დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."

დაჩი ცაგურია: "მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის..."

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ფილარმონიის წინ გამართული აქციების შემდეგ მეგობართან ერთად დააკავეს. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ათი დღე გაატარა. ამბობს, რომ ციხის თანამშრომლები ნორმალურად ექცეოდნენ, მაგრამ მანამდე პოლიციის გამჭვირვალე შენობის გაუმჭვირვალე ავტოსადგომში სცემეს. დაჩის პატიმრობის პერიოდში მისი გოგონა, მაშო დაიბადა. დღეები ნელა გადიოდა, ციხიდან გამოსულს კი ახალი პოლიტიკური რეალობა დახვდა.

- ციხის წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს უფლებადამცველ მეგობრებსა და ჟურნალისტებთან ერთად გლდანის ციხესთან მივედით. მალე მოვიდნენ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, პატიმრების მშობლები. იქ გავიგეთ, რომ იმ ფონზე, როდესაც მთელი ქვეყანა შოკში იყო, სააკაშვილმა გადაწყვიტა, "ვერის უბნის მელოდიების" მოსასმენად ფილარმონიაში მისულიყო. აქციამ ფილარმონიასთან გადაინაცვლა, შევეცადეთ, შიგნით შეგვეღწია, სადაც სააკაშვილი მუსიკის ჰანგებით ტკბებოდა, მაგრამ დაცვამ შესავლელი გადაგვიკეტა და პრეზიდენტი, როგორც მას სჩვევია, უკანა გასასვლელიდან გააპარეს. გადავწყვიტეთ, აქცია ფილარმონიასთან გაგვეგრძელებინა და მალე მოსახლეობაც შემოგვიერთდა. აქციის დროს სოფო ნიჟარაძემ დიდი შავი "მერსედესის" ჯიპით ჩამოიარა და იუმორისტ დათო გოგიშვილს დაუძახა, დათო, არ გრცხვენია, აქ რა გინდა? შევძახეთ, რომ მას უნდა შერცხვენოდა. არ მინდა, დავწვრილმანდე, მაგრამ მათ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანების დამსახიჩრებლებს, მკვლელებსა და მოძალადეებს ამართლებდა და დითირამბებს უმღეროდა, თავად უნდა რცხვენოდეთ.

- შემდეგ აქციებმა მიიღო პერმანენტული ხასიათი და მესამე დღეს ფილარმონიაში მსახიობებს სცენაზე ცოცხები აუტანეთ.

- ჩვენდა გასაოცრად, მიუზიკლის ჩვენება ბუბა კიკაბიძემ და ყოფილი ხელისუფლების ვაზელინშეპოხილმა ხელოვანებმა ისევ გააგრძელეს. ამ აქციას ორგანიზება ჩვენ გავუწიეთ, მაგრამ მე არ შევსულვარ, რადგან სახეზე მიცნობდნენ. რამდენიმე ადამიანი შევიდა და მიუზიკლის მსვლელობის დროს მსახიობებს ცოცხები დაუშინეს. ამ ყველაფერს, ჩვენდა გასაოცრად, დარბაზში მყოფი მაყურებლის ტაში მოჰყვა და ბევრმა დარბაზი დატოვა. ლამის ცარიელ დარბაზში გააგრძელეს სიმღერა.

- ამ ამბიდან მესამე დღეს და­გ­აკავეს.

- დიახ, მეორე დღეს სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა, იჭიმებოდა და თავს იმის უფლებას აძლევდა, რომ რიხით ელაპარაკა. გადავწყვიტეთ, იუსტიციის სახლთან მივსულიყავით და მისთვის შეკითხვები დაგვესვა. იქ პოლიციელების კორდონი დაგვხვდა, პოლიციელების რამდენიმე ჯგუფმა გზა გაგვიხსნა და მაშინ მივხვდი, რომ ეს რეჟიმი დამთავრდა. თითქმის იუსტიციის სახლამდე მივედით, მინის მეორე მხარეს სააკაშვილი იდგა. როგორც ჩანს, პოლიციასა და პირად დაცვას აღარ ენდობოდა, რადგან განსაკუთრებული აგრესიით შეგვხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერები. შემდეგ ფილარმონიასთან დავბრუნდით და საპროტესტო აქცია გავაგრძელეთ. იმ ღამეს გავიგე, რომ ჩემს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ჟურნალისტებმა მანქანაში ჩამსვეს და გამაცილეს. მეორე დღეს მანქანით, მეგობარ ბექა ალადოშვილთან ერთად, ჟურნალისტთან შესახვედრად მივდიოდი. ელბაქიძის აღმართზე პოლიციის სირენის ხმა რომ გავიგე, მანქანა გავაჩერე. მალე გზა გადამიკეტეს, გადმოვიდნენ და ადგილზე ცემა დამიწყეს. შემდეგ ორივე პოლიციის მიკროავტობუსში ჩაგვსვეს და მთაწმინდის პოლიციის გამჭვირვალე შენობაში მიგვიყვანეს, რომელსაც ავტოსადგომი ჰქონია არაგამჭვირვალე. გადმოგვიყვანეს და დაუნდობლად გვცემეს.

- როდესაც დაგაკავეს, რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ სოფო ნიჟარაძის პირადი პატიმარი იყავი...

- მგონია, რომ უფრო სააკაშვილის პატიმარი ვიყავი, ვიდრე სოფო ნიჟარაძის. მეეჭვება, სოფო ნიჟარაძის ბრძანებით ვინმე დაეკავებინათ და მათ შორის მეც. ცემის დროს ვიდეოს მიღებდნენ, მერე ცოცხი მოიტანეს, ზედ დამადეს და ისე აგრძელებდნენ გადაღებას. პოლიციის შენობიდან სასამართლოში გადამიყვანეს, სადაც მოსამართლემ შეკითხვებიც არ დამისვა, ისე მომისაჯეს ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი. შემდეგ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს, სადაც პატიმრობა გავატარე. ციხე ორ ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს დავტოვე.

- როგორ გაიგე, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა?

- იმ ღამეს მანქანები დადიოდნენ საყვირებით, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. იზოლატორიდან არც ისე შორს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყოველდღე კონცერტს მართავდნენ, საიდანაც მდარე ხარისხის მუსიკა ისმოდა. დღეს პოლიციის ჰიმნით ან "მიშა მაგარიათი" ამთავრებდნენ. არჩევნების წინა დღეს და პირველ ოქტომბერს ორ-ორჯერ დაუკრეს, რაზეც ბევრი ვიცინე. იმ ღამეს "მიშა მაგარია" რომ აღარ გაისმა, მივხვდი, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვადის დამთავრების შემდეგ იზოლატორის უფროსმა საკნის კარი თავად გამიღო და მითხრა, გამოვსულიყავი. ოთახში შესვლისას ვხედავ, ტელევიზიით სააკაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადავიდა. მე და ჩემი მეგობარი ბექა ერთმანეთს გადავეხვიეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

- ახლა როგორ გააგრძელებ ცხოვრებას?

- იმედი მაქვს, გასაპროტესტებელი ბევრი აღარაფერი მექნება, მაგრამ ძველებურად გავაგრძელებ ადამიანის უფლებების დაცვას.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა