ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტელეკომპანია "იმედი" ძირითადად, საინფორმაციო ფორმატზე გადასვლას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "იმედი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა, მსოფლიოს აჩვენა დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი. როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომსწრენი ვართ ხელისუფლების დემოკრატიული, არჩევნების წესით, მშვიდობიანი და თავისუფალი ტრანზიციისა. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პირველად უთმობს ხელისუფლებას ოპოზიციას - ხალხის მიერ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანის შედეგად.

ჩვენ, იმედის ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით.

აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველო წარმატებით მიმდინარეობს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება.

ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია "იმედის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - რომ ისევე როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოვებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას.

ახლა, ტელეკომპანია იმედის, ისევე, როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია - დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს.

იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალ მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები