სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილისგან ცოდვების მონანიება დაგვიანებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს და მის გუნდს მოუწევთ რამდენიმე დღით დასვენება და იმის გააზრება, რომ სახელმწიფო უფრო მაღალი ცნებაა, ვიდრე სახელისუფლო სავარძლები და ძალაუფლება.
"მისი სიტყვების დაჯერება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სწორედ ამაზეა ნათქვამი - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. მან დანერგა დაყოფა ამ ქვეყანაში. დანერგა პრინციპები - ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და ახლაც ვერ მოიქცა მთლად ღირსეულად. ხვალ პატრიარქის მოწოდებით, ვიკრიბებით მართლაც ქვეყანასა და სახელმწიფოზე საფიქრალად, ბაგრატის ტაძრის გახსნაზე. აქაც ვერ მოითმინა სააკაშვილმა და 2 დღით ადრე დაასწრო სხვებს, რომ გაეკეთებინა ეს მოწოდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი პრეზიდენტი.
"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებმა ყოველგვარი დამაჯერებლობა დაკარგა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა ოპონენტებს ბაგრატის ტაძრის ეზოდან გუშინ მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ, რომ იბრძოლებენ ქვეყნის დეოკუპაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოში ინტეგრაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ააწყობენ ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე და არ დაუშვებენ ქვეყანაში კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დაბრუნებას.
"შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ, რომ ყველა ჩვენგანი პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის "ქრისტიან-დემოკრატი", "ლეიბორისტი", "მეოცნებე", "მემარჯვენე" თუ "მემარცხენე", - განაცხადა სააკაშვილმა.