ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფალიაშვილის ქუჩის N81-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სამმართველოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა , მიუხედავად რთული პირობებისა, ხანძრის ლიკვიდირება მაინც მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობას 14 ბრიგადა ცდილობდა. ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, 200-300 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მე-6 სართულზე გაჩნდა. ბინის მეპატრონის, დალი ჩოხელის თქმით, მან სახლში სანთელი აანთო და შესაძლოა, ხანძარი აქედან გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობას კორპუსზე არსებული დაშენებები ართულებდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია მაინც მოხერხდა.

ამასთან, დაახლოებით 70 წლის მამაკაცი, რომელიც ფალიაშვილის 81-ში ცხოვრობდა და ხანძრის გამო კორპუსი დატოვა, შვილის ბინაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეზობლები პირად საუბრებში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის შვილი ახლომდებარე ქუჩაზე ცხოვრობს, მას გული აწუხებდა და შვილთან ხანძრის გამო წავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ფალიაშვილის 81-ში ხანძარი დღეს გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია