დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის

დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის

დათო ტურაშვილის "ესპანური ფოტომოთხრობების" კითხვისას, თითქოს მართლაც "სლაიდშოუსავით" იცვლება ერთი ფოტო მეორით... ფოტოებზე საოცარი სიზუსტით არის ასახული ესპანეთის ყოველდღიური ცხოვრება თავისი ნაკლოვანებებითა და უპირატესობებით... არავითარი ზედმეტი ხიბლი და სუბიექტურობა... მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ პატარა საქართველოს ესპანეთის სახით ერთი დიდი სისხლით ნათესავი ჰყავს თურმე და... ვიცოდით, კი?!

"ესპანელები ჩვენსავით უცნაური ხალხია და მადრიდში იმ ქუჩას, სადაც სერვანტესი ცხოვრობდა, ლოპე დე ვეგას სახელი ჰქვია და პირიქით - ის ქუჩა, სადაც ლოპე დე ვეგა ცხოვრობდა, სერვანტესის სახელობისაა. შეიძლება, ამ უცნაურ მოვლენას ესპანური ხასიათის თავისებურება განაპირობებს, რომელიც ძალიან ჰგავს ქართული პირველობის თავგადასავალს და ლოპე დე ვეგასა და მიგელ სერვანტესის დაპირისპირება აუცილებლად გაგახსენებთ ჩვენი ილიასა და აკაკის ან აკაკისა და ვანო მაჩაბლის ურთიერთობის ისტორიას", - ეს ეპიზოდი დათო ტურაშვილის მოთხრობიდან გახლავთ.

- ესპანეთი ბავშვობიდან თქვენი ოცნების ქვეყანა იყო თუ მისით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდით, რაც ესპანეთსა და საქართველოს შორის მსგავსებები აღმოაჩინეთ?

- ესპანური კულტურითა და ლიტერატურით დიდი ხნის წინ დავინტერესდი, მაგრამ იქ მოხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ ათი წლის წინ მომეცა. თუმცა, ეს არ იყო და არ არის უბრალოდ ინტერესი. ეს გაცილებით მეტია ჩემთვის, რადგან ესპანელებზე ახლო ნათესავი ხალხი ჩვენ არ გვყავს...

- რა მიზნით და როგორ აღმოჩნდით ესპანეთში?

- ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს ე.წ. სამეფო სტიპენდიის მოსაპოვებლად და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ესპანური სახელმწიფო ენაა. ამ კონკურსზე განაცხადის შეტანა ესპანური ენის ჩემმა მთავარმა და შესანიშნავმა პედაგოგმა სოფო ფეიქრიშვილმა მირჩია. კონკურსში გამარჯვების იმედი მაინცდამაინც არ მქონდა, რადგან მართლა დიდი კონკურსია.

- თქვენ წერთ: "მხოლოდ წარსულით ცხოვრება საკმარისი არ არის თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად და ესპანელები ამას, ჩვენგან განსხვავებით, უკვე მიხვდნენ". ესპანელებსაც ახასიათებდათ წარსულით ცხოვრება? რაში გამოიხატება ის ფაქტი, რომ ამ სენს სძლიეს?

- ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ სხვა ხალხებს და როცა ჩვენი თავი ძალიან ტრადიციული ქვეყანა გვგონია, წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმაზე, რომ ესპანელებმა (მაგალითად) ჩვენგან განსხვავებით, მართლა შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციები.

- ამბობთ, რომ სახელმწიფოს შესაქმნელად ყველაზე მთავარი - აზროვნების თავისუფლება გვაკლია... ესპანელები არ განიცდიან ამის ნაკლებობას?

- ესპანელებს, ჩვენგან განსხვავებით, თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად, ადგილმდებარეობამ და ევროპულმა სამეზობლომაც დიდად შეუწყო ხელი.

- თქვენ აღნიშნავთ: "მე მაინც მგონია, რომ დონ კიხოტე ლამანჩელი ქართლის რომელიღაც სოფელში დაიბადა, ვიდრე თავად სერვანტესი გაჩნდებოდა იმისთვის, რომ ადამიანთა არსებობა გაემართლებინა"... მაინც რა არის დონ კიხოტეს "ქართლური" მახასიათებლები?

- რა კარგი შეკითხვაა და როგორ მინდა, ვრცლად გიპასუხოთ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მოკლედ გეტყვით, რომ ეს, მაინც (ყველაფრის მიუხედავად), სიკეთისა და თავისუფლების ძებნა და წყურვილია.

- როგორი დამოკიდებულებაა ესპანეთში ქალის უფლებების მიმართ? საქართველოსთან მსგავსება ამ კუთხითაც აისახება?

- ფრანკოს საშინელი რეჟიმის გამო, ამ თვალსაზრისით, დღემდე პრობლემებია ესპანეთში, მაგრამ (ჩვენგან განსხვავებით) მსგავს პრობლემებს ხმამაღლა ებრძვიან და ოჯახური ძალადობის ფაქტებს არ მალავენ. არც იმას ამბობენ, რომ ეს ოჯახის შიდა საქმეა, როცა კაცი ცოლს სცემს და არც საზოგადოებას აქვს სამარცხვინო პოზიცია ასეთი ძალადობის მიმართ.

- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ესპანეთში ადამიანები მეგრულ გვარებს ატარებენ?

- ალბათ, საერთო-იბერიული წარმომავლობით უნდა ავხსნათ საერთო გვარები, ტოპონიმიკა და ლექსიკური ძირები.

- ესპანეთი გეოგრაფიული მახასიათებლებითაც ჰგავს საქართველოს?

- ლა მანჩა ქართლსა და მესხეთს ჰგავს, ბასკეთი - გურიასა და აჭარას.

- თქვენი საყვარელი ესპანელი მწერალი ან პოეტი ვინ არის?

- სერვანტესის გარდა მიყვარს ანტონიო მაჩადო, მიგელ ერნანდესი, ხაბიერ მარიასი, ალვარო დე ლაიგლესია, მიგელ უნამუნო, ანა-მარია მატუტე...

- მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები ზრდილობიანი ხალხია, უწმაწურებიც ყოფილან...

- ესპანელები არ მიიჩნევენ, რომ უწმაწურობა უზრდელობაა.

- პირადად თქვენ რა წვლილი მიგიძღვით ქართულ-ესპანური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში და ზოგადად, რა სახის კავშირი აქვს ქართულ ლიტერატურულ პროცესებს ესპანურთან?

- ვწერ წიგნს ორი იბერიის საიდუმლოს შესახებ და ეს იქნება კიდეც ესპანურ-ქართული ურთიერთობების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს