დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"

დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი, ბატონი დავით სოკოლოვი 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემას, "ყოველდღიური ა(მ)ბები ვასიკო ოდიშვილისგან" წარუძღვა და განსხვავებულ ამპლუაში საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში შექმნილი ვითარება გააპროტესტა... ბატონ დავითთან საუბარი სწორედ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ:

- საინტერესოა, ამდენი ნამუსდაკარგული ადამიანი როგორ შეგროვდა და ასე სადისტურად როგორ მართეს ქვეყანა. რომ არ გამოჩენილიყო ეს ღვთისნიერი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა უწყის, სადამდე მივიდოდით. ახლა ყველას გვეჩქარება, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ არის. დღეს საქართველო უამრავი პრობლემის წინაშე დგას. გასაოცარია, ასე დანგრეული, განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე როგორ დგას. არ მჯერა, რომ ეს კოშმარი დასრულდება, თანაც ძალიან მალე.

- ბატონო დავით, თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს დიდი ხანია აპროტესტებთ...

- როდესაც სააკაშვილი ნაძვის ხესავით მოვიდა ხელისუფლებაში და თან მოიყოლა მასზე სათამაშოებივით ჩამოკიდებული ამფსონები, მეგონა, რომ ახალგაზრდა, კორუფციას სურათების ფრიალით რომ ებრძოდა, საქართველოს ბედს სიკეთისკენ შეცვლიდა. მაგრამ 2004 წლის გაზაფხულიდან რომ აიწყვიტა, მივხვდი, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენა გაუსაძლისი გახდებოდა. სამი წლის წინ კი ქართველების ჩანაცვლება სხვა ეროვნებებით დაიწყო: აჭარაში - თურქების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩინელების, ინდოელების, პაკისტანელების, აფრიკელებისა და სხვ. ეს ხალხი იმისთვის სჭირდებოდა, რომ მათი მართვა ადვილია და აქედან გამომდინარე, სიკვდილამდე ქვეყნის სათავეში იქნებოდა. აკი ყველაზე მეტი ხმა საქართველოს იმ კუთხეებიდან მიიღო, სადაც არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ადამიანები ისე არიან მომართულნი, ვინც ხელისუფლებაშია, იმას სცემენ თაყვანს. დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ისინი უკვე "ქართულ ოცნებას" დაუჭერენ მხარს, ყველაზე გამაოგნებელი, რაც სააკაშვილმა თქვა, იყო - მე გადავდივარ ოპოზიციაშიო. ამას რომ იტყვის პრეზიდენტი, მხოლოდ ამიტომ არის მოსაშორებელი. გამოდის, მხოლოდ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ყოფილა. მხოლოდ ამით შეიძლება მისი იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა. და რაც მთავარია, ისევე როგორც თითქმის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაა შესაცვლელი, ჩვენი ეკლესიაც გასაწმენდია. იმის გამო, რასაც მიტროპოლიტი კალისტრატე და მისნაირები სჩადიან, ნამდვილად ჩასატარებელია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება!

- ის ტელევიზია, სადაც მრავალი წელი გაატარეთ, დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

- ე.წ. საზოგადოებრივი ტელევიზია დამოკიდებულია კანცელარიის ზარზე. წესით, ეს არხი ყველაზე კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ კრიტიკას სრულიად მოკლებულია და ისეთივე მეხოტბეა ქვეყნის პირველი პირისა და მისი გარემოცვის, როგორც სხვა ნაციონალური არხები. ძალიან მიკვირს ჟურნალისტ ეკა ხოფერიასი, ამ არხზე რომ მივიდა სამუშაოდ. მესმის, ქვეყანაში გაჭირვებაა, მაგრამ ჩემზე მეტი გაჭირვება არ გამოუვლიათ, თუმცა ცდუნებას გავუძელი და ვერც ვერავინ გამიბედავდა ეთქვა, მასთან წავსულიყავი სამუშაოდ. ასეთ ტელევიზიაში მუშაობა თავმოყვარეობის საკითხიც არის. ამაყად დავდივარ ქუჩაში. ნაცნობი თუ უცნობი, მიღიმის და თბილად მესალმება, რაც ყველაზე დიდი თანამდებობაა ჩემთვის.

- ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუნდაც იმიტომ უღირდა მუშაობა, რომ გადაცემაში მიჰყავდა ხელისუფლების მიერ დაბლოკილი ადამიანები: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ა.შ.

- ამით თავს ვერ გაიმართლებს. ჯერ ერთი, ასეთი ხალხი იშვიათად მიჰყავდა და მეორეც - მნიშვნელოვანია, რა თემაზე სასაუბროდ ეპატიჟები გადაცემაში. თუ ხელისუფლების მიერ დაბლოკილ ადამიანს გადაცემაში პეპლებსა და ყვავილებზე ალაპარაკებ, რა აზრი აქვს მათ იქ მიწვევას?

- რა სახის რეფორმები უნდა გატარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე?

- პირველ რიგში, ტელეწამყვანებმა ქართულად ლაპარაკი უნდა ისწავლონ. ხშირად ისეთ რაღაცას იტყვიან, ვერ გაიგებ, რა ენაზე მეტყველებენ. არხმა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სულიერი აღზრდის თემებზე უნდა აკეთოს შემეცნებითი გადაცემები. ჩვენი ტელევიზიები კი მხოლოდ გასართობ გადაცემებზე არიან ორიენტირებული, რომ საზოგადოება რეალობას მოწყდეს. ან რატომ ეძახიან ამ გადაცემებს "შოუს"? რა სიტყვაა, საიდან მოიტანეს?

- საჭიროა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდეს ე.წ. სამეურვეო საბჭო?

- რა სამეურვეო საბჭო?! ამ ე.წ. სამეურვეო საბჭოს წევრებს ხელფასიან პენსიონერებს ვეძახი. არაფერს აკეთებენ და სოლიდურ ხელფასებს იღებენ. გიგა ნასარიძე რომ გეყოლება ამ საბჭოში და ჭკუას მოსთხოვ, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? მინდა, ნასარიძეს მივმართო: გიგა, ბიძიკო, ბულანჟეს გარდა ცოტა სინდის-ნამუსიც რომ უნდა გქონდეს, არავის უთქვამს შენთვის? ან რა ანტირეკლამები გადაიღო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არ რცხვენია? რა იცის, ვინ არის თამაზ თამაზაშვილი ან რა გაუკეთებია? ოღონდ ხელისუფლებას ხოტბა შეასხას და ნამუსზე ხელაღებული ნასარიძე ყველაფერს კადრულობს. რეალურად "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სამეურვეო საბჭო არ სჭირდება, ზედმეტი ტვირთია არა ტელევიზიის ან ხელისუფლების, არამედ ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, ვისი ჯიბიდანაც ფინანსდება. ჯერ იმხელა დავალიანება რატომ და რისთვის დაედო, კაცმა არ იცის. თან ეს დავალიანება ჩამოაჭრეს. ისე "იტყაპუნებენ" 30 და 40 მილიონს, თითქოს არაფერი. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით.

- თქვენ არ დაბრუნდებით ამ ტელევიზიაში?

- რაღა დროს ჩემი ტელევიზიაა? უკვე ხანში შევედი (იღიმის), თუმცა ტელეწამყვანებს კონსულტაციას დიდი სიამოვნებით გავუწევდი.

- 2 ოქტომბერს გადაცემა "ვასიკო ოდიშვილის ამბები" წაიყვანეთ. ბევრს გაახსენდა გადაცემა "ოქროპირი", რომელსაც თქვენ ახმოვანებდით.

- (იღიმის) დამირეკა ვასიკომ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მომწონს ვასიკო, ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე გადასარევად გამოსდის. მისი ა(მ)ბები 15-წუთიანი განტვირთვის და გულის მოსაფხანი კარგი საშუალებაა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები