გამარჯობა. ახლა ერთ სევდიან ამბავს მინდა მოგიყვეთ და ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდეთ. ჩემთან, ვერონაზე ერთი კახელი ნაზი მუშაობდა. ის ძალიან წყნარი და კეთილშობილი ქალი იყო. 7 წელი საბერძნეთში მუშაობდა, დასვენების გარეშე. კვირასაც კი ლოგინად ჩავარდნილ ქალს უვლიდა. ერთხელ მითხრა - სანამ საქართველოში წავალ, მთელ საბერძნეთს დავათვალიერებო. ერთხელ 3 კვირის განმავლობაში არ გამოჩნდა და სახლში მივაკითხე (ოჯახში, სადაც მუშაობდა). იქ მითხრეს, ნაზი სამშობლოში წავიდაო.
გული დამწყდა, რომ არ გამიმხილა და არ დამემშვიდობა. გუშინ კი გავიგე, რომ თურმე ექიმებმა ნაზის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ წავიდა, იქ კი თავის გარემონტებულ სახლში მხოლოდ ერთი თვე იცოცხლა. ნათელში იყოს მისი ლამაზი სული. მე კი აქ მომუშავე ქალებს მინდა მივმართო: დაისვენეთ კვირას, რამეთუ უფალმა 6 დღეში შექმნა სამყარო და მე-7 დღეს დაისვენა. თქვენც იმსახურებთ, ერთი დღე იყოთ თავისუფალი. იქნებ ნაზი ასე რომ არ ჩაკეტილიყო სახლში, დღეს ცოცხალი ყოფილიყო? ღმერთო, ყველას მიეცი ჯანმრთელობა და გაძლება, ამ უცხო ქვეყანაში.
ატირებული გერასიმე.