"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა

"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა

რამდენიმე დღის წინ ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელმა, მომღერალმა დავით ცინცაძემ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დალოცვის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ჩვენი მომავალი კოლეგა, 19 წლის ნათია ჩაშინია. გურულ-იმერულ-ქალაქურ საქორწილო სუფრას შესანიშნავად თამადობდა მუსიკოსი გია ბაღაშვილი, ნეფე-დედოფალს სიყვარულით სავსე სიტყვებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ: თამადა; დათოს მასწავლებელი და უფროსი მეგობარი, ანზორ ერქომაიშვილი; ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია; მომღერალი დედა-შვილი - თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი და, რასაკვირველია, ანსამბლი "შავნაბადა" - ჩოხაში გამოწყობილმა ბიჭებმა დარბაზში ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ქარიშხალი დაატრიალეს.

თამრიკო ჭოხონელიძე: - ამ ადამიანს თამამად ვუწოდებ თხემით ტერფამდე ქართველს, პატრიოტს. დათო ნამდვილ ქართულ ოჯახს შექმნის და მისმა ოჯახმა უნდა იმრავლოს.

ლევან ღვინჯილია: - დათო არის ერთ-ერთი საიმედო შენაძენი ჩვენი ეროვნული შემოქმედებისთვის. ლამაზი, მომხიბლავი გოგონაა ნათია, პატივსაცემ ოჯახში ზედმიწევნით კარგად აღზრდილი. მინდა, სამაგალითო ოჯახი შექმნან და მათი შთამომავლობით ძალიან ბევრი ლამაზი ქართველი შეემატოს საქართველოს.

გია ბაღაშვილი: - დათოსთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. "მოყვარეს პირში უძრახე" არის მისი ცხოვრების წესი, ღირსეული, ნიჭიერი, უღალატო კაცია. ნათია კი ისეთი გოგონაა, არა მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს, ორივეს თვალებში ვხედავ ბედნიერებას.

მარიამ როინიშვილი: - ჩემი საუკეთესო წლები დათოსთან და "შავნაბადასთან" ერთად გავატარე. ნათია და დათო, ძალიან მიყვარხართ, ერთმანეთს და თქვენს სიყვარულს გაუფრთხილდით და ვერაფერი მოგერევათ!

ანზორ ერქომაიშვილი: - დათო მომავალი თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, ქართული სიმღერისთვის თავდადებული, არაჩვეულებრივად ნიჭიერი, საქმიანი, ყველაფერს რომ აკეთებს იმისთვის, რომ წინაპრები არ დაივიწყოს.

სტატია: "ორივეს თვალებში ვხედავ ბედნიერებას"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)