"სირცხვილი დოდოშკა შენ!" - ასე გამოეხმაურა ცნობილი ტელეწამყვანი ია ფარულავა მისი კოლეგის და "დღის შოუს" ყოფილი თანაწამყვანის, დოდოშკა ხურცილავას გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც დოდოშკამ გუშინ, ”შალვა რამიშვილის დილაში” საუბრისას განაცხადა, ის არ იყო ხელისუფლების მომხრე და "იმედში" მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დოდოშკას თქმით, ის სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც წამოვიდოდა არხიდან, ვინაიდან მისი გადადგმული ნაბიჯების გამო, აღარ დატოვებდნენ.
"დოდოშკას მინდა გამოვეხმაურო, რომ "დღის შოუ" არ ყოფილა არასოდეს ცენზურის ქვეშ ...თუ არ უნდოდა ჩვენთან მუშაობა, წასულიყო რა...მთელი ორი წელი ვღადაობდი, საქართველოში ორი მიშაა- მიშა სააკაშვილი და მიშა გასიტაშვილი მეთქი და არვის უთქვამს ერთი სიტყვაც კი, გაჩუმდიო და კიდევ ბევრი სხვა ფაქტებიც იყო ...დოდოშკა სირცხვილი შენ ... ნუ იმუშავებდა და ყოველ კვირა თითო ბეჭედს ნუ შეუკვეთავდა ოქრომჭედელს.....ინტრიგანი..." - დაწერა იამ "ფეისბუქზე".
კომენტარისთვის ”ამბები.გე” ”დღის შოუს” მესამე ტელეწამყვანს, ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა. ნანიკოს განცხადებით, მას, უბრალოდ, ეწყინა და გაუკვირდა, რომ დოდოშკამ 2 წლის განმავლობაში მათ თავის განწყობას უმალავდა.
"უბრლოდ, მეწყინა. თუ თავს ასე ცუდად გრძნობდა ორი წლის განმავლობაში, რატომ არაფერი გვითხრა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან დაჩაგრული იყო. ჩვენ მეგობრები და კოლეგები ვართ და ყოველთვის ვუზიარებდით ერთმანეთს ყველაფერს. ეტყობოდა, რომ შალვას გადაცემაში ძალიან განერვიულებული იჯდა, ჩვენთანაც თუ ასე იყო, ამდენი ხნის განმავლობაში, არ მესმის, რატომ არ თქვა", - განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ.
შეგახსნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო ფორმატზე გადავიდა და არხზე თითქმის ყველა გასართობი შოუ დაიხურა. მათ შორის "დღის შოუც", რომელიც დოდოშკა ხურცილავას, ია ფარულავას და ნანიკო ხაზარაძეს მიჰყავდათ.

ქეთევან პატარქალიშვილი