ნოე სულაბერიძე - "იმედი" გვაროვნულ კლანად იქცა

ნოე სულაბერიძე - "იმედი" გვაროვნულ კლანად იქცა

სტუდია TBC TV-ის ხელმძღვანელმა და პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში "იმედიდან" წამოსვლის მიზეზების შესახებ ისაუბრა. სულაბერიძე ტელეკომპანიას უსამართლობასა და კლანურ დამოკიდებულებაში ამხელს და აცხადებს, რომ "იმედში" გადაწყვეტილებებს ხშირად არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პირადი ურთიერთობების საფუძველზე იღებდნენ.

"არასწორად მიმაჩნია, როდესაც ადამიანები საკუთარი შეცდომების შესახებ საუბარს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებისა თუ ცვლილებების შემდეგ იწყებენ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ გადაცემაში ჩემი მოსვლა ამას არ ემსახურება. არ მინდა ვისაუბრო კონკრეტული პერსონების შესახებ, მაგრამ "იმედი" ბოლო დროს გვაროვნულ კლანად იქცა, სადაც პოზიციების გადანაწილებისა თუ პროექტებში დასაქმებასთან დაკავაშირებით გადაწყვეტილებებს არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პირადი ურთიერთობების საფუძველზე იღებენ, იმის მიხედვით თუ ვინ რამდენად ახლოსაა ხელმძღვანელობასთან. ეს "იმედში" ყველამ იცის, უბრალოდ, საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ", - განაცხადა შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში სულაბერიძემ.

TBC TV-ის ხელმძღვანელი ტელეკომპანია "იმედს" სტუდიის მიმართ უსამართლოდ მოპყრობაში ადანაშაულებს და ამ გადაწყვეტილებას არხის შეცდომად აფასებს.

"იმედი" ძალიან უსამართლოდ მოექცა ჩვენს გუნდს და არა მხოლოდ ჩვენ. სტუდიამ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა მაისში, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ გაწყვიტა. თუმცა მაშინ ამის გამო ხმაური არ აგვიტეხავს. არხის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში მეორე სეზონიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია -  ურთიერთობა მთავრდება და იწყება ახალი, მაგრამ, მიმაჩნია, რომ "იმედის" მხრიდან ეს მაინც არასწორი სვლა იყო. პრობლემა ადამიანებთან დამოკიდებულებასა და საქმისადმი მიდგომაშია", - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

პროდუსერის თქმით, გადაცემებში სტუმრების მიწვევა პოლიტიკური ნიშნის საფუძველზე ხდებოდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც TBC TV-ის შექმნილი პროექტები იყო.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ტელევიზიებში სტუმრების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ "იმედში" ჩვენი მუშაობის დროსაც ხდებოდა. ჩვენ ვებრძოდით ამას და მეტნაკლებად წინააღმდეგობის გაწევას ვახერხებდით", - განაცხადა პროდუსერმა.

გადაცემაში სულაბერიძემ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის სამორი ბალდეს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობის ნაწილს მისი გამარჯვება არ სურდა.

"სამორის გამარჯვება გარკვეულ მონაწილე რგოლს არ სურდა და ეს შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც წარმოაჩინა. პრობლემა თავიდან უფრო არსებობდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხალხს სურდა. კონკრეტული მოთხოვნები ჩემს მიმართ არ ყოფილა, ყველაზე მაღალ რგოლს ხელს ვერ დავადებ, თუმცა მათთან დაახლოებული პირები პროექტის გამარჯვებულთან დაკავშირებით უარყოფით განწყობას გამოხატავდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ.

პროდუსერმა TBC TV-ის სამომავლო პერსპექტივის შესახებაც ისაუბრა. სულაბერიძე "იმედთან" მომავალში თანამშრომლობას ამ ეტაპზე გამორიცხავს.

"დიდი ხანია მივხვდი, "იმედში" ისეთი ფეოდალიზმია ჩამოყალიბებული, რომ რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაინც არსაკიძის პრინციპი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის "იმედის" კარი დაიხურა, თავს დაჩაგრულად მაინც არ ვგრძნობთ. ყველაზე კარგი რაც "იმედმა" მოახერხა ის იყო, რომ გასართობი ნიშა დაიკავა, რაშიც ლომის წილი სწორედ ჩვენს სტუდიას მიუძღვოდა. TBC TV მრავალპროფილურია და ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა კომერციულ პროექტზე მუშაობას განაგრძობენ", - განაცხადა სულაბერიძემ.

სტუდია TBC TV-ს 2007-2011 წლების განმავლობაში არაერთი ტელეპროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: "სიმართლის დრო", " face - კონტროლი", "მუსიკალური ლიგა", "ცხოვრება მშვენიერია", "საქართველოს დიდი ათეული", "Prime Time", "მოწყვიტე წამი", "ხარისხის ნიშანი", "პრაიმ მენიუ", "წითლები", "Sport Time" და "ცეკვავენ ვარსკვლავები".

სოფო მინაშვილი

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები