როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე

როსტო - ქალების გულებსა და ცხოველებზე მონადირე

როსტო - იგივე ლევან როსტოშვილი, პირველად "ნანუკას შოუში" გამოჩნდა. მაყურებელი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა, ვინ იყო კუთხეში მჯდარი ახალგაზრდა, რომელიც როსტოდ გააცნეს და გადაცემაში არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა. მუდმივი პიარის მიუხედავად, როსტოთი მხოლოდ თინეიჯერი გოგონები დაინტერესდნენ და მანაც მალე მოირგო მაჩოს იმიჯი. დასაოჯახებელი როსტოს გარშემო უამრავი ჭორი აგორდა. ხან ლიკა ქორქიასთან დააწყვილეს და ხანაც მაშინ ჯერ კიდევ დაუოჯახებელ სალომე გოგიაშვილთან.

მაშინ, როცა როსტოს გარშემო საქართველოში ჭორების კასკადი არ წყდებოდა, უკრაინულ პრესაში ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა სკანდალური სტატიები და ქართველი მაჩო არცთუ სასიამოვნო ამბავში გაეხვა.

როსტოს რჩეული უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, რეგიონული დეპუტატი, ეროვნული გმირი იანა კლოჩკოვა აღმოჩნდა. მათი სიყვარულის ისტორია თურმე კაფეში დაიწყო, როცა ბიზნესის სპეციალისტი როსტო უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. წყვილის საერთო ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა უკრაინულ პრესაში, მაგრამ სკანდალი მაშინ გაჩაღდა, როდესაც იანა ფეხმძიმედ აღმოჩნდა. როგორც მაშინ პრესა წერდა, როსტო შვილს დიდი სიხარულით ელოდა, ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობდა და მომავალი სასიძოს სტატუსს იფერებდა, მაგრამ... საბოლოოდ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ორსული იანა, ერთხელ - დაბადებული ბავშვი, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.

იანას მამა, ალექსანდრე კლოჩკოვი როსტოს "ქართველ ალფონსად" მოიხსენიებდა და ამბობდა:

"ადამიანი, რომელიც კაზინოებში დადის და დილამდე კარტს თამაშობს, მერე კი შუადღემდე სძინავს, ნორმალურია? და საკუთარ თავს აძლევს უფლებას თქვას, რომ შვილს საქართველოში წაიყვანს იმიტომ, რომ "ხოხოლებს" არ შეუძლიათ ნამდვილი მამაკაცების აღზრდა. იმ მითს გავფანტავ, თითქოს ლევანი წა­რმატებული ბიზნესმენია. ის არანაირი ბიზნესმენი არ არის. იანამ თვითონ თქვა, რომ რესტორნებში მის ნაცვლად იხდიდა ფულს".

გასულ კვირას სოციალურ ქსელში როსტოს ერთი ძალიან საინტერესო ფოტო გავრცელდა. როგორ ჩანს, პოპულარული მაჩო მხოლოდ ქალბატონების გულებზე არ ნადირობს. მოკლულ და სისხლიან ცხოველებთან (ენოტთან და მელასთან) ერთად გადაღებულ ფოტოზე როსტო ამაყად იწონებს თავს. ამ ფოტომ ცხოველების უფლებების დამცველთა დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, როსტო სულაც არ გრძნობს თავს უხერხულად, თორემ ალბათ ფოტოს არ გადაიღებდა და მით უმეტეს, სოციალურ ქსელში არ გამოფენდა.

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოველდღე იმდენი საინტერესო რამ ხდება, რომ ხანდახან ჟურნალისტებს სიახლეებისთვის ფეხის აწყობა გვიჭირს. მას შემდეგ, რაც "იმედზე" გასართობი გადაცემები დაიხურა, "ნანუკას შოუ" იანვრამდე აპირებდა ეთერში დარჩენას, მაგრამ როგორც კი "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა, ტელეწამყვანმა არხი დატოვა, როგორც თავად განაცხადა, მორალური ვალდებულებების გამო. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბერში მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილისა და ნანუკას მეუღლის, ერეკლე კოდუას საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც პატარკაციშვილი ვითომ აჯანყებაზე საუბრობდა. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ფარული ჩანაწერი თავად ერეკლე კოდუამ გააკეთა და ამის გამო პრეზიდენტმა ლამის გმირადაც შერაცხა.

სავარაუდოდ, ტელესივრცის მიღმა დარჩა როსტოც, რომელიც ისე მოვიდა და წავიდა, მაყურებელმა მაინც ვერ გაიგო, რაში უხდიდნენ მონადირე მაჩოს ხელფასს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები