გიორგი უძილაური: "სააკაშვილი სავარძელს მე კი არა, საკუთარ კლონს არ დაუთმობს"

გიორგი უძილაური: "სააკაშვილი სავარძელს მე კი არა, საკუთარ კლონს არ დაუთმობს"

ფსიქოს სტუმარია ჟურნალისტი გიორგი უძილაური, რომელიც სერიოზულად და, ამასთანავე, მხიარულად მიუდგა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს:

- რომ არა ჟურნალისტობა, ვინ იქნებოდა პროფესიით გიორგი უძილაური?

- ნამდვილად ვიცი, რომ იურისტი არ ვიქნებოდი. საინტერესო ის არის, რომ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა პირველივე კურსზე მივხვდი, რომ ჩემთვის ეს პროფესია მოსაწყენი და ზოგჯერ უსამართლოც იქნებოდა. მოსაწყენი და ერთფეროვანი სამსახური ადამიანს ცხოვრების ხალისს უკარგავს, ამიტომ იურისტობას ზურგი ვაქციე. რომ არა ჟურნალისტობა, ალბათ, მეზღვაური, მეხანძრე ან მონადირე ვიქნებოდი. ბარმენობაზეც არ ვიტყოდი უარს.

- ბარმენობა რატომ მოგინდა?

- ბარმენობა საინტერესოა. ნაირ-ნაირი ბოთლების ხელში ტრიალი, კოქტეილების დამზადება, უამრავი ხალხის გარემოცვაში ყოფნა, ერთგვარი რომანტიკაა. შესაძლოა, ფილმებმა მოახდინა ჩემზე ასეთი გავლენა...

- ქალი თუ ღვინო?

- ქალი!

- ალკოჰოლურ სასმელებს არ ეძალები?

- თუ საქმე არ მაქვს და მეგობრების წრეში ვარ, მით უმეტეს - ბუნების წიაღში, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეტადრე - ფშაველი, ქეიფზე არც მე ვამბობ უარს.

- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გაგონებს?

- ჯორჯ ორუელის "ცხოველთა ფერმას".

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- სიამოვნებით ვიმეგობრებდი რაფაელ საბატინის პიტერ ბლადთან. სხვათა შორის, ბავშვობიდან ო"ჰენრის ჯეფ პიტერსსა და ენდი ტაკერთან ვმეგობრობ. ასევე "ვმეგობრობდი" თომასთან... რომელი ნაწარმოების პერსონაჟია, არ გეტყვით (იცინის).

- წარმოიდგინე, რომ შენს საყვარელ ქალს ჟურნალისტმა მიშა თავხელიძემ ვარდების თაიგული და სასიყვარულო ბარათი გაუგზავნა. როგორი რეაქცია გექნება?

- ჰა-ჰა, მაგრად გამეცინება, რა თავხელიძე (იცინის)...

- ჩვენს რუბრიკა "ფსიქოში" აგიხდენ ოცნებას... წარმოიდგინე, რომ მუშაობ ბარმენად. ერთ მშვენიერ დღეს ბარში შემოდის მონიკა ბელუჩი, დახლთან, მაღალ სკამზე ჯდება და გამომწვევად გიღიმის. როგორ მოიქცევი?

- ქალბატონ მონიკას გავუმასპინძლდები, მაგრამ შებმას და ლაზღანდარობას არ დავუწყებ.

- როგორ, წინ მონიკა ბელუჩი გიზის და გამომწვევად გიღიმის!

- (იცინის) თუ მოვეწონე, თვითონ იპოვის გზას.

- სააკაშვილმა ასი დღით პრეზიდენტის სავარძელი რომ დაგითმოს, რას გააკეთებდი ამ ას დღეში?

- მაგარი კითხვაა, კითხვა კი არა, ანეკდოტია (იცინის). სააკაშვილი სავარძელს მე კი არა, საკუთარ კლონს არ დაუთმობს! კაი, დავუშვათ, დათმო, - ასი დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შევცვალო სტრატეგიული მინისტრები, დავიწყო გამოძიება იმ მაღალჩინოსნების მიმართ, ვისთანაც საზოგადოებას აქვს კითხვები, დავითხოვო პარლამენტი და დავნიშნო ახალი არჩევნები.

- ჟურნალისტი ხარ და სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა გენდომება. რას ჰკითხავდი პრეზიდენტს?

- ვკითხავდი, მოახერხებდა თუ არა თავის დროზე გაპრეზიდენტებას, რომ არა ბიძამისის მეგობრობა წითელ ინტელიგენციასა და კა-გე-ბესთან; ვკითხავდი, როგორ მოახერხა გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში 700 დოლარად ბინის შეძენა და მერე რამდენიმე ათეულ ათასად გაყიდვა; ვკითხავდი, პუტინისა და ჰიტლერის გარდა, ვის შეეჯიბრებოდა ცურვაში, არქიტექტორობაში, პილოტობასა და ადამიანის სიცოცხლის ფეხზე დაკიდებაში; ვკითხავდი, მოინდომებდა თუ არა პრეზიდენტობას, ნორმალური და სრულფასოვანი ბავშვობა და ყრმობა რომ ჰქონოდა... მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლური კითხვებია, - თავისი მოქმედებით მიშამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, ამიტომ მასთან ინტერვიუ კი არ არის ჩასაწერი, დაკითხვაა ჩასატარებელი.

- ხათუნა კალმახელიძემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თავის კაბინეტში რომ დაგიბაროს, რას იფიქრებდი?

- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თავისი თანამშრომლები დაიბაროს სასჯელაღსრულების სამინისტროში. მე არ მივიდოდი.

- გურამ დონაძემ რომ შემოგთავაზოს თავის "რეალ ტი-ვიზე" შოუს წაყვანა, რას ეტყოდი?

- დონაძე ვერაფრის შემოთავაზებას ვერ გამიბედავს.

- დასასრულ, რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- სააკაშვილი საჩუქარს ჩემგან მხოლოდ გალიაში მიიღებს. გალიაში მჯდომს უსასრულოდ ჩავურთავდი "მიშა მაგარიას" და თუ კარგად მოიქცეოდა, შაბათ-კვირას ამ მელოდიას მისი შეუსრულებელი დაპირებების აუდიოჩანაწერებით შევუცვლიდი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირდაპირი და გამბედავი ადამიანია. არავის მიუტევებს ღალატს. ურთიერთობებში თავშეკავებულია, გრძნობის გამოხატვა უჭირს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები