ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"

ალეკო თეთრაშვილი - "ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ"

მსახიობისა და პაროდისტის, ალეკო თეთრაშვილის ოჯახს ახალი წევრები შეემატნენ: მის უფროს ვაჟს პატარა ალექსანდრე შეეძინა, ხოლო უმცროსმა ცოლი შეირთო. სექტემბრის დამლევს მსახიობს დაბადების დღეც ჰქონდა, ამიტომ ინტერვიუ მილოცვით დავიწყე.

- ბატონო ალეკო, გილოცავთ უმცროსი შვილიშვილის შეძენას! როგორი ბიჭია?

- დიდი მადლობა! პატარა სანდრო ძალიან საყვარელია. ის ჩემი მოსახელე გახლავთ. უფროსი შვილიშვილი გოგონაა და ორწლინახევრის არის...

- ქართველ მამაკაცებს უხარიათ, როცა ოჯახში ვაჟი იბადება...

- სხვათა შორის, როცა ჩემი ორი ვაჟი დაიბადა, ეგ მომენტი მეც მქონდა, მაგრამ ახლა, როცა პირველი შვილიშვილი გოგონა შეგვეძინა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. საოცრებაა შვილიშვილი! ისეთი გრძნობაა, თითქოს შვილები ხელმეორედ იბადებიან.

- მაინც, როგორ გამოხატავს პაპა სიყვარულს?

- ბავშვები ჩემი სისუსტეა. ბევრჯერ ქუჩაში სრულიად უცხო, ბავშვიანი ქალბატონი გამიჩერებია და მისი პატარა გულში ჩამიხუტებია, სიყვარულით მომიჭმუჭნია. ძალიან ბევრია "ჩასაყლაპი" და "შესაჭმელი" ბავშვი. როცა მცალია, შვილიშვილს გვერდიდან არ ვშორდები. შემიძლია, საჭმელიც არ ვჭამო, მთელი დღე მას ვეთამაშო. შაბათ-კვირას ბავშვთან ერთად ვატარებ: ვსეირნობთ, მივირთმევთ, ვიძინებთ და ვიღვიძებთ. ასე გავზარდე ჩემი შვილებიც და ახლა ვცდილობ, შვილიშვილებიც გავანებივრო.

- ამასთან ერთად, თქვენს ოჯახში მეორე სიახლეცაა - უმცროსი ვაჟი დაოჯახდა; გილოცავთ!

- დიდი მადლობა. ოჯახში შევსება გვაქვს (იღიმება). უნდა ითქვას, ბედმა გამიღიმა. ქალიშვილის სიყვარული არ ვიცოდი და სახლში ორი უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, საოცარი გოგონა შემომივიდა. ისეთი თავაზიანები, ზრდილობიანები და განათლებულები არიან, ეტყობათ, ნამდვილ ქართულ ოჯახში რომ არიან აღზრდილები.

- ამჟამად სად იმყოფებიან?

- უფროსი ვაჟი თავისი ოჯახით აქ არის, ხოლო უმცროსები საქორწინო მოგზაურობაში, ჩეხეთში იმყოფებიან.

- ცოტა ხნის წინ დაბადების დღეც გქონდათ. როგორ აღნიშნავთ ხოლმე? ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საოცრად მხიარული და ქეიფის მოყვარული ბრძანდებით...

- ოჰ, ამ დღეს დილიდან იწყება ტელეფონის ზარები... თუ დრო და საშუალება მაქვს, ყველას სახლში ვეპატიჟები. იყო შემთხვევა, როცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რესტორანში წავიყვანე, მაგრამ რად გინდა? სწორედ ასეთ დროს ატყდებოდა ხოლმე რეკვა და ეს რამდენიმე ადამიანი ერთ საათში ორმაგდებოდა ან სამმაგდებოდა!.. ბოლო 3-4 წელია, მასშტაბური დაბადების დღე არ გადამიხდია.

- დაბადების დღე გრანდიოზულად აღგინიშნავთ?

- კი, ოღონდ - ახალგაზრდობის პერიოდში. მქონია ორდღიანი დაბადების დღე - მაშინ, როცა 26 სექტემბერს 26 წელი შემისრულდა. ადრე დაბადების დღეს რესტორანში იშვიათად აღნიშნავდნენ ხოლმე, ამიტომ ჩემთან სახლში იმართებოდა დიდი სუფრები. მაშინ სხვა ცხოვრება იყო, სხვა ხალისი.

- დავიჯერო, ასე საგრძნობლად შეიცვალა მოლხენა თქვენს სუფრებზე?

- ჩემი მეგობრები ძირითადად, ხელოვნების წარმომადგენლები, პროფესიონალი მომღერლები არიან და მათთან ერთად ქეიფს არაფერი სჯობს. სუფრას სიმღერა, გიტარა, იუმორი უხდება, ჩვენ კი ეს არ გვაკლია და თავისთავად, წვეულება მხიარული გამოდის. მოკლედ, ამას დრო ვერაფერს აკლებს - რაც ადრე იყო, ახლაც ის არის. თუმცა, როგორ შეიძლება, ქეიფისას ჩვენი გარდაცვლილი მეგობრებიც არ მოვიხსენიოთ?!. ბავშვობას და ჩემს პირველ დაბადების დღეს გავიხსენებ, რომელიც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. ალბათ 4 წლის ვიქნებოდი. მამამ დიდი სუფრა გამართა და როცა გემრიელი ქეიფი დაიწყო, მეც მომინდა, ჩემი "კამპანია" მომეწყო. ამისათვის, ჩემს ოთახში მივიწვიე მეზობელი გოგონა, რომელიც მიყვარდა. პატარა მაგიდაზე ხაჭაპური, შემწვარი წიწილა და ლიმონათი დავაწყვე და გავმართეთ "ქეიფი"... მოკლედ, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ბოლოს, მშობლებმა გოგო რომ მოიკითხეს და ვერ იპოვეს, ატყდა საშინელი ჩოჩქოლი, ტირილი; თურმე, დედამისს ვედროებით წყალს ასხამდნენ მოსასულიერებლად, ჩვენ კი ამ დროს ოთახში ვიყავით და ბედნიერად "ვქეიფობდით". უეცრად მამამ ჩემი ოთახის კარი შემოაღო და რადგან ცოცხლები დაგვინახა, ამოისუნთქა. დაიძახა, - აქ არისო და ყველა ჩვენთან გაჩნდა. აი, ასე მივიყვანე სახლში ჩემი პირველი შეყვარებული (იცინის).

- საჩუქრებიც გეყვარებათ, რა თქმა უნდა...

- აბა, რა! ძალიან მიყვარს, როცა რამეს მჩუქნიან და გაჩუქებაც მიყვარს. მომწონს, როცა ადამიანს რაღაცით სიამოვნებას ვანიჭებ... იცი, რას ვერ ვიტან? ზოგიერთი წუწურაქი და უსინდისო ისეთ საჩუქარს მოგიტანს, რომ... ჯობს, ერთი მაგრად ჩაგეხუტოს და მოგილოცოს, ვიდრე რაღაც "სასაცილო" მოგართვას. მოვალეობის მოხდით გაკეთებული არაფერი მიყვარს.

- ქალისთვის საჩუქრის შერჩევა უფრო ადვილია, ვიდრე მამაკაცისთვის...

- (მაწყვეტინებს) მამაკაცისთვის საუკეთესო საჩუქარი ალბათ, კარგი პერანგი, ჰალსტუხი და სანთებელაა. მიყვარს სუნამო, კარგი სასმელი ან სასმისი. სახლში სასმისების გამოფენა მაქვს. მამაჩემი აგროვებდა ლამაზ ყანწებს და ამ ტრადიციას მეც ვაგრძელებ. მაქვს აგრეთვე განსხვავებული ჭიქები. მახსოვს, ერთხელ ავად გავხდი და მეუღლე ექიმთან გამომყვა. ექიმმა წამლები რომ გამომიწერა, მითხრა, - ეცადე, სასმელი არ დალიო, მაგრამ თუ სხვანაირად არ გამოვა, ორ ჭიქაზე მეტი არ გინდაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, - ამას იმხელა ჭიქები აქვს, ის რომ ორი დალიოს, წამალი ვეღარაფერს უშველისო (იცინის).

- მამაკაცი საკუთარ ოჯახში სუფრას ძირითადად, თავად უძღვება...

- შვილებისა და მეუღლის დაბადების დღეებზე სუფრას მე ვუძღვები, მაგრამ საკუთარზე - ბუნებრივია, არა.

- რა პრინციპით არჩევთ თამადას?

- რა არჩევა უნდა, როცა "ლოთი" მეგობრები მყვანან?!. ჩემი აზრით, "ლოთი" - კარგი მომლხენი და პურისმჭამელია. უკვე 35-40 წელია, ერთმანეთი გამოცდილი გვყავს ამ "საქმეში". მეც ვთამადობ ქორწილებში, ნათლობებში. სამწუხაროდ, ქელეხებშიც მიწევს სუფრის წინამძღოლობა...

- მეუღლეს კერძების მომზადებაში თუ ეხმარებით ხოლმე?

- არა. ჩემი მეუღლე იმდენად გემრიელ და საინტერესო კერძებს ამზადებს, რომ ჩემი ჩარევა აღარ არის საჭირო. ის საოცარი გურმანი და მზარეულია. მართალია, მეც კარგად მეხერხება ხორცეულის მომზადება (უგემრიელესად ვამზადებ: ჩახოხბილს, სოუზს, ჩაქაფულს, ხაშლამას, თათარიახნის), მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებ... ერთადერთი, რაშიც ვმონაწილეობ ხოლმე, საახალწლოდ გოზინაყის მომზადებაა. დედაჩემი ქიზიყელი, "ოთარაანთ ქვრივივით" ქალი იყო და "სასწაული" გოზინაყის გაკეთება იცოდა: მთელი 3 დღე აკეთებდა და მეც ვეხმარებოდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ამ ნუგბარს თავად ვამზადებ; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრი დრო უნდა და მეუღლე ამისთვის ვეღარ იცლის და მეორეც - უგემრიელესი გამომდის. ვისაც ჩემი მომზადებული გოზინაყი გაუსინჯავს, მისი გემო აღარ ავიწყდება!

- მეუღლე და შვილები დაბადების დღის საჩუქარს არ გიკეთებენ?

- როგორ არა! მეუღლე სულ მეუბნება, - ხომ იცი, რაღაცას მაინც გიყიდი და მითხარი, რა გირჩევნიაო? ცოტა მერიდება თქმა, მაგრამ მაინც ვეუბნები... სამაგიეროდ, წინასწარ არასდროს ვიცი, შვილები რას მაჩუქებენ. ამას წინათ "ავჭიკჭიკდი" (იცინის): ესა და ეს სუნამო ძალიან მიყვარს, მაგრამ მიმთავრდება-მეთქი. მახსოვს, ადრე ერთი შარვალი მომწონდა და მაღაზიებში არ იყიდებოდა. ჰოდა, მეუღლემ სიურპრიზი მომიწყო - მკერავს სწორედ ასეთი შარვალი შეაკერვინა და მაჩუქა. მეც გამიკეთებია მისთვის საჩუქრები. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ყოველთვის ფიქრობენ იმაზე, თუ რით ასიამოვნონ ერთმანეთს...

- დაბოლოს, ბატონო ალეკო: ამჟამად რას საქმიანობთ?

- ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ. არის რაღაც სატელევიზიო მიწვევებიც და ვნახოთ, რა იქნება. ამჟამად, მე და ნატუკა გულისაშვილს რადიოში საავტორო პროგრამა - "ნატაშასა და კუკუშას სამზარეულო" მიგვყავს. სხვა საინტერესო ჯერჯერობით, არაფერია... უნდა გამოგიტყდეთ - ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრა კამერასთან მუშაობა!

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"