"ვარდენის ევოლუცია" - იუმორით გაჯერებული მწარე რეალობა

"ვარდენის ევოლუცია" - იუმორით გაჯერებული მწარე რეალობა

სერიალი "ვარდენის ევოლუცია" რამდენიმე კვირაა, რაც ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში გადის და უკვე საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. მასში მთავარ როლებს საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები ასრულებენ: გივი და ზურა ბერიკაშვილები, ჯემალ ღაღანიძე, დავით დვალიშვილი, გოგა პიპინაშვილი, გურამ ფირცხალავა, ალეკო მახარობლიშვილი, ბერტა ხაფავა, ნინო ბურდული და ა.შ. ვარდენის როლში - როლანდ ოქროპირიძეა. ასევე, სერიალში მონაწილეობენ ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრის ის ყოფილი მსახიობები, რომლებიც სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ დაითხოვეს...

სერიალის რეჟისორი და სცენარის ავტორი, მსახიობი და მწერალი - კახა სულუაშვილი (ავტორია რომანებისა - "თბილისს ვტოვებ ალიონზე", "როცა ერთაწმინდაში თოვს", "ლახტის პრინციპი" და "სეკუნდანტი") ამბობს, რომ "ვარდენის ევოლუციაზე" მუშაობისკენ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ უბიძგა.

- რატომ გადაწყვიტეთ ასეთი ტიპის სერიალის გადაღება?

- როდესაც ქვეყანა მძიმე სიტუაციაშია და ჭაობიდან ამოსვლის შანსი ჩნდება, შენც გინდება, ამ საქმეში წვლილი შეიტანო. საქართველოს საზღვარს მტერი რომ მოადგა, ორივე ომის დროს იარაღი ავიღე ხელში, მაგრამ ქართველს ვერ ვესვრი (ღმერთმა დაგვიფაროს ყველა მსგავსი დაპირისპირებისგან)... როგორც მსახიობსა და მწერალს, უშიშროების აკადემიაში სწავლისას, პატარ-პატარა ფილმებიც მქონდა გადაღებული. ახლა ჩემი მთავარი მიზანი არა სცენარის გაკეთება, არამედ ის იყო, რომ ჩემთან ერთად სასცენარო ჯგუფს ემუშავა, მომეწვია ის მსახიობები, რომელთაც ღირსება არ გაუყიდიათ; ყველაზე მეტად იმ ადამიანების დასაქმება მინდოდა, რომლებიც თეატრიდან უსამართლოდ გამოყარეს, მათ შორის არიან: ოთარ ბაღათურია, ბერტა ხაფავა, ასმათ ქურციკიძე, ანა ხუროშვილი, ნათელა პაატაშვილი და სხვები. პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ დიდი მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა სიმართლის მხარესაა, პროექტში მონაწილეობაზე ყველა დამთანხმდა. ეს ადამიანები მართლა "ვარსკვლავები" არიან.

- როგორ მიმდინარეობს გადაღებები?

- მუშაობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევს. სცენარს ზოგჯერ ღამით ვწერდი, დილით კი გადასაღებ მოედანზე გავდიოდით. "ვარდენის ევოლუციას" კინონოველები, ე.წ. "რასკადროვკის" გარეშეა გაკეთებული. გადაღებების დროს ორი რეჟისორი მეხმარებოდა. საპილოტე ვარიანტის ნახვის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე მარტოს უნდა გამეკეთებინა, ტექნიკურ მხარეზე კი შესანიშნავი კინორეჟისორები - ირაკლი ბაღათურია და გოგა ცხვედიანი დამხმარებოდნენ. იდეა, სცენარი, რეჟისურა, დიალოგები - ყველაფერი მე მეკუთვნის. თუმცა ზოგჯერ, რაღაც რჩევებსაც ვითვალისწინებ.... ერთ სერიას სამ დღეში ვიღებთ, მონტაჟს კი ოთხი დღე სჭირდება. ფაქტობრივად, ამოსუნთქვის დრო არ გვაქვს.

- რატომ შეარჩიეთ სახელწოდება - "ვარდენის ევოლუცია"?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სახელწოდება "ვარდების რევოლუციას" ჰგავს. ვარდენი სერიალის მთავარ გმირს, ჩვენი "გიგანტის" პროტოტიპს ჰქვია და მინდოდა, მისი განვითარების ეტაპები, ევოლუცია გვეჩვენებინა, მაგრამ სიუჟეტმა ისე მოითხოვა, რომ შემდგომ სერიებში პირდაპირ "ევოლუციაგავლილი" ვარდენი მივიღეთ. პირველ სერიაში ვუჩვენეთ, თუ როგორ გაიზარდა, როგორ "დავაჟკაცდა", როგორ მოვიდა აქამდე და აგრძელებს თავის ყოფას. ფინალი როგორი იქნება, ჯერ არ ვიცი. მხატვრულ ღირებულებაზე ნურავის ექნება პრეტენზია, ეს უბრალოდ, ჩვენი პოზიციისა და პროტესტის ერთგვარი დაფიქსირებაა...

- ფილმის პერსონაჟები პოლიტიკოსების პროტოტიპები არიან, არა?

- მთავარი - ქვეყნის ხელმძღვანელია და მისი მრჩევლების ორი კატეგორია: ერთნი, რომლებიც უკიჟინებენ, - ეგრე გააგრძელე, მაგარი ხარ, ამოხადე ხალხს სულიო და მეორენი, ვინც ამ ყველაფერს უჭერენ მხარს, მაგრამ იმის შიშიც აქვთ, რომ ეს ცუდი მათ არ მიუტრიალდეთ. თუმცა, ორივე კატეგორიის ადამიანებს ერთი რამ ამოძრავებთ - გამდიდრების სურვილი! ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული პიროვნებები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.

- ალეკო მახარობლიშვილისა და ზურა ბერიკაშვილის გმირები ცალ-ცალი კალოშით მოსული მრჩევლები არიან...

- რეალურადაც ასეა: თანამდებობის პირების უმრავლესობას ხელისუფლებაში მოსვლამდე არანაირი ქონება არ ჰქონდა. ინტელექტუალურადაც ღარიბები იყვნენ, მაგრამ მოწადინებულები გახლდნენ და ისწავლეს, თუ როგორ უნდა ძარცვონ ხალხი, ქვეყანა. ეს კარგადაც გამოუვიდათ.

- ქარხანა, საავადმყოფო, შადრევანი - იმ ობიექტების ჩამონათვალია, რომელსაც ვარდენი კვირის დღეების მიხედვით ხსნის...

- ეს სიტუაცია ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება სწორედ ასეთი ობიექტების გახსნით ცდილობს ჩვენს მოხიბვლას.

- სერიალს სად იღებთ?

- ისეთ სივრცეში, სადაც ნორმალურად მუშაობის საშუალება გვაქვს. გადაღებები ქუჩაში რომ დაგვეწყო, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შეგვიშლიდა ხელს. სხვათა შორის, ამის სურვილი გვქონდა, მაგრამ იმ ადგილას, სადაც გადაღება დავიწყეთ, არაერთი მოგზავნილი ადამიანი, "გაურკვეველი" მანქანები გაჩნდა, საიდანაც კამერით გვიღებდნენ... მოკლედ, ყველა სერია რამდენიმე კერძო მამულშია გადაღებული.

- "ტეტია ერთაწმინდელი წარმოგიდგენთ" - რატომ აირჩიეთ ეს ფსევდონიმი?

- წარმოშობით ერთაწმინდელი ვარ. იქაურობა ძალიან მიყვარს და როცა მეკითხებიან, - რომელი უბნელი ხარო? ვპასუხობ: ერთაწმინდელი-მეთქი. ტეტია "ხეპრესა" და "ჯიუტის" სინონიმი გახდა, არადა, ასე ქართველებს გნეუს პომპეუსმა უწოდა, როცა მას მტკვართან სერიოზული ომი გაუმართეს და დიდი ზარალიც მიაყენეს. "ტეტიუს" ლათინურად მამაცს, შეუპოვარს ნიშნავს. მეამაყება, რომ ქართლელი ტეტია ვარ.

- როგორია დიდ მსახიობებთან მუშაობა?

- ცოტა არ იყოს, ემოციური კაცი ვარ. ამ ფილმში ჩემი მეგობრები მონაწილეობენ და ის ხალხიც, რომლებსაც ქუჩაში დანახვის დროსაც კი მოწიწებით ჩავუვლიდი ხოლმე გვერდს, ახლა კი ღვთის ნებით, 20 წლით მიტოვებული საქმის კეთებამ მომიწია და ამის წყალობით, მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ფილმს ისე "ვაკეთებ", როგორც მე მესმის...

- როგორ შეარჩიეთ პრეზიდენტის როლის შემსრულებელი?

- როლანდ ოქროპირიძე წლების წინ, ერთ-ერთ სპექტაკლში მყავდა ნანახი და ვიცოდი, რომ კარგი იუმორი ჰქონდა... როცა პრეზიდენტის პერსონაჟზე ვფიქრობდი, სწორედ ეს მსახიობი გამახსენდა და მგონი, კარგი არჩევანი გავაკეთე.

როლანდ ოქროპირიძე, ვარდენის როლის შემსრულებელი:

- მსახიობი ვარ და რასაც შემომთავაზებენ, იმას ვითამაშებ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც კახა სულუაშვილმა ეს როლი შემომთავაზა, ქვეყანაში არანაირი დაპირისპირება და დაძაბული სიტუაცია არ იყო. ზუსტად იმ პერიოდში ნინა წკრიალაშვილმა დამირეკა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერი კონცერტების წამყვანობაც მთხოვა. დავთანხმდი, ისევ და ისევ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. თუმცა, თავად აღარ დამირეკეს, რატომღაც... ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ სერიოზული პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, მანამდე კი ნეიტრალური ვიყავი.

- თქვენთვის ადვილია ვარდენის განსახიერება?

- კარგად ვიცოდი, ვინც უნდა განმესახიერებინა, მაგრამ მისთვის ზედმეტად არ უნდა მიმებაძა, სათქმელი მინიშნებით უნდა გადმომეცა... არ ვამბობთ, რომ ეს მაღალი ხარისხის ნამუშევარია. სერიალი უბრალოდ, გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებმა იუმორით შეხედონ იმ ამბებსა და მოვლენებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე ხდებოდა.

ზურა ბერიკაშვილი, ვარდენის ერთ-ერთი მრჩევლის როლის შემსრულებელი:

- როდესაც კახამ სერიალის სიუჟეტი გამაცნო, ძალიან მომეწონა. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. გარკვეულწილად პოზიციის გამოხატვაც არის: ეს არ არის ფსიქოლოგიური და ფესტივალებზე გათვლილი ფილმი. მსუბუქად საყურებელია, თავისი სარკაზმითა და ცოტა იუმორით, რაც სერიალს სჭირდება. რაც მთავარია, მასში რეალობაა ასახული. როცა ვიღაცას ძალაუფლება უვარდება ხელში, მას ყველანაირი კატეგორიის, ყველაფერზე წამსვლელი და ხელის მომწერი მეგობარი და მრჩეველი შეიძლება ჰყავდეს. ჩემი პერსონაჟიც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ანა ხუროშვილი, ვარდენის პრესმდივნის როლის შემსრულებელი:

- ჩემს პერსონაჟს სახელი არა აქვს, დანომრილია - 28-01. დღეს ბევრი ადამიანია, ვისაც საკუთარი აზრი კი გააჩნია, მაგრამ მაინც, იმ პარტიაში ურჩევნია ყოფნა, რომელსაც ძალაუფლება აქვს. ასეთი ადამიანები ალბათ, შინაგანად ცუდები და ბოროტების ჩამდენები არ არიან, მაგრამ ასე ცხოვრობენ იმიტომ, რომ იმ წუთში კარგად გრძნობენ თავს და მომავალი არ აინტერესებთ... მართალია, კახას მეუღლე ვარ, მაგრამ ეს სერიალი სხვასაც რომ გადაეღო და როლი შემოეთავაზებინა, აუცილებლად დავთანხმდებოდი.

ასმათ ქურციკიძე, "ვარდენის პარტიის აქტივისტი":

- "უნდა იცოდე, სად არის "სამიშაო" და შენ არ დარჩები "უმიშევარი" - ეს ჩემი პერსონაჟის სიტყვებია. პროექტს ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი და ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ გადამღები ჯგუფი საქმეს აკეთებდა არა აგრესიითა და სიძულვილით, არამედ ცდილობდნენ, მაყურებლისთვის მსუბუქად დაენახვებინათ ის აუტანელი სიტუაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში არის გამეფებული. დიდი მადლობა პროექტის ავტორს, კახა სულუაშვილსა და ფილმში დაკავებულ უნიჭიერეს მსახიობებს იმ თავისუფალი იმპროვიზაციებისათვის, რომელსაც გვთავაზობენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები