ცესკო-ში "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის გოჩა ჯოჯუას მისვლას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ჟურნალისტებმა გოჩა ჯოჯუა ალყაში მოაქციეს და მოსთხოვეს განემარტა, რა მოტივით დაუჭირა მხარი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების უფლების შეზღუდვას. აქციის ერთ-ერთი მონაწილის მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუჭირა მხარი "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მხარი მედიის შეზღუდვას მაშინ, როდესაც თავად პარტიაში ამდენი ყოფილი ჟურნალისტია.
ჟურნალისტებმა გოჩა ჯოჯუას მოსთხოვეს, ცესკო-ში ამ დადგენილების გაუქმების საკითხი დააყენოს. საპასუხოდ ჯოჯუა აცხადებდა, რომ დადგენილების ამ ფორმით მიღებამ მედიასა და დამკვირვებლებს "სარგებელი" მოუტანა. ჯოჯუას თქმით, სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა, რომ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება შენარჩუნდა.
პროტესტი ჯოჯუას მისამართით "როიტერის ჟურნალისტმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართული ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, მას მხოლოდ ორი კამერა აქვს და შესაბამისად, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იმუშაოს და მოამზადოს მასალა, თუ უბნიდან გამოსვლის შემდეგ მის ოპერატორს უბანში დაბრუნების და გადაღების საშუალებას აღარ მისცემენ. ამ კითხვებზე გოჩა ჯოჯუას პასუხი არ აქვს, თუმცა იგი ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ იგი ცესკო-დან ცოტა ხანში გამოვა და მათთვის პასუხს გამოიტანს.
გოჩა ჯოჯუა ცესკო-ს შენობაში სტვენით შეაცილეს.
იხილეთ ვიდეო: ჟურნალისტები ცესკო-ში "ქდმ"-ს წევრ გოჩა ჯოჯუას მისვლას სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ