კონსტანტინე გამსახურდია - ბლანჟეიანი ევროპელი და შავჩოხიანი ქართველი

კონსტანტინე გამსახურდია - ბლანჟეიანი ევროპელი და შავჩოხიანი ქართველი

"გზის" ამ ნომრიდან "ჩემი რჩეულის" სერიით, მკითხველს კონსტანტინე გამსახურდიას ექვსტომეულის შეძენის შესაძლებლობა ექნება. პირველი ტომი რომანს - "დიონისოს ღიმილი" ეთმობა. ეს ის ნაწარმოებია, რომლის შესახებაც მწერალი გაზეთ "გრაალში" წერდა: "ამ წიგნის შემდეგ თუ მოვკვდები, აღარ მენაღვლება..."

როგორ იქმნებოდა "დიონისოს ღიმილი", რა შესწირა მწერალმა ხარკად "წითელ" რეჟიმს, როგორ ერწყმოდა კონსტანტინე გამსახურდიას პიროვნებასა თუ შემოქმედებაში ერთმანეთს ცივილიზაციის მრავალგვარ სიკეთეს ნაზიარები დახვეწილი დენდი და ეროვნული პრინციპებისათვის შეუპოვარი მებრძოლი? ყოველივე ამის შესახებ მწერლის შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება:

- ევროპაში განათლებამიღებული და იქიდან მობრუნებული ჭაბუკი კონსტანტინე გამსახურდია მისტიციზმს ქადაგებდა, მკითხველს გოეთესა და დანტეს, ნიცშესა და დოსტოევსკის, შპენგლერსა და უიტმენს აცნობდა, მათ ლანდებს ქართულ მიწაზე ასახლებდა. განიხილავდა რასისა და ენის პრობლემებს, ინდურ ფილოსოფიას, ანტიკურ კულტურას. ამ ინფორმაციის საფუძველი კი ქართული ტრადიციები - ჰაგიოგრაფია და "ვეფხისტყაოსანი", ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა იყო. ბოლშევიკური ტირანიის ეპოქაში კონსტანტინე კეთილშობილ დონკიხოტს ჰგავდა, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძოდა და მარტოსულ ჰამლეტს - უძირო სევდა რომ უხრავდა გულს. ყოველ სფეროში, რასაც კი მისი კალამი გადასწვდა, შთამომავლობას წარუვალი ღირებულებების ქმნილებები დაუტოვა: ლექსი, ნოველა, ესსე, თარგმანი და ოთხი დიდი ქართული რომანი. კონსტანტინე გამსახურდიასთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი - ენა და ენობრივი პოზიცია გახლდათ, მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით ჰქონდა გადატანილი. მწერლის პოზიციიდან გამომდინარე, ქართული ენის შესახებ მთელი რიგი წერილები აქვს დაწერილი. ეს პროცესი განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოიკვეთა. როგორც კი ბოლშევიკები შემოვიდნენ, მაშინვე რუსიფიკაცია დაიწყო, მასობრივად შემოვიდა რუსული სიტყვები და ქართული ენა ისეთივე საფრთხის წინაშე დადგა, როგორც ეს მეცხრამეტე საუკუნეში, რომანოვების იმპერიის პერიოდში მოხდა. ამ მოვლენებიდან გამომდინარე, კონსტანტინე გამსახურდიამ "დისტანციის თეორია" წარმოადგინა.

ერთი მხრივ, ეს გულისხმობდა, რომ მოვლენები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უნდა ასახულიყო, მას მერე, რაც მათი კრისტალიზება მოხდებოდა; მეორე მხრივ, შემდეგი პრინციპი წამოაყენა: როცა ერი პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კარგავს, მან კულტურული დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და თავისი ენერგია თუ საარსებო ძალები სწორედ კულტურაში გადაიტანოს. კულტურის ფრონტი უნდა გაამძაფროს, სასიცოცხლო იდეები გადაარჩინოს, ასპარეზი მოამზადოს ახალ ძალთა გამოსავლენად. კულტურაში კი მთავარ როლს, მოგეხსენებათ, ენობრივი ფენომენი ასრულებს. კონსტანტინე გამსახურდიას ენა იმ ციტადელად მიაჩნდა, რომელიც რუსეთის კულტურულ აგრესიას უნდა დაჰპირისპირებოდა. მან ეს თეორიული თვალსაზრისი საკუთარ ნაწარმოებებში განამტკიცა. ამ ბრძოლაში კი მოკავშირედ ძველი ქართული ლექსიკა - არქაიზმები, დიალექტიზმები აირჩია. მწერალს გერმანული უნივერსიტეტები ჰქონდა დამთავრებული, იცოდა გერმანული, ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენები. ის ქართული არქაიკის ევროპეიზებას ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით, ინტერნაციონალური სიტყვები, ევროპული ძირის უცხო სიტყვები შემოიტანა.

ხშირად კითხულობდა ძველქართულ ტექსტებს, ქართულ ბიბლიას, განსაკუთრებით - ძილის წინ, რათა მშობლიური არქაიკის სურნელებას გაეჟღინთა ფსიქიკა... მრავალი ენის მცოდნეს, სიბერეში მეგრული აქცენტი გაუძლიერდა. კონსტანტინეს შემოქმედებაში მელანქოლიური, მწუხარე ფერები, ტრაგიკული სიუჟეტები და ჰეროიკული მასალა ჭარბობს. უჩვეულო, განსაკუთრებული ბედი და ბუნება აქვთ პერსონაჟებს. ისინი მწერლის ფანტაზიიდან იშვნენ, სულის სიღრმიდან ამოვიდნენ. დრამატული ჟამი, დევნა და შერისხვა, მუდმივად შიშის ატმოსფეროში ცხოვრება ნერვებს აწყვეტდა მწერალს. სიმონ ჯანაშიას სწერდა, - დეპრესიასა და მელანქოლიას მუშაობით ვებრძვიო. თვითმკვლელობაზე ფიქრიც გულს უხრავდა ხოლმე, მაგრამ სასოწარკვეთილების წუთებში მხნეობას ინარჩუნებდა. 1918 წელს წერდა, ნევრასთენიით ვიყავი ავად, შოპენჰაუერი წავიკითხე და კინაღან თავი მოვიკალიო.

- როგორ იქმნებოდა "დიონისოს ღიმილი"?

- როგორც კონსტანტინე "დიონისოს ღიმილის" ერთ-ერთ ანოტაციაში მიუთითებს, მას სურდა, მოქმედება სამ კულტურულ ცენტრში - პარიზში, რომსა და ბერლინში გაეშალა და ამგვარად დაეკავშირებინა ევროპა საქართველოსთან, ქართველის თვალით დაენახა თანამედროვე დასავლეთი. რომანში მოქმედება 1917-19 წლებში ვითარდება. "წითელი" ჟამი არ ცნობდა ოპოზიციურ თვალსაზრისს. მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმა თუ თავდაპირველად მაინც ხერხდებოდა, 1924 წლის აგვისტოს შემდეგ საბოლოოდ აიკძალა. რისკის ფასად შესაძლებელი იყო ირიბი თქმა, სიმბოლოსა და ალეგორიის სამოსელში სიტყვის გახვევა. ამას გრძნობდა ოფიციოზი და მკაცრად სდევნიდა მოდერნისტულ სტილს, რასაც კონსტანტინე დაუღალავად ქადაგებდა. ბოლშევიკები ნათელ, სადა, მარტივ მეტყველებასა და აზრებს მოითხოვდნენ, ისეთის, რომლის გაგება და კონტროლიც შეეძლოთ. თავიანთი იდეების მასისათვის გასაგები ენით გადმოცემასა და ეროვნული გრძნობების დათრგუნვას იწონებდნენ. ახალი რეპრესიების შემდეგ ყველა გზა დაიხშო, რამაც სასო წარუკვეთა მწერალს. ასეთი პესიმისტური განწყობილებით იწერებოდა "დიონისოს ღიმილი".

- ტრადიციული და ევროპული იდეალები მისი სამოსის მიხედვითაც ადვილად აღსაქმელი იყო: დადიოდა ხან ევროპული, ხან კი მკაცრად ეროვნული სამოსით - ჩოხა-ახალუხითა და ხანჯლით... ერთხანს ბლანჟესაც ატარებდა...

- კონსტანტინეს სულში მართლაც, ეს ორი საწყისი ებრძოდა და ერწყმოდა ერთმანეთს. მათ შეიძლება, როგორც აღმოსავლური და დასავლური, ისე აპოლონური და დიონისური ეწოდოს. ატარებდა ხან კავკასიურ ჩოხა-ახალუხს, ხან ევროპულ კოსტიუმს, ხან ცილინდრსა და ხელჯოხს, ხან - ბოხოხსა და ხანჯალს. უყვარდა როგორც ცხენი, ისე ავტომანქანა; როგორც თანამედროვე ტექნიკა, ისე ძველი ხუროთმოძღვრება. ხან აღმაფრენა ეწვეოდა, ხანაც - დეპრესია. იყო ურჩი და მორჩილი, გულღია და გულჩახვეული. მაგრამ ზომიერების დაცვას მუდამ ცდილობდა. ყოველთვის წვერგაპარსული, კოხტად ჩაცმული დადიოდა. სძაგდა დეკადენტური ბოჰემა. ბლანჟეს მცირე ხანს ატარებდა, უფრო დიდხანს - ჩაპლინისებურ ულვაშს, შემდეგ ისიც მოიპარსა. თამბაქოს სიჭაბუკის წლებიდან მთელი სიცოცხლე ეწეოდა. არ უყვარდა გადაჭარბებით სმა და წრეგადასული ქეიფი, ალკოჰოლით მოგვრილი შთაგონების არ სწამდა. ამბობდა, მთვრალი კაცი საზოგადოებაში არ უნდა გამოჩნდესო. არაყს არ ეკარებოდა - ვისკისა და კონიაკს არჩევდა. ქართული ტრადიციული უანგარიშო ხელგაშლილობა, მფლანგველობა არ უყვარდა. ხელმომჭირნე იყო, რასაც ბევრი სიძუნწედ უთვლიდა, მაგრამ სახლში სტუმარს გულღიად ხვდებოდა.

- კონსტანტინე გამსახურდიას ხასიათი და ცხოვრების პერიპეტიები თითქოს მის გარეგნობაშიც გამოისახებოდა...

- კონსტანტინე გამხდარი, ასთენიკური აგებულების იყო. საშუალო ტანის, ოდნავ შემელოტებული. ენერგიული გამომეტყველება და მკაცრი პროფილი ჰქონდა. ადრე თუ ჯანის სიმრთელეს უჩიოდა, მოგვიანებით, სხეული სპორტითა და ნადირობით გამოიწრთო. შავგვრემანი, შავთმიანი და შავთვალა მუდამ ცისფერთვალა, ქერათმიან, თეთრი სახის პერსონაჟ ქალებს ეტრფოდა.

- ცნობილია, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მას უკარება და უხეშ ადამიანად მიიჩნევდა. ამის გამო, მასთან ურთიერთობასაც ერიდებოდნენ...

- კონსტანტინე ადამიანებთან დისტანციას იცავდა, მასთან დაახლოება ჭირდა. გარეგნულად ზვიადი და ქედმაღალი, უკარება და უხეში ჩანდა. ზვიად გამსახურდია შენიშნავს: "მამას მძიმე ხასიათი ჰქონდა, ფიცხი, მკვახე, ირონიული..." - თუმცა ახლობელთათვის გულჩვილი და გულისხმიერი იყო. მისი პუნქტუალობა და გერმანული წესრიგის, სიზუსტისა და დისციპლინისკენ სწრაფვა ქართული გარემოსთვის უცხო და უცნაური ჩანდა. ხელისუფლებაც ხელს უწყობდა, რომ იგი მასას უცნაურ პიროვნებად წარმოედგინა. ამიტომ, მკითხველთა ერთ ნაწილს ფანატიკურად უყვარდა მწერალი, მეორე ნაწილს კი ფანატიკურად ეჯავრებოდა.

- მოგონებების მიხედვით, კრიტიკოსები ხშირად მისი სახელის დისკრედიტაციას ახდენდნენ. მწერალი ამაზე ძალიან ბრაზდებოდა, ხან კი მოთმინებით იტანდა და ამბობდა: კრიტიკის იმუნიტეტი მოვიპოვეო.

- ხშირად ლანძღავდნენ და ქართულს უწუნებდნენ გრამატიკოსები. მისი მოძულენი მის მანერებს, ენას, ცხოვრების სტილსა და პერსონაჟებს აქილიკებდნენ. მაგრამ თავის გემოვნებას, თავის წიგნებს არავის აძალებდა, არც არავის ჰკითხავდა, წაკითხული ჰქონდა თუ არა მისი რომანები, მაგრამ ძაგებას ვერ ეგუებოდა. კონსტანტინეს თავისუფალი საუბარი სჩვეოდა და არავინ უწყოდა, როდის რას გამოურევდა. მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებს მისი გამოსვლების შიშით სისხლი ჰქონდათ გამშრალი - ყოველ სიტყვაში რაღაც ბასრსა და მოულოდნელს გაურევდა. კრიტიკოსებს ლმობიერად ეპყრობოდა, რადგან იცოდა, სად იყო მტრული აზრების სათავე. თუმცა პოლემიკაში არავის ინდობდა, ფიცხდებოდა და თავს ვერ იკავებდა. ირონიით ამბობდა, - ბესო ჟღენტი და შალვა რადიანი ჩემთან ბრძოლაში დავაჟკაცდნენო...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს