სტუდენტების მოთხოვნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში აბსოლუტურად ადეკვატური იყო,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
"მე დავდექი სტუდენტების გვერდით და ვფიქრობ, რომ მათი მოთხოვნა იყო აბსოლუტურად ადეკვატური ამ სიტუაციაში. საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფრო ინტენსიური გაშუქება უნდა იყოს იმ პრობლემის, რომელიც საზოგადოებას აწუხებს",-აღნიშნა კვესიტაძემ.
ამასთან, კვესიტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით კვესიტაძემ უკმაყოფილება "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობითაც გამოხატა. მან გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიას კითხვით მიმართა: "რიტორიკულ კითხვას ვსვამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ჭანტურიას მისამართით - ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე "ცხოვრება მშვენიერია" უნდა გადიოდეს"?!- წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.