიოზული როლი ყოველთვის წარმოაჩენს მსახიობის ინტელექტს, განათლებას, მით უფრო - სცენაზე.

- ყველაზე წიგნიერ ადამიანად ვინ მიგაჩნიათ?

- რობიკო სტურუას წიგნიერებაზე არაფერს ვიტყვი. საერთოდ, უფროს თაობაში წიგნიერების პრობლემა თითქმის არ დგას. თემიკო ჭიჭინაძეც ძალიან წიგნიერია და ნინო თარხან-მოურავიც... თეატრში მაგისტრანტები რომ მოდიან ჩემთან, მიხარია - ბევრს ისეთი წიგნები აქვს წაკითხული, გაგიკვირდებათ. მგონი, მთლად დაღუპულები არ უნდა ვიყოთ (იცინის)...

- რის წაკითხვას გვირჩევს ია სუხიტაშვილი?

- არის ნაწარმოებები, რომლის წაუკითხაობაც ქართველი კაცისთვის სირცხვილია. უცხოურ ლიტერატურაზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი... ადამიანი რომ იტყვის, მეშლება, "სულიკო" ილიასია თუ აკაკისიო, სამარცხვინოა. ოდითგან მოდის ტრადიცია, რომ ქართველმა "ვეფხისტყაოსანი" იცოდეს და კითხვა არ დასვას, შოთას კიდევ თუ დაუწერია რამეო? ვაჟა-ფშაველა რომ არ ექნება კაცს წაკითხული, ყაზბეგი რომ არ ეცოდინება ვინ არის, დოჩანაშვილზე წარმოდგენა არ ექნება, რაზე უნდა ელაპარაკო? წაიკითხონ, რა! დაიწყონ მაინც და თუ არ მოეწონებათ, დახურონ, სათაურს მაინც ხომ დაიმახსოვრებენ...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს