ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

საქართველოს ძველი ხელისუფლების პროპაგანდა დაფუძნებული იყო სამ ციტადელზე: "იმედზე", "რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "ნაციონალების" არჩევნებში დამარცხების შემდეგ ციტადელთა "დაცემა" დაიწყო. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა "იმედი", "რუსთავი 2"-ის რამდენიმე ძველი მეპატრონე ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა კი, ალბათ, მხოლოდ დროზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებულმა პროცესმა, განსაკუთრებით კი "იმედის" გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოება დააიმედა, რომ ბოლოს და ბოლოს, ზემოხსენებული პროპაგანდისტული "ტელეტყუპი" ობიექტურ და დამოუკიდებელ მაუწყებლებად ჩამოყალიბდება. თუმცა შესაძლოა, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არ აღმოჩნდეს საკმარისი ტელემედიაგარემოს რეალურად გასაუმჯობესებლად. მეტიც, არის საფრთხე, რომ "რუსთავი 2", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ტელეტყუპად გადაჯგუფდნენ, ოღონდ ამჯერად "ნაციონალების" ნაცვლად "ქართულ ოცნებას" ემსახურონ.

კონკრეტული მედიასაშუალება დამოუკიდებელი რომ იყოს, ის ბიზნესს უნდა წარმოადგენდეს, ან მის მეპატრონეს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ შეეძლოს ტელეკომპანიის სრულად დაფინანსება.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ტელემედიასაშუალება ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, მფლობელს მისი შენახვა არ სურს ან არ შეუძლია, ინვესტორი კი არამომგებიან ბიზნესში ფულს არ დააბანდებს, სამაგიეროდ, ტელეკომპანიაში "პოლიტიკური ფული" შევა.

ბადრი პატარკაციშვილმა თავის დროზე შექმნა ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ტელეკომპანია, თუმცა "იმედი" მუდმივად ბიზნესმენის დოტაციაზე იჯდა, რაც, სავარაუდოდ, წელიწადში სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა. იგივე ხდებოდა მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ოჯახს "იმედი" წაართვეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ბიზნესმენის ფული საბიუჯეტო სახსრებმა ჩაანაცვლა და ტელეკომპანია პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. ბევრს გაუკვირდა, - "ნაციონალებმა" "იმედი" იოლად დათმესო. ზოგმა ეს ახალ ხელისუფლებას დაუკავშირა, ზოგმა კი საერთაშორისო ზეწოლას. თუმცა ალბათ, ყველაზე რეალური ის ვერსიაა, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ტელეკომპანიის შენახვას ვეღარ შეძლებდა.

არის თუ არა მზად და აქვს თუ არა რესურსები და სურვილი პატარკაციშვილის ოჯახს "იმედის" შესანახად?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი", შესაძლოა, სამართავად გადაეცეს სხვა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას და მისივე სახსრებით დაფინანსდება. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ამ ტელევიზიის მიუკერძოებლობა კვლავ საჭოჭმანო იქნება.

"რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა უკვე მიმდინარეობს და საეჭვოა, "ნაციონალებმა" მისი შენარჩუნება მოახერხონ.

თუმცა ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონეები, თავიანთი შეძლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვერ გასწვდებიან ტელეკომპანიის შენახვას. ან რად უნდა უნდოდეთ ისეთი ქონების დაბრუნება, რომელსაც აქეთ სჭირდება მილიონიანი ინიექციები? შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ ხარჯის გაღების სურვილი გამოთქვას იმ ძალამ, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი გავლენა და ფული აქვს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი აფინანსებს და აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

მისი ყველა გენერალური დირექტორი ინიშნებოდა მმართველი გუნდისადმი ერთგულების პრინციპით. როგორც უკვე ვთქვით, დრო გამოაჩენს, როდის შეცვლის "ქართული ოცნება" საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მოკლედ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების წინაშეა სერიოზული ცდუნება - თავის კონტროლის ქვეშ მოაქციოს ზემოხსენებული ტელემაუწყებლები და საერთოდ, მედიაგარემოს მონოპოლიზება სცადოს...

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები