გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში

გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში

"რუსთავი 2"-ის ახალი სატელევიზიო სეზონი გვანცა დარასელიასთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა: როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ის არხის ცენტრალური პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანი იქნება...

- "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანებად მე და აჩიკო სოლოღაშვილი დაგვამტკიცეს. ეს გრანდიოზული სატელევიზიო შოუ იქნება. ბათუმსა და თბილისში კასტინგი უკვე ჩავატარეთ, კონკურსანტები შევარჩიეთ. "საქართველოს ვარსკვლავი" სატელევიზიო სეზონის მთავარი სიახლეა. თუმცა, "სხვა ამბებში" და დილის გადაცემაში მუშაობასაც ვაგრძელებ. ვცდილობ, საქმეები ერთმანეთს შევუთავსო. სეზონი განსაკუთრებული შემართებით დავიწყე, რადგან მაყურებელი მომენატრა და ვფიქრობ, მასაც მოვენატრე...

- შენი კოლეგებისგან მსმენია, - შვებულების მერე ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ეთერში პირველად გავდივართო...

- არა, ასეთი გრძნობა არ მქონია, პირიქით - თითქოს ეთერი არც "გაწყვეტილა"... ჩვენი ტელეარხი წლების განმავლობაში სულ იმას ამტკიცებს, რომ ყველაზე სტაბილურია და ჩემი აზრით, ეს უმთავრესია. ადამიანმა იცის, რომ ყველაზე ადრე და ხარისხიანად მოწოდებულ ახალ ამბებს სწორედ "რუსთავი 2"-დან შეიტყობს...

- "ხარისხიანად მოწოდებულ ახალ ამბებს" არაობიექტურობაში ხშირად სდებენ ბრალს.

- ტელევიზიაში მუშაობის 5 წლის განმავლობაში პოლიტიკასთან შეხება არ მქონია - პოლიტიკური მოვლენები არასოდეს გამიშუქებია.

- საინფორმაციო გამოშვებებს ხომ უყურებ?

- რა თქმა უნდა! შეუძლებელია, შინ მივიდე და "კურიერს" არ ვუყურო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნიუსის" სფეროში, "კურიერის" გუნდი საქართველოში ყველაზე მაღალკვალიფიციურია და აქვს პრეტენზია, რომ ყველაზე ხარისხიან გადაცემას აკეთებს...

- მოდი, ახალ პროექტზე - "საქართველოს ვარსკვლავი" გვესაუბრე. კასტინგი რა ფორმით ჩატარდა?

- "საქართველოს ვარსკვლავი" "ამერიქან აიდოლის" ზუსტი ანალოგია. მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერლებს ვეძებთ. ჟიურის წევრები ნინო ქათამაძე, ნინო ხოშტარია და ნიკოლოზ რაჭველი არიან. ვფიქრობ, ამ პროექტის უმთავრესი "კოზირი" სწორედ ესაა. სიმართლე გითხრათ, კონკურსანტებმა მოლოდინს გადააჭარბეს - კასტინგზე უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა. იმედია, პროექტის ავტორების მოლოდინს წამყვანებიც გავამართლებთ.

- კასტინგი წამყვანების შესარჩევადაც ხომ არ ჩატარდა?

- არა, პირდაპირ დამამტკიცეს. პროექტის წარმომადგენლებს ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 17 სექტემბრიდან ეთერში კასტინგების ვიდეოჩანაწერები გავა, ოქტომბრიდან კი "ლაივ"-კონცერტები დაიწყება, რომელსაც ყოველ ორშაბათს, მე და აჩიკო გავუძღვებით.

- კასტინგების მსვლელობისას შენ და აჩიკოს რა გევალებოდათ?

- მარტივად რომ ვთქვა - კონკურსანტებთან მეგობრობა და მათი გამხნევება გვევალებოდა. აჩიკოსთან ადრეც ვმეგობრობდი და ძალიან გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი სწორედ ის იქნებოდა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. როცა ადამიანთან მეგობრობ, გიყვარს და აფასებ, მასთან მუშაობაც არ გაგიჭირდება.

- ალბათ, კასტინგზე უცნაური მონაწილეებიც გყავდათ. რით გაგაოცეს?

- ზოგი ემოციას განსხვავებულად გამოხატავდა, ჟიურის წევრებს უცნაურ ტექსტს უმღეროდა... ბათუმში ბევრი სიურპრიზი მოგვიწყვეს, რასაც ტელემაყურებელი აუცილებლად იხილავს.

- "საქართველოს ვარსკვლავმა" "ჯეოსტარი" ჩაანაცვლა...

- "საქართველოს ვარსკვლავი" სრულიად ახალი, განსხვავებული ფორმატის გადაცემაა. ესეც მუსიკალური კონკურსია, მაგრამ სხვანაირია...

- "რუსთავი 2"-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამას წინათ, ეთერში კურიოზებს უჩვენებდნენ. ასეთ სიტუაციებში ხშირად აღმოჩენილხარ?

- კურიოზული სიტუაციები ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. მაგალითად, ამას წინათ ანი გიუნტერმა და ნატა ნიჟარაძემ 3-3 ტორტი ერთმანეთს სახეზე შეაზილეს. ძალიან მაგრად მახსენდება ეთერი, როცა ჩვენს წამყვანს - ვასკას თმა წითლად შევუღებეთ: სტილისტთა და ვიზაჟისტთა კონკურსის დაჯილდოებას ვაშუქებდით. პროექტის ავტორები და სტილისტები მოვიწვიეთ. მე ავანგარდული ვარცხნილობა უნდა გამეკეთებინა. ვასკა უფუნქციოდ რომ არ დარჩენილიყო, ვიფიქრე: კარგი იქნება, თუ თმას წითლად, ოღონდ - ისეთი საღებავით შეუღებავენ, რომელსაც შემდეგ იოლად მოიშორებს-მეთქი. მოკლედ, მე და ვასკა სტილისტს ერთად შევუთანხმდით, რომ ასეთ საღებავს მოიტანდა.

ვასკას თმა პირდაპირ ეთერში წითლად შევუღებეთ - ძალიან სახალისო იყო და კარგადაც გავერთეთ. ეთერის შემდეგ, საგრიმიოროში შესულმა დავინახე, ვასკას თავი ნიჟარაში ჰქონდა ჩაყოფილი და ცდილობდა, საღებავი ჩამოებანა, მაგრამ - უშედეგოდ. გაირკვა, სტილისტს ისეთი საღებავი მოეტანა, რომლითაც ქალები ჭაღარა თმას იღებავენ. ზუსტად 2 თვე, ჩემს კოლეგას წითელი თმა ჰქონდა... იმ სტილისტზე ძალიან გავბრაზდით. პირადად მე, თავი უხერხულად ვიგრძენი და ბევრიც ვინერვიულე. ვასკა "ლაითი" ადამიანია და რაც მთავარია, მისმა მეუღლემ ამ ამბავს იუმორით შეხედა. ჩემი ქმარი შინ წითელი თმით რომ მოვიდეს, ალბათ, გავგიჟდები (იცინის)!..

- გვანცა, ორსულობის პერიოდში აქტიურად მუშაობდი და ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში ისევ სამსახურს დაუბრუნდი. ზაფხულში მაინც თუ დაისვენე?

- ჩემი თავისთვის ვერ მოვიცალე. უბრალოდ, მოვახერხე, რომ შვილი აბასთუმანში ერთი კვირით წამეყვანა და მეც, ასე თუ ისე, დავისვენე. ჩემი ბიჭუნას განვითარების ტემპი გვაოცებს. უკვე აზრიანად თამაშობს. ძალზე მხიარულია. არ გვაწვალებს. სულ ვფიქრობ, - მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ უფრო მეტად მიყვარდეს-მეთქი? ყველა მეუბნება, - ლაპარაკს რომ დაიწყებს და "დედას" დაგიძახებს, მერე ნახავ, რაც დაგემართებაო. "დედას" რომ დამიძახებს, შეიძლება სიხარულისგან გული გამისკდეს! ახლახან ძიძას დავურეკე და შვილი მოვიკითხე. მითხრა: პატარამ ტელევიზორში გნახაო. თურმე, ეკრანზე რომ დამინახა, თვალები გაუშტერდა (იღიმის).

- გული არ გწყდება, რომ შვილს ბევრ დროს ვერ უთმობ?

- რაც დრო გადის, შვილთან ყოფნა უფრო დიდხანს მინდა. გუშინ, სამსახურის მერე მეგობრებმა დამირეკეს - დაქალის სახლში იკრიბებოდნენ. მანქანით მივდიოდი და ვფიქრობდი, - წავიდე თუ არა-მეთქი? რა თქმა უნდა, შვილმა "გადაწონა" და მეგობრებთან არ წავედი. ვიცოდი, რომ ჩემს ბიჭუნას 1 საათში უნდა დაეძინა და მერე ვეღარ ვეთამაშებოდი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა: ჩემს ცხოვრებაში შვილმა ბევრი რამ შეცვალა. თუკი მივხვდები, რომ ბავშვს მცირე ყურადღებასაც ვერ ვუთმობ, რაღაცას დავთმობ. ვფიქრობ, ჩემი გუნდიც ხელს შემიწყობს, რომ დრო შვილსაც დავუთმო. მოგეხსენება, კაცებს ჩვილ ბავშვებთან ურთიერთობა ცოტათი უჭირთ.

რაც დრო გადის, შვილთან ჩემი მეუღლეც უფრო მეტ დროს ატარებს. როცა პატარას მისი ხმა ესმის, ფართხალებს (იცინის). მეუღლე მუშაობაში ხელს მიწყობს. ახალ პროექტზე მუშაობისას, ბათუმში ჩემთან ერთად იყო. დილის 9 საათიდან ღამის 12-მდე გადაღებაზე ვიყავი, მაგრამ საყვედურიც კი არ დასცდენია. თუმცა, ბოლოს ყველაფერი მოსწყინდა; უჩემოდ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. როცა ვიცი, რომ მას ჩემი საქმე მოსწონს, ყველაფერს ორმაგი ხალისით ვაკეთებ. სანამ გავთხოვდებოდი, მეგონა, რომ გულის სიღრმეში კარიერისტი ვიყავი. ახლა ვხვდები, ასეთი ნამდვილად არ ვარ: ჩემთვის ქმარ-შვილი ყველაზე ძვირფასია. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუკი ოდესმე არჩევანის წინაშე დავდგები, კარიერას ოჯახს ვამჯობინებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები