უტვინობის გამო დაკარგული სიყვარული

უტვინობის გამო დაკარგული სიყვარული

პირველად გწერთ. 37 წლის მამაკაცი ვარ და დღემდე ვერ ვაპატიე თავს, რომ მანანას სიყვარული არ ავუხსენი. მანანა ვინაა? ვინაა და ჩემი ყოფილი შეყვარებული. როდის მიყვარდა? არა, ბავშვობაში არა, სულ რამდენიმე წლის წინ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ საყვარლები ვიყავით მთელი 5 წელი. ის ქმარს გაცილებული იყო და შვილიც ჰყავდა. მშვენივრად ავაწყვეთ ურთიერთობა. მიყვარდა კიდეც, მაგრამ მამაკაცის ბუნება ხომ იცით... სულ იმას ვფიქრობდი - ამან რომ გაიგოს, როგორ მიყვარს, მერე პრეტენზიები გაუჩნდება, მოსვენებას დავკარგავ, ტვინს შემიჭამს, ამიტომ ჯობია, არ გავართულო საქმე-მეთქი. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მას ძალიან ვუყვარდი და ჩემი ერთგულიც იყო.

მარტო ვცხოვრობ. თუ მას საშუალება ჰქონდა, 2-3 დღეც კი რჩებოდა ჩემთან და როცა მიდიოდა, გული მწყდებოდა, მაგრამ არც ამას ვეუბნებოდი ხმამაღლა. თავი ისე მეჭირა, თითქოს სულ ერთი იყო. იმასაც ვგრძნოდი, რომ ამის გამო გული სწყდებოდა. ხშირად წამოიწყებდა ლაპარაკს ისეთ თემაზე, რაც მიმანიშნებდა, რომ სწორად ვიქცეოდი. ანუ მეკითხებოდა - მიყვარდა თუ არა, მენატრებოდა თუ არა, მის გარეშე გაძლება მიჭირდა თუ არა?.. მე "სასხვათაშორისო" პასუხებს ვცემდი და საუბარი სხვა თემაზე გადამქონდა. საქმე ის გახლდათ, რომ ცოლი არასოდეს მყოლია და გამუდმებით ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ მანანა მიყვარდა და ვიცოდი, კარგ ცოლობასაც გამიწევდა, მის ცოლად მოყვანას მაინც არ ვაპირებდი. ჯერ ერთი, შვილიან ქალზე დაქორწინება არ მინდოდა, მეორეც - ჩემი მშობლები სამუდამოდ მომიძულებდნენ ამის გამო...

სიმართლეს გეტყვით და იმ პერიოდში, სანამ მანანა ჩემი საყვარელი იყო, რამდენიმე გოგოზე უარი ვთქვი. მერჩივნა, მთლად უცოლოდ დავრჩენილიყავი, ვიდრე მანანა მომეყვანა ცოლად და თან მასთან განშორებაც მიმძიმდა. ვიცი, ამას რომ წაიკითხავენ, უამრავი ქალი გამკიცხავს, უგუნურს, შტერსა და უნამუსოს მიწოდებს, მაგრამ აღიარება ხომ ამსუბუქებს დანაშაულს და ყველას ვთხოვ, მომიტევოს. მოკლედ, ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ძალიან მომეწონა. ავწონ-დავწონე და მომეჩვენა, რომ სავსებით შესაფერისი კანდიდატურა იყო. აქეთ მშობლები მიწყალებდნენ გულს, ცოლი მოიყვანეო და იქით - მეგობრები. სურვილი მეც მქონდა... ნინოსთან შეხვედრები დავიწყე. როგორც ჩანს, მანანა რაღაცას მიხვდა (ქალები ხომ ინტუიციით ხვდებიან მამაკაცის ჩანაფიქრს) და ცოტა ხანში არასასიამოვნო სიურპრიზიც მომიწყო. ერთ საღამოს ჩვეულებრივად დავურეკე, - ჩემთან მოდი-მეთქი, უნდა მეთქვა. - აღარ დამირეკო, შენს ზარს ველოდი, რომ ეს მეთქვა, ახლა გავთიშავ ტელეფონს თუ არა, სხვა ნომერს ჩავრთავ და არასოდეს მომძებნოო. ჩემი პასუხისთვის აღარ დაუცდია, ტელეფონი გამორთო.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ნომერი აღარ ჩაურთავს. მერე მის დაქალს დავურეკე ამბის გასაგებად და შოკში ჩავვარდი, როცა მითხრა, რომ მანანა გათხოვდა და ზუსტად იმწუთას მისი ქმრის ოჯახში სუფრასთან იმყოფებოდა და ნეფე-პატარძალს ლოცავდა. ელდა მეცა... არ ველოდი ჩემი ერთგული მანანასგან ასეთ კვანტს... თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, იმწამსვე მივხვდი, რომ ვიღაც მამაკაცმა ჭკუით მაჯობა და ერთ-ერთ საუკეთესო ქალს დაეპატრონა... ტუჩი მოვიკვნიტე მაშინვე, მაგრამ რაღას ვუშველიდი ამ საქმეს? მე კი ნინოზე დავქორწინდი 3 თვეში და ზუსტად 1 წლის თავზე გავცილდით. მადლობა ღმერთს, შვილი არ გვყავს, თორემ ძალიან დავიტანჯებოდი, მისგან შორს თუ ვიქნებოდი. ამ ამბის მერე უკვე რამდენიმე წელი გავიდა. მანანა ნელ-ნელა დავივიწყე, აღარ მტანჯავს უმისობა, მაგრამ როცა ამ ამბავს ვიხსენებ, მაინც გული მტკივა. ჩემი ამბავი იმის ბრალი კი არ არის, სიყვარული რომ არ ავუხსენი, არამედ ჩემი უჭკუობის ბრალია.

პატივისცემით, უტვინო.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება