გიგა ლორთქიფანიძე ვაჟა-ფშაველას უკანასკნელ ცოლს იცნობდა

გიგა ლორთქიფანიძე ვაჟა-ფშაველას უკანასკნელ ცოლს იცნობდა

კინოსთან შეხებამ ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში მოუწია, როდესაც ლეო ესაკია "შაქირს" იღებდა. პატარა ბიჭს ეპიზოდური როლი მისცეს, ხის სათამაშო ცხენზე იჯდა და მღეროდა. ალბათ კინოსადმი სიყვარული სწორედ მაშინ გაჩნდა. მოგვიანებით რეჟისორის პროფესიას დაუფლებული, სხვადასხვა წელს რამდენიმე თეატრში მუშაობდა. თეატრში ევროპულ პიესებსაც დგამდა და კლასიკასაც, მაგრამ უპირატესობას მაინც ქართულ ლიტერატურასა და დრამატურგიას ანიჭებდა. პარალელურად ქართული კინოს ისტორიაში თავისი წვლილი შეჰქონდა და მისი ფილმების საშუალებით საქართველოს კინოწარმოება არაერთ ქვეყანაში ითქვამდა სახელს. მიუხედავად იმისა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს. მასთან სახლში მისულმა მითხრა, ცოტა ხანში ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია უნდა მესტუმრონო. საუბარი რამდენიმე წუთის დაწყებული გვქონდა, როცა კარზე ზარი გაისმა. სტუმრები მისაღებ ოთახში გველოდნენ, სანამ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე გვესაუბრებოდა...

- დედა ძალიან განათლებული და წიგნიერი ქალი იყო. დღე და ღამე კითხულობდა. არ მახსოვს ხელში წიგნის გარეშე. მე ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვიყავი, არასოდეს ვყოფილვარ შინ ჩაკეტილი. ქუჩაში გასული ვთამაშობდი ფეხბურთს, დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი. მოკლედ, არაფერი იყო ჩემთვის უცხო, რაც მაშინდელ ბავშვებს ახასიათებდა. თუმცა, წიგნის კითხვა ყოველთვის მიყვარდა.

ერთ ფსიქოლოგიურ მომენტზე მინდა შევჩერდე. ქუჩაში ბიჭებთან ერთად როცა ვიყავი, მაშინაც სულ მახსოვდა, რომ შინ წიგნში ერთ-ერთ ადგილას ფურცელი მქონდა გადაკეცილი და სახლში რომ დავბრუნდებოდი, კითხვა უნდა გამეგრძელებინა.

რა თქმა უნდა, პირველი პერიოდი გასართობ, სათავგადასავლო ლიტერატურას ვკითხულობდი. მომწონდა ისეთი წიგნებიც, სადაც მოვლენათა განვითარებას დეტექტიური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ვაჟა-ფშაველა. რაც მე ხელში წიგნი ავიღე, მას შემდეგ ჩემეული შეხედულება მაქვს ვაჟაზე, როგორც გენიოსზე. ამ სიმაღლის პოეტი და შემოქმედი მსოფლიო ლიტერატურაში არ წამიკითხავს. ვაჟა ფანატიკურად მიყვარს, რადგან მასში ქართულ სულს ვგრძნობ. არსებული მოსაზრების მიხედვით, ის ხალხურ პოეტად მოიაზრება, მაგრამ ვისაც წაკითხული აქვს ვაჟა-ფშაველას ფილოსოფიური წერილები, დარწმუნდებოდა, რომ ვაჟა უაღრესად განათლებული და მოაზროვნე კაცია. მისი ნაწარმოებები ყოველთვის განმსჭვალულია საოცარი ობიექტურობით. იმავდროულად ის არ არის ნაციონალურად შეზღუდული ადამიანი. მისთვის ერთნაირად საყვარელია როგორც მშობლიური სისხლის, ისე მოწინააღმდეგე პიროვნება. მისი ფიქრები და ტკივილი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ვაჟას ძალა პოეზიასა და მის პოეტურობაშია. ის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, როგორც უდიდესი პოეტი და დიდი მოაზროვნე. ის საოცრად ობიექტური იყო და არ მიაჩნდა, რომ არსებობს ცუდი და კარგი კაცი. მიაჩნდა, რომ ადამიანს ყველა თვისებიდან გამომდინარე უნდა გაუგო. მგონია, რომ ვაჟა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და "გახსნილი" ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მიერ. ვაჟა-ფშაველა ჩვენი ჰომეროსია. მგონი, ის ყოველთვის უსწრებდა თავისი დროის ლიტერატურულ და ფილოსოფიურ აზროვნებას.

სხვათა შორის, მე კარგად ვიცნობდი ვაჟა-ფშაველას უკანასკნელ ცოლს. თამარი ძალიან ახალგაზრდა შეირთო ვაჟამ და მე ის სერგო ზაქარიაძემ გამაცნო. სერგო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო. მაშინ მე ვაჟას სამშობლო ჩარგალში ნამყოფი არ ვიყავი და პირველად იქ სერგომ წამიყვანა. ვაჟას დასამუშავებელი მიწა სახლიდან ძალიან შორს ჰქონდა, ყანამდე მისაღწევად მთელი ღამე უნდა ევლოთ. ერთხელ თამარს უთქვამს, ლუკა, წავიდეთ, მიწას მივხედოთ, თორემ მოსავლის გარეშე დავრჩებითო. დაღამდება თუ არა, წავიდეთ, რომ გამთენიისას იქ ვიყოთ და მუშაობას შევუდგეთო, - უპასუხა თურმე. ასეც მოქცეულან. გარიჟრაჟზე მუშაობა დაუწყიათ, მაგრამ ვაჟა მალევე გაჩერებულა, თოხზე დაყრდნობილი გატრუნული მდგარა, ბუნების გაღვიძებას, ჩიტების ჭიკჭიკს და "გათენებას უსმენდა". მერე უცებ თოხი გვერდით მიაგდო და დაღმართზე სირბილით დაეშვა. მისმა ცოლმა თქვა, ვეძახდი, მაგრამ არ მობრუნებულა. რაღა მექნა, მთელი დღის განმავლობაში მარტო ვიმუშავე და როცა შინ დავბრუნდი, ის ცეცხლთან იჯდა და წერდა. საჭმელი შევთავაზე, მაგრამ ხელი ამიქნია, თავი დამანებეო. ძალიან დაღლილი ვიყავი, ვჭამე და დავიძინე. დილით, როცა გავიღვიძე, ვაჟა იმავე ადგილას დამხვდა და წერდა. ლუკა, აღარა გშია-მეთქი? - მივმართე, მაგრამ ისევ გამაჩუმა, - დამაცა, ქალო, დამაცაო. მერე ადგა, ნაწერები დადო და გარეთ გავიდა. ლუკას ჩვევად ჰქონია, როცა რომელიმე ნაწარმოების წერას დაამთავრებდა, ერთი კვირა ან ათი დღე სახლიდან მიდიოდა და იკარგებოდა. როგორც ჩანს, იმ დროს მარტო დარჩენა სურდა და ნაწერს აანალიზებდა. როცა ვაჟას მეუღლე იმ ნაწერებთან მისულა, "სტუმარ-მასპინძელი" დახვედრია. ვკითხულობდი და ვტიროდიო, - გვიყვებოდა ის ქალი. შეიძლება, მან პოემა ბოლომდე ვერ გაიგო, მაგრამ ტრაგიკულად აღიქვა მთავარი აზრი და განიცადა.

- თანამედროვე ავტორებზეც გკითხავთ. არაერთს პირადად იცნობდით და იცნობთ. რაც შეეხება ახალ თაობას, თუ ადევნებთ თვალს მათ შემოქმედებას?

- ბოლო პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებს არ ვკითხულობ, რადგან რაც წამიკითხავს, არ მომწონებია. ჩემთვის დასრულებულია ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ის დიდი ეტაპი, რომელიც წლების წინ იყო. მგონია, რომ ახალგაზრდების მიერ შექმნილი ლიტერატურა დროს ემსახურება, შემოქმედებაში გარეულია პოლიტიკა და მსგავსი უაზრობები. ბოლო პოეტი, რომელიც ჩემს დიდ ინტერესს იმსახურებდა, მურმან ლებანიძე იყო. გასაოცარი კაცი გახლდათ და მგონია, რომ მის აზროვნებაში ბევრი რამ იყო ვაჟასეული. ილიაც მიყვარდა, აკაკიც, ბავშვობაში ალექსანდრე ყაზბეგითაც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ვაჟას გვერდით ვერავის დავაყენებ. ამდენი ხნის კაცი და რეჟისორი ვარ, 160 სპექტაკლი მაქვს დადგმული და მოგეხსენებათ, რამდენი ფილმი გადაღებული, მაგრამ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის ხელის ხლება ვერასოდეს გავბედე, რადგან ის მე ზეადამიანი მგონია.

- პოეტებს შორის მურმან ლებანიძე გამოარჩიეთ და რაც შეეხება პროზაიკოსებს, მათგან ვის გამოყოფთ?

- ჭაბუა ამირეჯიბს, რომელიც ჩემთვის საოცარი მწერალია. როგორც თავად შეესწარით, ახლა მესტუმრნენ ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი და მისი მეუღლე გურანდა გაბუნია. მათ გვერდით მთელი ცხოვრება გავატარე. ოთარს არაერთ ჩემს სპექტაკლში უთამაშია და ჩემს ფილმში "დათა თუთაშხია" ფანტასტიკურად შეასრულა მთავარი როლი. ჩემთვის ეს არის მსახიობის იდეალი.

საერთოდ, ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, ძალიან დიდ მწერლებს შევხებოდი. დადგმული მაქვს პოლიკარპე კაკაბაძის, ნოდარ დუმბაძის და სხვა არაერთი ავტორის ნაწარმოებები. ნოდარი ჩემი უსაყვარლესი ძმა და მეგობარი იყო. მე და ნოდარი ერთ უბანში ვცხოვრობდით და ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ნოდარს უკავშირდება მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ბედიც თითქმის საერთო გვქონდა - ორივეს რეპრესირებული მშობლები გვყავდა. საბედნიეროდ, თუ შეიძლება, ეს ბედნიერება იყოს, დედაჩემი არ დაუპატიმრებიათ, მხოლოდ მამა. თავდაპირველად მამაჩემის დასაპატიმრებლად რომ მოვიდნენ, ის უკვე წასული იყო სახლიდან, რადგან წინასწარ ხვდებოდა, მასაც მოაკითხავდნენ. 6-7 თვის განმავლობაში დედას ყოველდღე იბარებდნენ "კაგებეში" და ეკითხებოდნენ სად იყო მისი ქმარი. დედა ატყუებდა, ერთმანეთს დაშორებულები ვართ და მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი ვიციო. მამა დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაიჭირეს. ჩვენ საშინელ 1937 წელს მოსწრებული თაობა, ერთი ბედის ბავშვები ვიყავით. თქვენთვის ალბათ ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 1937 წელს, უკვე 10 წლის ასაკში, კარგად მახსოვს, როცა ქუჩაში მანქანის ხმა გვესმოდა, ყველა დაძაბული როგორ ელოდა, სად გაჩერდებოდა ის და ვისი ოჯახის კარზე დააკაკუნებდნენ...

ერთხელაც ნოდარმა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ხელნაწერი წასაკითხად მომცა. მაშინ ქეთინო ცოლად ახალი შერთული მყავდა, ჩემი და მარიკა კი უკვე ცალკე იყო გადასული. მე და ქეთინო დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდით. კითხვა რომ დავიწყე, არ გავჩერებულვარ, მთელი ღამე ვტიროდი და თან ვიცინოდი. წარმოუდგენელია, ერთი წიგნის კითხვის დროს თან ტიროდე და თან იცინოდე, ამიტომ ორივეს უფიქრია, ეტყობა, გააფრინა ამ კაცმაო. დილით კითხვა რომ დავამთავრე, ქეთინო დაინტერესდა, რას ვკითხულობდი. ვუთხარი, ასე ცხოვრებაში პირველად დამემართა და ეს რომ არ დავდგა, მოვკვდები-მეთქი. ქეთინომ ხელნაწერი რომ წაიკითხა, მითხრა, ბრწყინვალე ნაწარმოებია, მაგრამ სცენაზე ეს როგორ უნდა განახორციელოო. მაშინ მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი და როდესაც იქ ვთქვი ამ ნაწარმოების დადგმის შესახებ, იფიქრეს, გიგამ გააფრინა, ამის სცენაზე განხორციელება როგორ მოხერხდებაო. მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია და მუშაობა მაინც დავიწყე. ჩემი ერთ-ერთი პირველი დიდი გამარჯვება სწორედ სპექტაკლმა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონმა" მომიტანა. მასში საოცრადაა გადმოცემული ქართველი ადამიანების ბუნება და ბავშვის ფსიქოლოგია. თან, მე მქონდა ბედნიერება, წიგნის პერსონაჟები პირადად გამეცნო. გურიაში ვიყავი და ამ წიგნიდან "ნამდვილი ადამიანები" გავიცანი. ისინი სიყვარულს იუმორით გამოხატავდნენ. ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფინალის გარდა იქ ერთი წუთითაც კი არ ჩანს სენტიმენტალიზმი. ფინალი ტრაგიკულია და სპექტაკლზე მუშაობის განმავლობაში, სულ ვფიქრობდი, ის როგორ დამედგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი სპექტაკლი სიცილი და ხორხოცი იქნებოდა, მაგრამ ფინალში ბებიის სიკვდილის სცენაა და ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. ფინალის რეპეტიციებს არ გავდიოდი და თან, გენიალური ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილიც სულ მთხოვდა, სპექტაკლის იმ ნაწილის რეპეტიციები მომავლისთვის გადაგვედო. როგორც ჩანს, სესილია შინაგანად მზად არ იყო, ზღვა იუმორის შემდეგ ტრაგიკული წუთები ეთამაშა. ერთ დღესაც მითხრა, ხვალ ფინალის რეპეტიცია გავიაროთო. სიკვდილის სცენას წინ უძღვის პატარა ეპიზოდი: ბებია წევს, ზურიკელა შემორბის, ილიკო და ილარიონი ეუბნებიან, რომ ბებია ცუდადაა და შვილიშვილი მომაკვდავთან შედის. სესილია თაყაიშვილი სპექტაკლის რეპეტიციებს ჯვალოს კაბით გადიოდა და ერთხელ მითხრა, "ტრუსიკი" გამოვიცვალე და ნიფხავი ჩავიცვი. ბებიას არ შეიძლება, "ტრუსიკი" ეცვას, ნიფხავს უნდა ატარებდესო. ზემოხსენებული სცენა რომ გავიარეთ და სესილიას დავუძახეთ, მოხდა სასწაული. საგრიმიოროდან გამოსულ სესილიას თეთრი პერანგი ეცვა, ანგელოზივით იყო. დაწვა საწოლზე და ისე გაიარა რეპეტიცია, ერთი არ დაუკვნესია, ხუმრობაში გაატარა ის წუთები და ბოლოს ილიკო და ილარიონი ოთახიდან "გაყარა", დამტიეთ მარტო ჩემს ზურიკელასთანო. მერე წარმოთქვა სიტყები, ღმერთო ძლიერო, შენ მოუმართე ხელი ჩემს ზურიკელას (თვალზე ცრემლი ერევა, - ავტ).

- ბატონო გიგა, დარწმუნებული ვარ, არაერთი ნაწარმოების კითხვისას გიტირიათ...

- როგორ არ მიტირია, საერთოდ, მე ცრემლიანი კაცი ვარ, ახლაც ცრემლები მაქვს თვალებზე მომდგარი. სხვათა შორის, ყველაზე ძალიან ნოდარში ის მიყვარს, რომ ცრემლი და იუმორი ერთადაა. მის ყველა ნაწარმოებში ერთმანეთს ლირიზმი და იუმორი ენაცვლება. ნოდარის შემოქმედებაზე დღემდე შეყვარებული ვარ და მისი არაერთი ნაწარმოები მაქვს დადგმული: თბილისში, რუსთავში, მოსკოვში, ბულგარეთში. ჩემს შემოქმედებით გზაზე უდიდესი გავლენა მოახდინა პოლიკარპე კაკაბაძემ. მე მისი "ყვარყვარე თუთაბერი" არ დამიდგამს, მაგრამ დავდგი ფანტასტიკური ნაწარმოები "კახაბერის ხმალი" და მიმაჩნია, რომ ჩემი ერთ-ერთი საინტერესო სპექტაკლია. როგორც ჩანს, ჩემში ბუნებრივად იყო მოთხოვნილება, ერთმანეთთან შეთავსებული სერიოზული თემა და იუმორი მეკითხა და დამედგა. უბრალოდ სიცილი არასოდეს მაკმაყოფილებდა, არც მხოლოდ დრამატული თემა.

- დასასრულ ისიც მითხარით, რის წაკითხვას ურჩევთ ახალგაზრდობას?

- იცით რა, შეიძლება, ეს შეზღუდულობად ჩამომართვათ, მაგრამ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, მშობლიური ლიტერატურა უყვარდეთ. ჩვენი ლიტერატურა ისეთი მდიდარია, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ ერს გვერდით თამამად დავუდგეთ. ვგიჟდები რუსულ ლიტერატურაზე, ჩემთვის უსაყვარლესი მწერლები არიან დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი, მაგრამ ქართულ ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი, ძალა აქვს და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, იკითხონ ქართველი ავტორების შემოქმედება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს