ინგა გრიგოლია: "არის საინტერესო წინადადებები და ამ ყველაფერზე სერიოზულად უნდა დავფიქრდე..."

ინგა გრიგოლია: "არის საინტერესო წინადადებები და ამ ყველაფერზე სერიოზულად უნდა დავფიქრდე..."

"ალიას" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში ტელეკომპანია "იმედი" ოფიციალურად ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს დაუბრუნდება. მართალია, ამ ინფორმაციას ოჯახი ჯერჯერობით ასაიდუმლოებს, მაგრამ, როგორც სანდო წყარო იტყობინება, "იმედის" გადაცემა მოხდება უზარმაზარ დავალიანებასთან ერთად. კონკრეტულად რა სახის დავალიანებაზეა საუბარი და ტელეარხი განაგრძობს თუ არა მუშაობას, ესეც არ არის გარკვეული.

ამ დროს დღის წესრიგში დადგა ტელეკომპანია "მზის" დაბრუნების საკითხიც, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, უკვე გადაეცა სააკაშვილის მიერ წართმეული რეგიონული არხი - "გურია" და უახლოეს ხანში მისი საკუთრება გახდება "მზეც". აი,აქ უკვე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოლიტიკიდან წამოსულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც მალე ლონდონში ჩავა ვანო ჩხარტიშვილთან მოსალაპარაკებლად.

"იმედი" თუ "მზე"? ამაზე "ალიას" თავად ინგა გრიგოლია ესაუბრება:

- ამ წუთას მაქვს პაუზა, საერთოდ არ ვთვლი, რომ დღესვე უნდა გავვარდე რომელიმე ტელევიზიაში. სხვათა შორის, გადაწყვეტილი მაქვს, პრესაშიც დავიწყო წერა, აქამდე არ მქონია ასეთი სურვილი. საკრებულოში ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მარტო ტელევიზიით არ მინდა, შემოვიფარგლო.

- მამუკა ღლონტმა მეორე დღესვე მიგიწვია "მაესტროში", უარი რატომ თქვი?

- უარი არ მითქვამს... მამუკა ღლონტის ძალიან მადლობელი ვარ, მისი წინადადება მნიშვნელოვანი იყო იმ ეტაპზე. ამჟამად ყველაზე რეალურად რაც მესახება, ეს არის ტელეკომპანია "მზე"... როცა მაჟორიტარობიდან ჩემი კანდიდატურა მოვხსენი და ცოტა მდგომარეობიდან გამოვედი, ლონდონიდან დამიკავშირდა ვანო ჩხარტიშვილი, ვისაუბრეთ, მისი მხრიდან არის საინტერესო წინადადებები და ამ ყველაფერზე სერიოზულად უნდა დავფიქრდე. თუ ახალი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში აღდგება სამართლიანობა, მაშინ იმ ადამიანებს, რომლებსაც მედიასაშუალებები წაართვეს, უნდა დაუბრუნდეთ უკან. ლონდონის სასამართლოში თითქმის უკვე დასრულებულია პროცესი, დარჩა რაღაც ფორმალური მხარე. თავის დროზე "მზე" გავაკეთეთ ჩვენ და მართლაც იყო ახალი მოვლენა ქართულ ტელესივრცეში. როგორც ვიცი, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ყოფილ თანამშრომლებთანაც. ალბათ, ირაკლი იმნაიშვილიც ჩაერთვება ამ საქმეში და ვფიქრობ, ისევ საინტერესო მოვლენებთან გვექნება საქმე. უახლოეს დღეებში ვაპირებ ლონდონში წასვლას, შევხვდები ვანო ჩხარტიშვილს, დავსხდებით, ყველა დეტალს გავივლით და მოვიქცევი იმის მიხედვით.

- "იმედი" არ ჩანს შენს თვალსაწიერში?

- არა, მე ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს "იმედთან" დაკავშირებით. ეს ერთადერთი ტელევიზიაა, რომელსაც არ განვიხილავ.

- როგორც ვიცი, შენ "საზოგადოებრივ მაუწყებელზეც" ფიქრობ?

- მე კი მაქვს სურვილი, მაგრამ არ ვიცი, ჩემი პროექტი "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" რამდენად იქნება საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, მე ვაპირებ, ერთი პროექტი წარვადგინო.

- უკვე საუბარია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელის შეცვლაზე, ამ თანამდებობაზე არ გაქვს პრეტენზია?

- არა, მე ვიქნები ან პროდიუსერი, ან კიდევ ერთი რიგითი ჟურნალისტი. ადრე ასეთი რაღაც გეგმაში მქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტე, ვიყო მხოლოდ ჟურნალისტი, გადაცემის წამყვანი. იდეები ბევრი მაქვს, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მე მიჩვეული ვარ წერტილების დასმას და მერე ხელახლა დაწყებას.

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებული ვერსია)

გაზეთი "ალია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები