დედის ბრალია

დედის ბრალია

"ძალა რომ მოვიდა, სამართალი კარში გავიდაო", - ასეა, სადაც ძალაა, ვერაფერს გახდები და ასე უსამართლოდ მოექცა ცხოვრება ჩემს ნათესავსაც. უჩვეულო გარეგნობის ბიჭია ბექა, - ქერა, ცისფერთვალება... 25 წლის იყო, სალომე რომ შეუყვარდა. გოგოსაც ძალიან უყვარდა და მის მშობლებსაც მზე და მთვარე ამოსდიოდათ ბიჭზე. შინ ეპატიჟებოდნენ, თან ჰყვებოდნენ, ეფერებოდნენ, სასიძოდ მიიჩნევდნენ, მაგრამ როცა ეს ამბავი ბექას დედამ გაიგო, საპატარძლო დაიწუნა - დაბალია, შვილო, შენ არ შეგეფერებაო. ასე თუ ისე, სალომეს დააცილეს და ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ბექამ ცოლი მოიყვანა (ამჯერად - მაღალი). უყვარდა ცოლი. ნანა კი დედამთილს ვერ შეეგუა და მარტოხელა დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. ბექასაც სხვა გზა არ ჰქონდა და ეპიტნავებოდა თუ არა სიდედრის ყურება, საცხოვრებლად მასთან გადავიდა.

მას შემდეგ ყველაფერი აირია და უკუღმა დატრიალდა ბექასთვის... ცოლი მაშინ იღებდა, როცა ფული მიჰქონდა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ ჩაულაგა ტანისამოსი და გარეთ გამოულაგა. სმას მოუხშირა ბექამ, მერე საყვარელიც გაიჩინა და ფულის მოპარვასაც მიჰყო ხელი, მაგრამ ამხილეს და დაიჭირეს. მშობლებმა ფული გადაიხადეს, გაათავისუფლეს, მაგრამ იმის მერე ორმაგად აიწეწა მისი ცხოვრება... ერთი ჭიქა არყის გამო რას არ გაიღებდა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მას იგდებდა აბუჩად. ბექამ მუშაობა დაიწყო ხელოსნად მამამისთან ერთად და ხელფასს რომ აიღებდა, სასმელს ყიდულობდა, დანარჩენ ფულს კი კარგავდა ან ჰპარავდნენ. ბექას დედამ მთხოვა, როცა მათთან სტუმრად ვიყავი - იქნებ სადმე ნახო ბექა და სახლამდე მიაცილო, მთვრალი ყოფილაო. უბანში ვერსად ვნახე, ვიფიქრე, იქნებ ცოლთან წავიდა-მეთქი და იქით გავეშურე, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. მიწა გამსკდომოდა იმის დანახვას, რაც დავინახე...

სასმლისაგან გონებადაკარგული ბექა ცოლის ბინის წინ იჯდა, თავი ჰქონდა ჩაქინდრული და ლუდის ბოთლებით თამაშობდა, პატარა ბავშვივით... მეზობლის ქალები კი იქვე იყვნენ და დასცინოდნენ. მიცნო. ვთხოვე, წამომყოლოდა. ძლივძლივობით მივიყვანე დედამისთან. - გშია? - ჰკითხა მარინამ შვილს. თავი დაუქნია ბექამ მორცხვად, თითქოს დედამისი არც ყოფილიყო და საჭმელი თვალის დახამხამებაში გადასანსლა. მერე არც აუწევია თავი, თქვა - მივდივარო და წავიდა. გავყევი. ნუ გამომყვებიო, მითხრა და ბარბაცით დაუყვა კიბის საფეხურებს. ფეხის ხმა რომ შეწყდა, ჩუმად გავხედე, კიბეზე დამჯდარიყო, თავი ხელებში ჩაერგო და ზლუქუნებდა.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება