ერეკლე საღლიანი: "ახალგაზრდებმა არ უნდა იკითხონ მდარე ხარისხის ლიტერატურა"

ერეკლე საღლიანი: "ახალგაზრდებმა არ უნდა იკითხონ მდარე ხარისხის ლიტერატურა"

"წიგნი სასწაულია. უბედურება ისაა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ადამიანები წიგნს მოსწყვიტა. ჩემი შვილი მეთერთმეტე წელიწადშია და ომი მაქვს მასთან. დაჯდება კომპიუტერთან და სასურველ ინფორმაციას იქ ეძებს. არადა, არც წიგნის მიმართაა მწყრალად, მაგრამ მე მაინც მინდა, მეტი დრო დაუთმოს მას. ფურცელთან შეხებას თავისი მაგიური ძალა და სიკეთე აქვს. ის ფიქრის საშუალებას გაძლევს, რაც კომპიუტერსა და ტელევიზორთან შეუძლებელია"... - ამბობს პოეტი ერეკლე საღლიანი, რომელსაც ლიტერატურულ გემოვნებაზე სასაუბროდ შევხვდით...

-  ბატონო ერეკლე, თქვენთვის ლექსის წერისას ფურცელი და კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა?

-  ვერ ჩაანაცვლა. საერთოდ, კომპიუტერს ათასში ერთხელ ვეკარები, მაშინ, როცა ინფორმაციას ვეძებ, ან კლასიკასა და ხალხურ მუსიკას ვუსმენ. საქმე ისაა, რომ წიგნს ადამიანი მიჰყავს გონებრივი და სულიერი სრულყოფისკენ, ხოლო კომპიუტერს - საინფორმაციო ცოდნისკენ. კომპიუტერი ცოცხალი არ არის, წიგნი კი ცოცხალია. გენიოსის ნათქვამი სიტყვებია: გადავშლი ფურცელს და ხელს ვართმევ კაცსო. ანუ კითხვის დროს პირდაპირ ავტორს ხვდები და მასთან ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა გეძლევა. არ გეგონოთ, რომ კომპიუტერს უარვყოფდე, მაგრამ ის გეგმაზომიერად უნდა გამოიყენო. ტელევიზორსაც უნდა ვუყუროთ, მაგრამ მათ ხარჯზე წიგნს არ უნდა მოვწყდეთ.

-  ბავშვობაში ვინ გირჩევდათ ლიტერატურას?

-  ბავშვობაში ლიტერატურას დედ-მამა მირჩევდა. ასევე მამას მეგობრები. შემდეგ უკვე, როცა წამოვიზარდე, თავად ვარჩევდი. როცა გონება იწაფება, რჩევა აღარ გჭირდება. IV კლასში საბავშვო ლიტერატურიდან თითქმის ყველაფერი წაკითხული მქონდა. "სამი მუშკეტერიდან" დღესაც ზეპირად ვიცი ადგილები და დიალოგების გადმოცემაც შემიძლია. მაშინ მეგონა, რომ დიუმას დონის მწერალი მსოფლიოში არ არსებობდა. იმავე ასაკში წაკითხული მქონდა ჟიულ ვერნის რომანები, რომელთა კითხვა მოზარდისთვის აუცილებელია, რადგან ეს არის სამყარო, რომელშიც მოზარდის სული იწრთობა, გემოვნება ყალიბდება. არსებობს ისეთი წიგნებიც, რომლებიც დროის სვლასა და ადამიანის განწყობის ცვლას არ ექვემდებარება. ასეთი წიგნი სერვანტესის "დონ კიხოტია". ეს არის უკვდავი წიგნი, როგორც ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის, ისე ხანდაზმულისთვის. არსებობს რამდენიმე წიგნი, რომელსაც მე კვირაში ერთხელ ვუბრუნდები და მათ შორისაა "დონ კიხოტი".

-  და კიდევ?..

-  რუსთაველი, ვაჟა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, აკაკი, ილია, გალაკტიონი, რომელი ერთი ვთქვა?! რა თქმა უნდა, უცხოელ ავტორებსაც ვკითხულობ, მაგრამ, პირველ რიგში, ჯერ ჩემი უნდა ვიცოდე, ჯერ ჩემი უნდა მტკიოდეს. ამჟამად ვკითხულობ ჯორჯ ორუელის "1984"-ს. ხშირად ვუბრუნდები დოსტოევსკის "ძმებ კარამაზოვებს", ტოლსტოის "ჰაჯი მურატს". მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ სერვანტესი მაინც "ჩემი" მწერალია. ნებისმიერი დიდი მწერლის კითხვისას, ისევ და ისევ სერვანტესთან მივდივარ. ასევე მივიჩნევ, რომ XIX საუკუნეში რუსებს ჰყავდათ დიდი მწერალი - გოგოლი, რომლის მხრებზე დგანან დოსტოევსკი, ტოლსტოი და სხვა დანარჩენებიც. გოგოლი სათქმელს მოსხლეტილად ამბობს, არ წელავს.

-  "ვეფხისტყაოსანს" სკოლაში რომ ვსწავლობდით, ბევრ ბავშვს ეს პოემა არ უყვარდა, ვერ იგებდა, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?

-  "ვეფხისტყაოსანი" ყოველთვის მიყვარდა, თუმცა გეტყვით, 4 წლის ასაკში მის ავტორთან დაკავშირებით რა შემემთხვა: მამაჩემი პოეტი გახლდათ, რამდენიმე წიგნის ავტორი და მის გარდა სხვა პოეტის სახელი გაგებულიც არ მქონდა. მეორე, ვინც გავიცანი, ეს შოთა რუსთაველი იყო. ერთხელ დედაჩემს ვკითხე, რომელი უფრი მაგარი პოეტია, მამა თუ შოთა-მეთქი. დედამ შოთა რუსთაველი დამისახელა. ამაზე ცოტა გავბრაზდი (იცინის). მამა ყოველთვის მირჩევდა, ნელა და ცოტა მეკითხა და წაკითხულზე მეფიქრა. მეუბნებოდა, გააანალიზე, ამა თუ იმ ნაწარმოების პერსონაჟის ადგილას შენ როგორ მოიქცევიო.

-  რომელიმე ნაწარმოების გმირს თუ ამსგავსებდით თავს?

-  კონკრეტულად არავის, ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უბრალოდ, ამა თუ იმ ნაწარმოების პატარ-პატარა ეპიზოდებიდან და პერსონაჟთა ქცევებიდან ვქმნიდი იდეალურ გმირს. მაგალითად, არ მომწონდა ავთანდილის საქციელი, რომელიც ჭაშნაგირს კლავს, ფატმანის დასარწმუნებლად კი მას ბეჭდიანად აჭრის თითს. პატარა ბავშვი იმ მომენტში ვერ ვიღებდი ავთანდილის ამ საქციელს, რასაკვირველია, თუ ამას საქციელის დონეზე დავიყვანთ, ვერც დღეს ვამართლებ, მაგრამ ავთანდილის სხვა თვისებებს წინა პლანზე ვწევდი და საბოლოო ჯამში გამომყავდა იდეალური გმირი. მივიჩნევ, რომ "შუშანიკის წამება" აგიოგრაფიულ მწერლობაში ყველაზე დიდი ნაწარმოებია. თავისი სიმძაფრითა და შეხლა-შემოხლით, სასწაულებით, პიროვნების სახეცვლილებებით. არაერთს დაუწყია განსჯა იმისა, თუ რატომ შეალეწა შუშანიკმა ჯოჯიკის ცოლს სახეში ჭიქა. იმ დროს ის ჯერ წმინდანი არ ყოფილა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც თავისი შეცდომები ჰქონდა. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები გიჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა ამაღლდე, განვითარდე და გაიზარდო. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გავიხსენოთ. წიგნში ღვთითგამობრძმედილი მამის არც ერთი ნაკლი მითითებული არაა. ავტორმა იდეალური გმირი შექმნა და ის რეალურად ასეთიც იყო, მაგრამ ამ საკითხს მხატვრული კუთხით თუ მივუდგებით, პირადად ჩემთვის "შუშანიკის წამება" უფრო საინტერესოა.

-  წაკითხულის გაანალიზებასა და მასზე ფიქრზე მესაუბრეთ. ამ თვალსაზრისით რომელი ნაწარმოებია თქვენთვის გამორჩეული?

-  ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომელსაც ერთ-ერთ უდიდეს რომანად მივიჩნევ. ასე წავიკითხე "გორა მბორგალი". ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნობელის პრემიას მივცემდი. არ ვჩქარობდი, ვფიქრობდი და ვითავისებდი. ერთხელ ჭაბუა ამირეჯიბთან სტუმრად ვიყავი და "გორა მბორგალზე" ვსაუბრობდი. მის გენიალურ მეუღლეს, საოცარ ქალბატონ თამარს გული დასწყდა, რომ ის საუბარი, სადაც ეს ნაწარმოები გავაანალიზე, არ ჩაწერეს. ნაწარმოების კითხვისას იმ გმირებთან ერთად ვიყავი და აქედან გამომდინარე ვმსჯელობდი. მოგვიანებით ქალბატონმა თამარმა მთხოვა, ჩემი ნააზრევი დამეწერა, მაგრამ ვეღარ შევძელი. ეს იმ დროს რომ გამეკეთებინა, როცა მათთან ვიყავი, ემოციას გადმოვცემდი, მაგრამ შემდგომ განცდა განელდა.

-  სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ლიტერატურულ საღამოებს აწყობთ, რომელზეც საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი არაერთი ავტორი და მისი შემოქმედება წარმოაჩინეთ. პირადად თქვენ ვის მიიჩნევთ აღმოჩენად?

-  საღამოებზე ბევრი აღმოჩენა გაკეთდა და არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ორი წლის წინ აღმოვაჩინეთ ერთი ახალგაზრდა კაცი ბექა ბაკურაძე, მაგრამ მას შემდეგ ის "გაქრა". ლექსი დიდი აღმაფრენაა, მაგრამ იმავდროულად უდიდესი ტანჯვა. ბევრი ამ ტანჯვას ვერ უძლებს და გაურბის. გული მწყდება, როცა ვხვდები ადამიანს, რომელიც კარგ ლექსებს წერდა, მაგრამ გაჩერდა, რადგან ტანჯვას ვერ გაუძლო. არადა, თუ არ იტანჯე, არაფერი გამოვა. როდესაც მარკესმა "მარტოობის ასი წელი" დაასრულა, მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ახალი რომანის დაწერას. უარი თქვა, არა, არ მინდა, რომ ამაზე მეტად ვიტანჯოო. მიუხედავად ამ განცხადებისა, მარკესმა მას შემდეგ კიდევ რამდენიმე რომანი დაწერა, რადგან ეს ისეთი რამაა, რომ ღირს საწამებლად და უნდა ევნო.

-  დღეს ძალიან ბევრი ავტორის ნაწარმოებს უწოდებენ ე.წ. მზესუმზირა ლიტერატურას...

-  დიახ, ასეთი წიგნებიც გამოდის, მაგრამ მე მაინც მოვერიდები დასახელებას. ეს მათი ავტორების სინდისზე იყოს. ყველა დიდი მწერალი დროის შვილია, მაგრამ ის მხოლოდ იმ დროში არ ცხოვრობს, როცა წერს, არამედ დროს წინ უსწრებს. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა, რომელიც არაგვის ხეობაში იყო "ჩაკეტილი", ჩარგლიდან ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ხედავდა და სწვდებოდა. ეს არის მწერლის სიდიდე.

-  კარგი მახსოვრობა გაქვთ?

-  ძალიან კარგი. ერთხელ ჩემი მახსოვრობის გამო ჩემი მეგობარი უხერხულ დღეში ჩავაგდე. ჩემმა მეგობარმა შერმადინ ქალდანმა თავისი დიდი ლექსი წამიკითხა, რომელიც ფირუზ მაჩურიშვილს მიუძღვნა. როცა მოვისმინე, ვუთხარი, არ გრცხვენია?! ეს ლექსი მე ერთი წლის წინ დავწერე და წაგიკითხე-მეთქი. მერე ლექსი ზეპირად ვუთხარი. კაცი გაგიჟდა, ლექსი მას ეკუთვნოდა და ვერ არკვევდა, საიდან შეიძლებოდა, ის მე ასე ზეპირად მცოდნოდა. ვეხუმრე, კარგა ხანს ვაწვალე, მაგრამ მერე სიმართლე ვუთხარი. ბოთლს დაავლო ხელი და გამომეკიდა (იცინის).

-  გადაურჩით?

-  რა თქმა უნდა (იღიმის). ლექსს ვერ დაიმახსოვრებ, თუ არ ვარგა, ლექსმა თავი თავად უნდა დაგამახსოვროს.

-  დღეს ახალგაზრდებს რის წაკითხვას ურჩევთ?

-  ნუ წაიკითხავენ მდარე ხარისხის ლიტერატურას. ერთხანს, სამწუხაროდ, პოპულარული იყო ისეთი წიგნები, სადაც ყოველ ნაბიჯზე მკვლელობები ხდებოდა. მახსოვს, დედაჩემმა, რომელიც ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, როგორ წამგლიჯა ხელიდან ერთ-ერთი ასეთი წიგნი, ბუხარში შეაგდო და დამიწვა. დღეს მისი მადლობელი ვარ. მოზარდი არ უნდა გაიზარდოს მდაბიო ინსტინქტებზე და ამ კუთხით ყურადღება მშობელმა უნდა გამოიჩინოს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ პედაგოგებს. პირადად მე ისტორიის შესანიშნავი პედაგოგი მყავდა - კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელსაც ლენინგრადის ბლოკადა ჰქონდა გამოვლილი. მან საოცარი სიყვარული გაგვიღვივა საქართველოს ისტორიის მიმართ. მერე მამას მეგობრების წრე იყო: ნოდარ ანდღულაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, შოთა ჩანტლაძე, დათო წერედიანი, გაიოზ შარაშიძე - ცნობილი ფსიქიატრი, ჩემი ნათლიები რეზო ბუკია და თენგიზ გელაშვილი. ამ ადამიანებისგან განათლებას ყველა სფეროდან ვიღებდი. შემდეგ იყო უნივერსიტეტის წლები, სადაც შესაძლოა, მაშინდელი სწავლების სისტემა სრულყოფილი არ იყო, მაგრამ როცა ძველს ანგრევ, უკეთესი უნდა ააშენო. ეს იგივეა, როცა ძველ სამოსელს გადააგდებ და ახალს იძენ. მის მორგებას ცდილობ და ვერაფრით ირგებ, საბოლოო ჯამში, დედიშობილა მდგომარეობაში რჩები.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს