გიორგი ჭანტურია თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ გააღიზიანა

გიორგი ჭანტურია თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ გააღიზიანა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილთან მედიის შეხვედრაზე რადიო "პალიტრის" წარმომადგენლის კითხვამ გააღიზიანა და მას მხარე უწოდა.

გიორგი ჭანტურიას უკმაყოფილება თამარ ცაგარეიშვილის კითხვამ გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი.

როგორც თამარ ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საკუთარ თავს ამ კითხვის დასმის უფლებას არ მისცემდა, შეხვედრაზე მაუწყებლის წარმომდაგენლებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებსაც მისი ვარაუდით, არხის ბედი შესაძლოა, არანაკლებ აღელვებთ.

შეკითხვამ გიორგი ჭანტურია გააღიზიანა და აღნიშნა, რომ რადიო "პალიტრისგან" შენიშვნას ვერ მიიღებს, რადგან "ის მხარეა", რამაც შეხვედრაზე მყოფი მედიასახლ "პალიტრის" წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

საკუთარი სიტყვების არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი რეიტინგი დაასახელა, რომელშიც მისი თქმით, "პალიტრა" "ყველაზე მიკერძოებულ რადიოდ არის წარმოდგენილი".

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ჭანტურიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკისთვის გამიზნულ შეკრებად" ჩათვალა და პროტესტის ნიშნად შეხვედრა ხმაურით დატოვა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამარ ცაგარეიშვილმა კითხვის დასმის მოტივზეც ისაუბრა და აღნიშნა: "როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, რომელთა ჯიბიდანაც ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეც განსაკუთრებით მაინტერესებს იმ ტელევიზიის მომავალი, რომელმაც სრულიად მიკერძოებულად გააშუქა სასჯელაღსრულების სისტემის პრობლემები. ამ საკითხით დაინტერესების უფლებას სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობის 25 წელიც მაძლევს".

რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლით" გაშუქდა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა მოიშველია, ამ შედეგებით, რადიო "პალიტრა" პოლიტიკური სუბიექტების ნეიტრალური გაშუქების ტონით ერთ-ერთი ლიდერია.

კვლევის თანახმად, რადიო "პალიტრის" ეთერში კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობა ნეიტრალურად 92%-ით გაშუქდა, მთავრობის - 85%-ით, პრეზიდენტის - 80%-ით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" - 94%-ით, "ნაციონალური მოძრაობის" - 87%-ით, ხოლო პარლამენტის - 95%-ით.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები