გული არ მითმენს, რომ ჩემი ამბავი არ გიამბოთ. ნამდვილად გაუხუნარია ჩემი გრძნობა, რომელსაც 30-მა წელმა ვერაფერი დააკლო. ბავშვობაში მიყვარდა ჩემი ძმის მეგობარი, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსი გახლდათ. იმასაც ვუყვარდი, მაგრამ მოგეხსენებათ, ძმაკაცის დის შეყვარება სირცხვილად მიიჩნევა ახლაც და ასე იყო მაშინაც. ჰოდა, ერთმანეთს კი ვხვდებოდით და ერთურთის სიყვარულითაც ვიწვოდით, მაგრამ საგულდაგულოდ ვმალავდით ამას. ასე ვმალეთ მთელი 2 წელი. შემდეგ მათ საძმაკაცოში საშინელი ამბავი მოხდა: ასევე ერთი ძმაკაცის დას და მეორე ძმაკაცს ერთმანეთი შეჰყვარებიათ და გაპარულან. ამათ ძმაკაცს ანუ პატარძლის ძმას მოუძებნია ახალდაქორწინებულები და სიძე დანით დაუჭრია.
ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს ის ბიჭი. ამ ამბის გამო დიდი რია-რია იყო ატეხილი და ყველა სიძეს ამტყუნებდა, ძმაკაცის და როგორ შეუყვარდაო. ჰოდა, ჩვენს ურთიერთობას საფრთხე დაემუქრა. დათომ მითხრა, - ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, სახელს ვერ შევირცხვენო. დავანამუსე კიდეც, - სიყვარულისთვის ბრძოლა არ შეგიძლია, მხდალი ხარ-მეთქი, მაგრამ არ გაჭრა. ძმაკაცების დაკარგვას ჩემი დაკარგვა ამჯობინა და 1 კვირაში ცოლი მოიყვანა, რომ ჩემთვის ყველა გზა მოეჭრა. მოკლედ, ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი ასეთი საქციელი, მაგრამ თან თავს ვიმშვიდებდი, ალბათ ასე ჯობდა-მეთქი. გავიდა დრო, მეც გავთხოვდი. ურთიერთობა სულ გვქონდა, რადგან ჩემს ძმასთან ძველებურად მეგობრობდა და თითქმის სულ ერთად იყვნენ. 7 წელი მყავდა ქმარი, შვილი კი არ შემეძინა. დათოს 1 ბიჭი ჰყავს.
ამ რამდენიმე ხნის წინ ისიც გასცილდა ცოლს. ოღონდ, მე არაფერ შუაში ვარ, გეფიცებით. ჰოდა, მალევე დაიწყო ჩემთან ძველი ურთიერთობის აღდგენა. ჯერ კი ვფიქრობდი, არ ავყვები, თუ ვუყვარდი, მაშინ არ დამკარგავდა-მეთქი, მაგრამ მერე ვერ გავუძელი ცდუნებას და მეც ავყევი. ახლა ერთად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ისევ ვიმალებით. ჩემს ძმას კი უკვირს, - დათო თავს არიდებს ჩვენთან სტუმრობას და ნეტავ ხომ არაფერი ვაწყენინეო, მაგრამ მე ხმას არ ვიღებ. რამდენიმე დღის წინ დათომ გადაწყვიტა, ჩემს ძმას დაელაპარაკოს და სურვილი აქვს, რომ ოჯახი შევქმნათ. არ ვიცი, რა იქნება, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად გაგაგებინებთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
გკოცნით, მიყვარხართ, მაიკო.