გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"

გოგი ჭიჭინაძე: "თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს"

კითხვა ოთხი წლისამ დაიწყო და წიგნი დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია. იყო დრო, როცა წიგნი მუსიკაზე მეტადაც კი უყვარდა... რუბრიკის სტუმარია ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.

- დღეს რასაც საზოგადოებაში ვხედავ, სავალალოა. მყავს სტუდენტები, ვხვდები მეგობრების შვილებს - მათი დიდი ნაწილი უწიგნურია. საბჭოთა კავშირში იყო სისტემა, რომელიც გაიძულებდა, წაგეკითხა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოჯახი წიგნიერებით ვერ დაიკვეხნიდა, ბავშვს საშუალება ჰქონდა, განათლება მიეღო. მეტიც - მოვალეობაც კი ეკისრა. დღეს ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცდილობენ, წიგნიერების ნაკლებობა კომპიუტერით აინაზღაურონ. ჩეხოვის რამე წაგიკითხავს-მეთქი? - ვკითხავ სტუდენტს და აღმოჩნდება, რომ არ წაუკითხავს. წავა, "ვიკიპედიაში" იპოვის ინფორმაციას და ასე მოამზადებს მასალას. დღეს "ვიკიპედიის" დონეზე ეზიარებიან ლიტერატურულ შედევრებს. ამბობენ, რომ ეს დრომ მოიტანა, რომ ადამიანს პროფესიის გარდა არაფრის ცოდნა არ მოეთხოვება... ყოველივე ეს აშრობს ადამიანის სულიერებას.

როგორც ჯდომის კულტურას ვასწავლით ბავშვს, ჭამის კულტურას, ესთეტიკის ნორმებს, რატომ არ შეიძლება, წიგნის კითხვის კულტურასაც ასევე ვაზიაროთ?

ოთხი წლისა ვიყავი, წიგნი რომ შემიყვარდა. წიგნებზე ვგიჟდებოდი. უკიდეგანო ფანტაზია მქონდა და წიგნი ჩემთვის ყველაფერი იყო, ხშირად მუსიკასაც კი მერჩივნა. მეექვსე კლასში ასეთი რამ მოვიფიქრე: ჩემ მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მაგნიტოფონზე ჩავიწერე, მერე ამ ჩანაწერს ვრთავდი და მშობლებს ვატყუებდი, ვმეცადინეობ-მეთქი, სინამდვილეში კი წიგნს ვკითხულობდი.

თხუთმეტი წლის ვიყავი, შტეფან ცვაიგის ნოველებმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება რომ მოახდინა. ღამეები არ მეძინა, ვტიროდი, ვოცნებობდი...

- საყვარელი გმირი გყავდათ?

- ძალიან ბევრი. ბავშვობაში ხან დ"არტანიანი ვიყავი, ხან ათოსი. "მიბრძოლია" კიდეც "დაშნით". რამეს რომ წავიკითხავდი, მერე ქუჩაში ვდგამდი, ველოსიპედი ცხენი იყო და ასე... წიგნმა, ლიტერატურამ, ხელოვნებამ მოაზროვნე ახალგაზრდას შეიძლება ძალიან ბევრი მისცეს. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ნურავინ იტყვის, რომ წიგნი და რეალური ცხოვრება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

თორმეტი წლისას მარკ ტვენი, დიუმა გადაკითხული მქონდა. მერე შოდერლო დე ლაკლოს "სახიფათო კავშირებმა" გამიტაცა. ეროტიზმით გაჟღენთილი ბრწყინვალე რომანი იყო და ჩუმად ვკითხულობდი - ღამით საწოლის ქვეშ ვმალავდი ხოლმე. დილით რომ ვიღვიძებდი, ჰერმან მელვილი ან სხვა, ჩემი ასაკისთვის შესაფერისი ლიტერატურა მხვდებოდა. დედაჩემი ამ მხრივ დიდ ყურადღებას მაქცევდა.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რომელ ავტორს მოუხდენია?

- ბავშვობიდან ძალიან მეძვირფასება "დათა თუთაშხია", რომელიც მოვლენად მიმაჩნია ქართულ ლიტერატურაში. რუსეთში ვიზრდებოდი და საქართველო ძალიან მენატრებოდა. ამასთანავე, ჩვენი სახლი ქართველი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. მახსოვს, ჭაბუა ამირეჯიბიც ხშირად გვსტუმრობდა. საოცარი სანახავი იყო, რომ შემოვიდოდა ეს ულამაზესი კაცი, ტყავის ქურთუკით, სვანური ქუდით და თამბაქოს განსაკუთებული სურნელით... მათ საუბარს ყოველთვის დიდი ინტერესით ვუგდებდი ყურს...

ძალიან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე. პატივს ვცემ ჩვენს ყველა დიდ მწერალს: კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილს, გრიგოლ რობაქიძეს... მიყვარს ყველა ქართველი პოეტი, მაგრამ გალაკტიონი ჩემს სულში ცხოვრობს.

- წიგნი და მუსიკა...

- გენიალურ პოეტად მიმაჩნია მარინა ცვეტაევა. საოცარი ბგერწერა აქვს. მაგრამ პოეზიას თავისთავადი მუსიკა ახლავს. რა თქმა უნდა, არსებობს შედევრები, რომლებზეც არაერთი მუსიკალური ნაწარმოები დაწერილა. მაგალითად, პუშკინის ლექსებზე შესანიშნავი მუსიკა დაწერა ჩაიკოვსკიმ...

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თუ ეცნობით?

- ამაში მოვიკოჭლებ. ერთადერთი, მაკა მიქელაძის პოეზიასა და პროზას ვიცნობ, ესეც იმიტომ, რომ ჩემი ბიძაშვილია და ძალაუნებურად ვკითხულობ, თუმცა იმიტომ კი არ მომწონს, რომ ჩემი ახლობელია - მართლაც საინტერესო შემოქმედია.

- დღეს დაფასებულია წიგნიერება?

- საქართველოში ინტელიგენცია არ არსებობს. აითქვიფა და აირია ყველაფერი. იდეათა ნიველირება მოხდა და სრულიად ახალი ხალხი გამოვიდა ასპარეზზე. არანაირი დაფასება მათ არა აქვთ... სახელმწიფოსგან ჩვენი ყველაზე დიდი დაფასება ის იქნება, თავი დაგვანებონ და მუშაობის საშუალება მოგვცენ, რომ ეს გაუბედურებული ხალხი რაღაცით მაინც გავახაროთ. დღეს ხელოვნება პოლიტიზებულია, რაც უდიდესი ტრაგედიაა.

- ჩვენი სინამდვილე რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- მალერს და შოსტაკოვიჩს აქვთ ფანტასტიკური ნაწყვეტები სიმფონიიდან, ტკივილითა და სარკაზმით სავსე. მათში აღწერილია პროვინციული სული თავისი მტრული შინაგანი მდგომარეობით, აღწერილია ბოღმა, ვულგარობა... გამუდმებით ჩამესმის ტკივილითა და სარკაზმით სავსე მუსიკა.

- წიგნიერების ნაკლებობას პოლიტიკაშიც ხედავთ?

- ეჭვი არ მეპარება, ბევრ ჩვენს პოლიტიკოსს, რომელსაც ინტელექტუალობაზე აქვთ პრეტენზია, უამრავი რამ წაუკითხავს, მაგრამ ასეთ ხალხს განათლებულს კი არა, ინფორმირებულს ვეძახი, ამ ინფორმაციას კი გადაუმუშავებლად გვაწვდიან როგორც რიტორიკას - ბოლო წლებია, პოლიტიკოსებისგან დემაგოგიის მეტი არაფერი გვესმის. განათლებული ადამიანი ამ "ინფორმაციას" საკუთარ სულში ატარებს, იმით ფეხმძიმდება, იმით მდიდრდება და ნათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის განათლებული ვერ იქნება. თუ გუშინ დოსტოევსკის კითხულობდი და დღეს ვიღაც მოკალი ან აწამე, განათლებულს ვერავინ გიწოდებს.

- რის წაკითხვას გვირჩევს გოგი ჭიჭინაძე?

- წავიკითხოთ, თუნდაც შექსპირი, კნუტ ჰამსუნი - ამ მწერლებს შეუძლიათ, ჩვენს სულებში ახალი სამყარო გვაპოვნინონ. ისინი წუთისოფლის სარკეები იყვნენ. მოდი, ხშირად ჩავიხედოთ ამ სარკეში...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს