დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"

დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"

ქართულ ტელევიზიებში უკვე განახლდა დღის შოუები, მაგრამ "მზესუმზირები" ჩვენს ტელეეკრანებზე ჯერჯერობით არ ჩანს. გია ჯაჯანიძე ამ გადაცემაში თავისი უცნაურობებით ყველას აოცებდა. მან ისიც მოახერხა, რომ უცნაური ვარცხნილობებისა და სამოსის წყალობით ბევრი სხვა შოუს სტუმარი გამხდარიყო. გავრცელდა ჭორი, რომ შეიძლება, "მზესუმზირები" საერთოდაც აღარ გავიდეს ეთერში. ამ ჭორის გადამოწმება გადაცემის წამყვანებთან ვცადე.

- გია, ამბობენ, "მზესუმზირები" აღარ გავა ეთერშიო.

- "მზესუმზირები" აუცილებლად გაგრძელდება. განახლებული ეთერით გავდივართ და შესაძლებელია, ახალი შემადგენლობით ვიყოთ. ზუსტად არ ვიცი, პროდიუსერი რას გადაწყვეტს. ვიცი, რომ მე აუცილებლად ვიქნები გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი.

- როგორც ჩანს, თქვენი უცნაური იმიჯის გამო ვერ შეგელიათ პროდიუსერი. ასეთივე განსხვავებული იქნებით ახალ სეზონზეც?

- ალბათ კიდევ შევიტან სიახლეებს ჩემს ჩაცმულობაში. ჯერ არ ვიცი, რა სიახლეები იქნება ეს, სპონტანურად მომდის ხოლმე იმიჯთან დაკავშირებული იდეები.

- როდის აპირებთ ეთერში დაბრუნებას?

- "მზე" მალე აპირებს განახლებული ეთერით დაბრუნებას. რამდენიმე საინტერესო პროექტის იდეა აქვთ, რომელსაც წინასწარ არ ამხელენ.

- უკვე ხომ არ შეიცვალეთ რაიმე გარეგნობაში?

- ჯერ არა. ამ ეტაპზე ვისვენებ და სიზმრებთან დაკავშირებით წიგნს ვაკეთებ.

- როგორც ჩანს, სიზმრების გჯერათ...

- სიზმრების მგონი, მთელ მსოფლიოს სჯერა. მეც მაინტერესებს, რას ნიშნავს სიზმრში ნანახი და მჯერა.

გიორგი ნაზღაიძე:

გიორგი ნაზღაიძე- გიორგი, გია ჯაჯანიძემ გვითხრა, რომ წამყვანები "მზესუმზირებში" შეიძლება შეიცვალონ. კვლავ იქნები ერთ-ერთი წამყვანი?

- ჩვენ სეზონს მოგვიანებით დავიწყებთ. სხვა არხებმა სკოლებივით 1-ელ სექტემბერს დაიწყეს განახლებული ეთერი. ჩვენ განსხვავებული შოუ გვაქვს და განსხვავებულად ვიწყებთ სეზონს. მე პირადად ცვლილებების შესახებ არაფერი მსმენია. გია ჯაჯანიძემ შეიძლება მორიგი ხუმრობა გამოთქვა. შეიძლება, ცვლილებები მართლაც იყოს გადაცემაში. ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება, მაკა შალიკაშვილი აღარ იყოს და მარტო მე და გიამ წავიყვანოთ "მზესუმზირები", ან გია არ იყოს და მარტო მე და მაკამ წავიყვანოთ გადაცემა. სულაც შეიძლება, წამყვანი მარტო მე ვიყო (იცინის). ძალიან ცოტა დრო დარჩა გადაცემის ეთერში გასვლამდე და ყველა გაიგებს, ვინ იქნება წამყვანი და ვინ - არა. როგორც ვიცი, ეთერში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გავალთ.

- გადაცემაში ყველა სხვადასხვანაირად სკანდალურები ხართ. ცოტა ხნის წინ ბეჭდით გამოჩნდი და თქვი, რომ დაოჯახებას აპირებდი. თუმცა ამ ამბავს მოჰყვა ჭორი, რომ ეს უბრალოდ შენი მორიგი სკანდალური ნაბიჯი იყო.

- არ დავოჯახებულვარ. უბრალოდ მყავს შეყვარებული და ბეჭდები გავცვალეთ. უკვე 27 წლის ვარ და ალბათ უკვე დროა, დავოჯახდე. საქართველოში რომ ჩამოვა ჩემი შეყვარებული, შეიძლება ხელიც ვთხოვო, ვნახოთ.

- ვინ არის გოგონა, რომელიც გიყვარს?

- ეს გოგონა წარმოშობით ქართველია, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. უკრაინაში აქვს სახლი და მგონი, თითქმის მთელ მსოფლიოში ცხოვრობს. ახლა ნიუ-იორკშია. ჰქვია ირინა.

- გვარი...

- ძალიან რთული გვარი აქვს. სულ მავიწყდება... ტყუილად ამბობენ, რომ მოვიგონე ჩვენი სიყვარულის ამბავი. რომ ჩამოვა, არაა პრობლემა, ყველა გაიცნობს.

- როდის აპირებს ჩამოსვლას?

- სავარაუდოდ ორ კვირაში ჩამოვა. მინდა გითხრათ, რომ ოფიციალური ურთიერთობების გარეშეც ძალიან კარგად ვართ ერთად.

რასაკვირველია, მაკა შალიკაშვილსაც დავუკავშირდი.

- "მზესუმზირებთან" დაკავშირებით არაფერი ვიცი. ავად ვიყავი და არ ვიცი, გადაცემა გავა თუ არა ეთერში და არც ის ვიცი, მე ვიქნები თუ არა მისი წამყვანი. ახლა ახმეტელის თეატრში რეპეტიციებს გავდივარ. გადაცემის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

- "მზეში" "მზესუმზირებთან" დაკავშირებით კითხვები არავისთვის დაგისვამს?

- თუ დავჭირდები, თვითონ დამირეკავენ. ამ ეტაპზე მთელ დღეებს რეპეტიციაზე ვატარებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები