ერთი გაწევ-გამოწევა გვქონდა მე და გიორგის: მიუხედავად იმისა, თვითონ შესანიშნავად წერს, დაიჟინა, მისი ამბავი მე დამეწერა... ამგვარად, ის მომიყვა, მე დავწერე და რა გამოვიდა, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია: "ბირჟას ვამაგრებდი, უბნის ერთ-ერთი ლაწირაკი რომ მომადგა, წერილი მომაწოდა და ისეთი კისრისტეხით გავარდა, თითქოს ბომბი მომცა და გაქცევით თავს უშველა. წერილში მეგობრობას მთავაზობდა უბნელი გოგო და მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ ჰქონდა მითითებული, მაშინვე მივხვდი, ჩემი გვერდითი მეზობელი ქაჯანა რომ იქნებოდა და საჩქაროდ შევუდექი მისი თხოვნის შესრულებას. ქაჯანას ოთახის ფანჯარა ჩემს აივანს უყურებს. ერთი კვირა ვამკობდი ქარაგმებით შორიდან და ერთი კვირის შემდეგ, პირველად გადავძვერი ყაჩაღივით მის ფანჯარაში.
იმის მერე, აგერ 1 წელია, როცა ხალხი ძილს მიეცემა, გადავძვრები ქაჯანას ოთახში და მის საწოლსა და მკლავებში ვნებივრობ. დიდი მაიმუნი გოგოა, ჩაკეტავდა ოთახის კარს და თუ ოჯახის წევრთაგანი დაუკაკუნებდა, მიზეზები არ ელეოდა, - გახდილი ვარ, ვერ გაგიღებ, წიგნს ვკითხულობ (ვერ იტანდა, როცა ვინმე კითხვას აწყვეტინებდა). მეც ამასობაში, გადავიპარებოდი უკან და როცა ქაჯანა მიხმობდა, ისევ მის სარეცელში ვეშვებოდი თავით. ასე დავძვრებოდი ყოველღამე ჩემი აივნიდან მის ფანჯარაში და ყოველთვის ერთნაირად ვიშვიშებდა - არიქა, არ დამღუპო, ნელა ქენი, ნელა გადმოდი, არაფერი დაგიშავდესო, გაიძახოდა და დაფეთებული ისახავდა პირჯვარს. ამ დროს ვგიჟდებოდი მასზე, ამ დროს მიყვარდებოდა და ამ დროს მავიწყდებოდა ჩემ ქვემოთ მცხოვრები გოგო, რომელსაც მაკარონას ვეძახდი, კალმის წკირივით წვრილი ფეხების გამო. ისეთი ნაზი იყო, სიყვარულს მოგანდომებდა... თვალებით ვჭამდი, მაგრამ სიყვარულს ვერ ვუმხელდი, ასე ვიწვოდი მეც და მზერითა და სიჩუმით ვწვავდი მასაც.
ახლა, რომ გითხრათ, მე და ქაჯანა და-ძმასავით ვიწექით გვერდიგვერდ-მეთქი, მაინც არ დაიჯერებთ და ცოდვაში რატომღა ჩავიგდო თავი? ისე, რადგან სიმართლეს გეუბნებით, ბარემ გავამხელ - სულ იმას ვამბობდი, ვაი, საბრალო ქაჯანას ქმარო-მეთქი. ლამაზი კი იყო, მაგრამ სინაზის ნატამალი არ გააჩნდა - სულ ქაჯივით დარბოდა და ქაჯანაც ამიტომ დავარქვი. ბებიაჩემი რომ ამბობდა, - ეგ გოგო ბევრ ბიჭს "მოიმწყვრევს" და გააგიჟებს, ეშმაკის ფეხიაო, მეცინებოდა, მაგრამ თავად გავხდი მისი "მსხვერპლი". ისეთი ნაზი და წყნარი იყო საწოლში, შეჭმა მინდებოდა მისი და "ვჭამდი" კიდეც. მართლა ეშმაკის ფეხმა, თავბრუ ისე დამახვია, დაღამებას ვნატრობდი, მის ოთახში და შემდეგ საწოლში რომ მესკუპა. დღისით კი სულ სხვანაირი იყო, ბირჟაზე ჩვენთან ერთად იდგა ხოლმე და როგორც სჩვევია, მოურიდებლად კისკისებდა... მაკარონას ედაქალებოდა და როცა მათ ერთად ვხედავდი, თავში ტვინი მერყეოდა... მაკარონა მორცხვად მიყურებდა, ქაჯანა კი ხელს მიტყაპუნებდა, მიწვევდა, დამცინოდა... - სირცხვილია, გაჩერდი, გეყოფაო, - არიგებდა მაკარონა და თვალებს მიფახულებდა. მწვავდა მისი თავმდაბლობა და სინაზე. ქაჯანა ვერ იტანდა ბებიაჩემს და სისხლს უშრობდა.
ერთხელ მოატყუა, გიო დაიჭირესო და მანამ არ უთხრა სიმართლე, სანამ გული ცუდად არ გაუხდა საბრალოს. - უთხარი რამე ამ ეშმაკის ფეხსო, - შემომჩივლა ბებიამ. - ამაღამ ვეტყვი, საწოლში-მეთქი, - ვუპასუხე იმ იმედით, რომ ვერ გაიგონებდა (ყურს აკლია) და ქაჯანას, რომელიც ბებიაჩემს ეჭყანებოდა, თვალი ჩავუკარი. აყვირდა და აქაქანდა დასამუნჯებელი ბებიაჩემი, - ხომ გითხარი, ხომ გითხარი, ეს მაიმუნი შემიცდენს ბაღანეს-მეთქი! - ყვიროდა ბებია მთელი უბნის გასაგონად. ამ ამბიდან მეორე დღეს მაკარონა გათხოვდა. ხელი ჩავიქნიე მასზე და გადავწყვიტე, მისთვის მიმებაძა და ოჯახი შემექმნა. აივანზე სიგარეტს ვაბოლებდი და ქაჯანას ველაპარაკებოდი, მაკარონას ქალაბიჭა დაიკო რომ მესტუმრა და დის წერილი მომაჩეჩა. "მართლა ძალიან მიყვარდი. მეგონა, შენც იმავეს გრძნობდი, რასაც მე... იმედი გამიცრუე. ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, წერილზე რომ არ მიპასუხე, მე კი შენმა მზერამ შემაცდინა"... - ვკითხულობდი მაკარონას წერილს ენაჩავარდნილი და თავი ცუდ სიზმარში მეგონა.
საღამომდე ბოლთას ვცემდი... გავიფიქრე, ქაჯანასთან აღარ გადავალ-მეთქი, მაგრამ როცა სახლებში შუქი ჩაქრა, ინსტინქტურად გადავძვერი ქაჯანასთან და უნდა ვაღიარო, ისე სიამოვნებით არასოდეს მოვფერებივარ, როგორც მაშინ... მეგონა, მასაც წამართმევდნენ და როცა დილის 5 საათზე ჩემს მკლავებში მონებივრე ქაჯანამ გამაღვიძა, - ადექი, უკვე თენდება, გადადი სახლშიო, - უშფოთველად ვიცვალე გვერდი და წავიბურტყუნე, - დღეს მე და შენ ჯვარი უნდა დავიწეროთ და გამოძინება მაცადე-მეთქი. სამსახურში მივდიოდი, ჩემი ბინის წინ მაკარონა რომ შემხვდა. მოვეხვიე, მივულოცე და თვალებში რომ შევხედე, ტიროდა... არაფერი უთქვამს. ვიცოდი, ქმარი არ უყვარდა და მასზე ცუდს რომ გავიგებდი, გული მიკვდებოდა. არც მე მითქვამს რამე, ან რაღა აზრი ჰქონდა?! მაკარონამ ცრემლი შეიმშრალა და აივნიდან გადმომდგარ ქაჯანას მიესალმა, მერე ისე შემომხედა, თითქოს უკანასკნელი მზერა ყოფილიყო და წავიდა... ის ტკივილი, რაც მას გაჰყვა და რაც მე ასე მიკლავდა გულს, ჩემი ცოლის, ქაჯანას სიტყვებმა გადამავიწყა, - ფრთხილად იყავი, გზაზე ყურადღებით გადადი, ხომ იცი, რა ცუდი მოძრაობააო! - მარიგებდა ზემოდან და პირჯვარი რომ გადაიწერა, ყველა დარდი მომეხსნა გულიდან... აი, ეს მზრუნველობა და სითბო მაკარგვინებდა ჭკუას და მავიწყებდა ყველასა და ყველაფერს.
ლუნა