"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"

"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"

"ბევრი ისეთი პრობლემაა სასწრაფოდ მოსაგვარებელი, დასანანია, რომ "ქართულ ოცნებას" ჯერ არ აქვს ძალაუფლება.

პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ეშველოს ადამიანებს, რომლებიც აუტანელ პირობებში იმყოფებიან: ბავშვებს, რომლებიც შიმშილობენ, უწამლობითა და უოპერაციობით იღუპებიან; ბავშვებს, რომლებიც გადაუდებელ ფსიქიკურ რეაბილიტაციას საჭიროებენ; პატიმრებს, უდანაშაულოდ რომ იხდიან სასჯელს, ან ნაწამები და მძიმედ დაავადებულნი არიან; დევნილებს, სიღატაკეში, სიცივესა და ანტისანიტარიაში რომ ღაფავენ სულს; სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს უკანონო მშენებლობები, ყოველგვარი მეცნიერული ექსპერტიზის გარეშე რომ მიმდინარეობს, მშენებლობები, რომლებიც ამახინჯებენ ძველ და ახალ თბილისს, აღარ ტოვებენ სასუნთქ ჰაერს, ხედსა და სივრცეს; დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ჰესების შენება, ეს მორიგი დამთხვეული, ლამის აპოკალიფსური პროექტი, სრულიად ანტიმეცნიერული და ანტიეკოლოგიური, რომელიც განადგურებას უქადის საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც დააცარიელებს ისედაც დაცარიელებულ და ჩამკვდარ ქართულ სოფლებს... რომელი ერთი ჩამოვთვალო, დრო არ ითმენს, ამათი მეცადინეობით ყოველ საათში ვიღაც ან რაღაც ზიანდება..." - ამბობს ყველასთვის საყვარელი მწერალი ნაირა გელაშვილი.

- ქალბატონო ნაირა, ელოდით, რომ საპარლამენტო არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდებოდა?

- რაღაც შერეული წინათგრძნობა მქონდა, თან კარგი, თან ცუდი... წინა დღეებში ისევე საშინლად ვიყავი დაძაბული, როგორც ხალხის უმეტესობა... ჩემი შეხედულება ამ ხელისუფლების შესახებ სრულიად არაორიგინალური იყო: მეც ისე აღვიქვამდი მას, როგორც ჩვენი საზოგადოების სულ ცოტა 80%. ხელისუფლებაში თავი მოიყარეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც ყველაფრის კადრება და ჩადენა შეეძლოთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის არ არიან ქვეყნის სათავეში. კი ბატონო, არიან კორუმპირებულები, კანონდამრღვევები, მაგრამ შეიძლება, რაღაც ადამიანური თვისებები ჰქონდეთ. ამ რვა წლის განმავლობაში კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ხელისუფლება, რომელიც კორუმპირებულიც იყო, ადამიანიც სძულდა, საზოგადოებასაც აბუჩად იგდებდა, დაუნდობლად აღატაკებდა და ტანჯავდა და თან ფარისევლობდა კიდეც. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ხალხი ხელისუფლებას თავის უდიდეს მტრად აღიქვამდა და მისი ბნელი ფანტაზიის უკიდეგანო გაშლას, ანუ ყველანაირ უბედურებას ელოდა. თუმცა, იყო ბევრი ოპტიმისტიც, რომლებიც ირწმუნებოდნენ, ბევრს ვერაფერს გაბედავენ და ყველაფერი კარგად ჩაივლისო. მეც ხან ასე ვფიქრობდი, ხან ისე, მოკლედ, ყველასავით ციებ-ცხელებაში ვიყავი...

- საზოგადოების მოთმინების ფიალის ასავსებად ბოლო წვეთი ციხის კადრები გახდა თუ ეს მასშტაბური გამოსვლები გარდაუვალი იყო?

- ციხის კოშმარმა ალბათ მართლაც ბოლო წვეთის როლი შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისედაც იცოდა, ჩვენს ციხეებში რაც ხდებოდა. ჟურნალ-გაზეთებშიც ჟონავდა ინფორმაცია და გარდა ამისა, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც მასობრივი დაპატიმრებები და წამებები ხელისუფლებამ მმართველობის სტილად და ცხოვრების წესად აქცია, მგონი, თითქმის ყველას აღმოაჩნდა ახლობელი ან ნაცნობი პატიმარი, ურიცხვი ოჯახი ნერვებით ციხეს მიება. ყველა სხვა მიზეზთან ერთად ესეც განაპირობებდა იმას, რომ დღეს თუ ხვალ საზოგადოებრივი აფეთქება გარდაუვალი გახდა, და წარმოუდგენლად კარგი რამ მოხდა, ეს მუხტი და ამბოხი სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის კალაპოტში რომ მოექცა, რაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამ ადამიანმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. მხოლოდ მის გარშემო მოხდა ყველას კონსოლიდაცია.

საზოგადოების წიაღიდან უეცრად ამოიზარდა პიროვნება, რომელმაც გამოაცოცხლა და თავის გარშემო შეკრა ყველაზე კეთილშობილური ადამიანური იმპულსი: შეუგუებლობა უსამართლობასთან.

- თუმცა საზოგადოების ნაწილს დღემდე არაერთგვაროვანი შეხედულება აქვს მისი გუნდის წევრების მიმართ...

- გეთანხმებით. ეს საერთოდ ძალიან მძიმე პრობლემაა ჩვენნაირ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კი სპეციფიკურად იმით არის დამძიმებული, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ არ იცნობდა ქართველ საზოგადოებას. ის ამ საზოგადოებაში არ ტრიალებდა და რა უნდა ექნა. თან ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და თანაც ხელისუფლებამ ისეთი უღირსი და უმოწყალო დევნა-შევიწროება დაუწყო, რომ კიდევ კარგად გაართვა თავი.

რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ვინც "ქართული ოცნების" მხარეს არის და ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ყველა გონიერი, უანგარო და გამოსადეგი ადამიანია. ასე მარტივად არ არის საქმე. უანგარობა ხომ სანთლითაა საძიებელი დღევანდელ საქართველოში... მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა რა ქნას! ახალ ხალხს ხომ ვერ შექმნის, ეგ ილია ჭავჭავაძემ ვერ მოახერხა! იმედი იმაზე უნდა დავამყაროთ, რომ ამ დიდი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის გულკეთილობა მის გამჭრიახობასთან და პრაგმატიზმთან არის დაწყვილებული, და მალე მიხვდება, ვის რისი თავი აქვს და რა იმპულსი ამოძრავებს.

- არჩევნების წინასწარი შედეგები ასეც შეაფასეს, - "ფულმა დაამარცხა დემოკრატია".

- იცით, ადამიანში, ხალხში არსებობს ისეთი საწყისი და იმპულსი, რასაც მსოფლიოს ერთიანი კაპიტალითაც ვერ იყიდი. ამ სიტყვების ავტორი ძალიან ღარიბი სულის ადამიანია, რომელსაც მოჩლუნგებული აქვს მგრძნობელობა სინამდვილის მიმართ. ის ვერ გრძნობს ადამიანის ტრაგედიას, ვაებას... არც ადამიანის სულის სიღრმეში მფეთქავი ღირსების განცდისა სჯერა, რომელიც ხშირად ითელება და მაინც ცოცხლობს. ან დემოკრატია სად მოელანდა, ან თავისი ხალხის უდიდეს ნაწილს შეურაცხყოფას რატომ აყენებს?! არც ანალიტიკოსად გამოდგება, თუკი დემოკრატიულად გასარკული ფასადის მიღმა ბნელ, ყინულოვან და სისხლიან ინტერიერს აქამდე ვერ ჰკიდა (ლიბერალური) თვალი. მოკლედ, როცა ამტკიცებ, ყოველთვის ფულია ადამიანთა მამოძრავებელი ძალაო, ცხოვრებას საკუთარი საზომით ზომავ. ეგ არის და ეგ.

- ახალგაზრდების გააქტიურებაზე მინდა გკითხოთ, - ბოლო წლებში არ გვახსოვს ასე ერთ მუშტად შეკრული სტუდენტობა...

- ხშირად დამიგდია ყური ახალგაზრდების ერთმანეთთან საუბრისთვის და ეს საუბარი იმდენად უინტერესოდ და გამოშიგნულად მომჩვენებია, რომ ყველანაირი იმედი გადამწურვია... მაგრამ ახლა მათმა უშიშარმა და უპატიებელმა რეაქციამ სისასტიკეზე რუსი მოაზროვნის ბერდიაევის სიტყვები გამახსენა ერის შესახებ: - ერი მისტიკური ორგანიზმიაო.

ახალგაზრდობიდან წამოსული ეს უზარმაზარი მუხტი ამ გადამწყვეტ საპროტესტო მოძრაობაში, რომელმაც ეს რეჟიმი ხერხემალში გადატეხა, ერთადერთ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს მაგონებს. იმ ძალიან საშიშ ეპოქაში სკოლის მოსწავლეები, სტუდენტობა და მათი მშობლები ქუჩაში გამოვიდნენ. ცხადი იყო, რომ შევარდნაძე, თუნდაც თავის წინდახედულობის გამო, ქართველი ახალგაზრდების სისხლს არ დაღვრიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო უაზრო და სასტიკი.

თბილისში მერვე პოლკი შემოიყვანეს და სადღაც-სადღაც თურმე ტანკებიც იდგა. მაშინ ლექტორი ვიყავი. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ქართული ენის დასაცავად კრემლში გასაგზავნი მასობრივი საპროტესტო ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც "კაგებე" უთვალთვალებდა. სტუდენტებს წარამარა იბარებდნენ.. 14 აპრილს ლენინის მოედნიდან ლამის უნივერსიტეტამდე ქუჩა გადაიჭედა. სტუდენტებს თან სტუდბილეთები და პასპორტები ჰქონდათ, თუ დაგვხოცავენ, ამით ამოგვიცნობენო. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღე იყო. ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა... თუმცა, შემდეგ, ცხოვრებაში ქართული ენა კრემლის მიერ კი არა, ქართველების მიერ სახიჩრდებოდა და პრიმიტიულდებოდა, რაც დღეს კულმინაციას აღწევს, მაგრამ ეს სხვა თემაა.

- შევარდნაძის გადადგომასაც ულოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს...

- ბევრი მასობრივი აღტკინება მინახავს. ზვიად გამსახურდიას არჩევისას, მის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისას, როცა მთელი ღამე მანქანებს ასიგნალებდნენ... არადა, ეს ნაბიჯი გახდა სამაჩაბლოს დაკარგვის წინაპირობა... 2003 წლის ძალიან საეჭვო და ყალბი რევოლუციისას, რომლის ახალგაზრდა აქტივისტებს უცხოეთის მიერ დაფინანსებული ტრენინგები ჰქონდათ გავლილი... მაგრამ ამ ყველაფერს საშინელი შედეგები მოჰყვა... ბოლოს კი თანდათან ჩამოიქნა სრულიად ანტიადამიანური ხელისუფლება და ქვეყანამ ფსკერისკენ დაიწყო სვლა...

- ქალბატონო ნაირა, თქვენ კარგად იცნობთ ქართველი კაცის ბუნებას. არ გიკვირთ, როგორ ჩამოყალიბდა ასეთი სასტიკი ადამიანების გუნდი ხელისუფლებაში?

- ადამიანის ფსიქიკასა და ქცევას მრავალი დარგი სწავლობს. აღზრდა-განათლება, რელიგია, კულტურა, ლიტერატურა იმას ესწრაფვის, ადამიანში ადამიანი გადარჩეს, გაიზარდოს, თავისი სულიერი შესაძლებლობები მაქსიმალურად განივითაროს... დღემდე ამოუცნობია, თუ როგორ იკარგება ადამიანში ადამიანი და როგორ იღვიძებს მასში მონსტრი. ერთ ოჯახში აღზრდილი ორი ახალგაზრდიდან შეიძლება, ერთი ავაზაკი გამოვიდეს და მეორე ბრწყინვალე ადამიანი. და მაინც, მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ აღარ ვიცით, რა არის აღზრდა. განათლება სრულიად აბუჩად არის აგდებული. კულტურა ზედმეტი გახდა. ეს ნებისმიერ ქვეყანას დაღუპავს. ველურების ქვეყნად აქცევს.

- ისევ ახალგაზრდებს დავუბრუნდეთ. როგორ უყურებთ სტუდენტების პარლამენტში მოღვაწეობის იდეას?

- ახალგაზრდები შეიძლება, ძალიან ძლიერები იყვნენ საპროტესტო აქციებში, მაგრამ ქვეყნის მართვას მცოდნე, გამოცდილი, მომწიფებული, ზრდასრული ადამიანები სჭირდება. ჩვენთან კი მამაკაცები ძალიან გვიან აღწევენ სიმწიფის ასაკს. გვიან ხდებიან ზრდადასრულებულები. ამაზე, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტოკატასტროფებში დაღუპული ახალგაზრდების რაოდენობაც მიანიშნებს.

ახლა გოგო-ბიჭები, ჯერ რომ არ უშრომიათ და არაფერი შეუქმნიათ, უზარმაზარი ჯიპებით მედიდურად დაქრიან. ზემოდან უყურებენ უმანქანოებს და საერთოდ, უზარმაზარი უგვანობისა და უწესრიგობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მშობლები შვილებს ვერანაირ სულიერ სიმდიდრეს ვერ გადასცემენ და მატერიალურით ახდენენ ამის კომპენსაციას. შვილების მიმართ სიყვარულს ავტომანქანის ჩუქებით გამოხატავენ და ხშირად უბედურებისკენ უკაფავენ გზას. ევროპაში ასეთი რამ არ ხდება. იქ ახალგაზრდები გაცილებით უფრო დამოუკიდებლები არიან და თავიანთ ცხოვრებას ძირითადად თავად იწყობენ.

- ქალბატონო ნაირა, ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდები. ყველამ ვიცით, ხელისუფლების მიმართ როგორი დამოკიდებულებაა მთელ ქვეყანში, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე რეგიონში მაინც მმართველი გუნდი ლიდერობს.

- არის რამდენიმე მომენტი, რითაც ჩემი ბედნიერების განცდა დაჩრდილულია. სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა. ჭეშმარიტად სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ნაციონალები გაცილებით ნაკლებ ხმებს მიიღებდნენ. მთელ საქართველოში მყავს ნაცნობები და ახლობლები და ვიცი, როგორია განწყობა. იმ რეგიონებში, სადაც მათ უპირატესობა მოიპოვეს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტერორი და გაყალბება არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა და სიღნაღში - გელა გელაშვილმა, რომელიც ჩემი ნათესავი არ არის. და სხვაგანაც ასე იქნება.

და ახლა მოქალაქეებისთვის ფსიქოლოგიურად სრულიად აუტანელია, რომ ისევ ამ წაშლილ სახეებს უნდა უყურონ და ამ ხმებს უსმინონ, "ხმებს სამარიდამ", მით უმეტეს, რომ ნაციონალებს არაფერი ეტყობათ არც დანაშაულის შეგრძნების, არც სირცხვილისა და არც სინანულის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა, ჩვენი ბოლო მარცხის შემდეგ, ვგულისხმობ ამ ხელისუფლებას, ციხის ჯოჯოხეთს და განსაკუთრებით კი ბოლო, სრულიად გამანადგურებელ კადრს და სიმბოლოს - ქვევრში ჩამხრჩვალ ჩვილს, - მთელ ჩვენს ცხოვრებას, მის ძველ და ახალ მანკიერებებს, აღზრდა-განათლებას, კულტურას რევიზია უნდა გავუკეთოთ. უნდა ვეძიოთ როდის, საიდან და როგორ დაიწყო ეს საშინელი ავადმყოფობა! ეს დაცემა?! უნდა დავადგინოთ სიმართლე და სამართალი. მოვლენები ნამდვილი სახელების გარეშე და დანაშაულებები სასჯელის გარეშე იმ კარგსაც გააპარტახებს, რაც კიდევ შემოგვრჩა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)