ჟურნალი "გზა" - 1 ნოემბერი

ჟურნალი "გზა" - 1 ნოემბერი

ხუთშაბათს, 1 ნოემბერს, გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი (N44, 1-7 ნოემბერი 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

"ჭაღარა შეერია, მეუბნება, შენი ბრალიაო, მე სააკაშვილს ვაბრალებ"

თამთა ყუბანეიშვილი, სოზარ სუბარის მეუღლე: "21 წლის რომ გავხდი, 1 კვირაში ცოლად გავყევი, თავად 37 წლის იყო. მაშინ ასაკი არ ეტყობოდა. არც ახლა ეტყობა. მხოლოდ ეგ არის, ცოტა ჭაღარა შეერია. მეუბნება, შენი ბრალიაო. მე სააკაშვილს ვაბრალებ. სოზარს რომ მივყვებოდი, გიგა ბოკერია ხუმრობდა, - სრულწლოვანია და შეგიძლია მოიყვანოო".

ღირსეული დედა დათვი და მგელი, რომელსაც მოულოდნელად გაეღვიძა

ბეჟან ლორთქიფანიძე: "გველის შიში ადამიანის ინსტინქტი არ არის, მას ბევრი ბავშვი არ გაურბის. უმეტესწილად გველები საშიში არ არიან, საქართველოში - მით უმეტეს. შედარებით "ავები" გაზაფხულზე არიან. ამ დროს კანს იცვლიან, თვალებზე აპკი აქვთ გადაკრული და გაღიზიანებულები არიან. ვაშლოვანში გველის პერანგი არაერთხელ მინახავს".

რას აპირებს ივანიშვილის მთავრობა და რისთვის ემზადება სააკაშვილის ხელისუფლება

ნიკა ჩიტაშვილი: "ახალი მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე ადამიანს ნამდვილად აქვს შესაფერისი განათლება და მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მაია ფანჯიკიძე 15 წლის განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა და ვფიქრობ, ის საგარეო კურსის კარგი კოორდინატორი იქნება. ასევე პროფესიონალია ალექსი პეტრიაშვილიც. მივესალმები ჯანდაცვის მინისტრად დავით სერგეენკოს დანიშვნას. მან საჩხერის საავადმყოფოში საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა. მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძე დანიშნეს. ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია, ამ დარგში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი. არ ვიცი, რისი იმედი უნდა გვქონდეს კალაძისგან, რომელიც ამბობს, მთავარია გამოვიზამთროთო".

რამაზ საყვარელიძე: "ძალიან მიკვირს, რომ "ნაციონალებმა" და მათმა მხარდამჭერებმა ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძის დანიშვნის გამო განგაში ატეხეს. ნუთუ დაავიწყდათ, რომ მათ ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალია, გარემოს დაცვის მინისტრად კი გოგა ხაჩიძე ჰყავდათ?! სირცხვილით ხმას როგორ იღებენ, როდესაც გოგა ხაჩიძე ახლაც მათი წარმომადგენელია პარლამენტში?! მე ნანახი მაქვს ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის და მიშა სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტები. ზვიადის დროს მინისტრები პატიოსნები იყვნენ, მაგრამ - არაპროფესიონალები; შევარდნაძის მინისტრები, პირიქით - პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ - არა პატიოსნები; სააკაშვილის მინისტრები არც პროფესიონალები იყვნენ და არც პატიოსნები; ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში პატიოსნებიც არიან და პროფესიონალებიც. რაც შეეხება კალაძეს: ბატონმა ბიძინამ ითხოვა, - რამდენიმე თვე მაცალეთ და მისგან პროფესიონალს დავაყენებო. ამ ადამიანს ჯერ არასდროს მოვუტყუებივართ, ჯერ კიდევ არ იყო პრემიერი, როდესაც დაპირებების შესრულება დაიწყო; ნუთუ იმდენ ნდობას არ იმსახურებს, რომ კალაძესთან დაკავშირებით ერთი ამბავი არ დავაწიოთ?!"

უგულებელყოფილ-განადგურებული მეცნიერება და ლიკვიდაციას გადარჩენილი ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ავთანდილ არაბული: "ბატონ ივანე კიღურაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში არ დაუყრია ფარ-ხმალი, თავგადადებული იბრძოდა და ყველა პოზიციიდან იცავდა მეცნიერების პრესტიჟსა და უფლებებს. ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მეცნიერება ჩრდილში მოექცა და, ფაქტობრივად, მხოლოდ ახლა კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამაში გაკეთდა აქცენტი მეცნიერებაზე, რომლის გარეშე განათლება ვერ განვითარდება. ითქვა, რომ მეცნიერებას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს ყურადღება და დაფინანსება, რაც გვაიმედებს, რომ მივიღებთ სისტემას, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ ფასეულობას - მეცნიერებას და, შესაბამისად, განათლებასაც წაადგება".

გიორგი ლორია - შვილზე, თაყვანისმცემლებსა და მშობლებზე

გიორგი ლორია: "სალი ყოველდღე იცვლება. იცის, რომ მამა ფეხბურთელია. რიგი მიზეზების გამო, სტადიონზე ჯერ არ არის ნამყოფი, მაგრამ აუცილებლად წავიყვან. როცა ტელევიზორში მხედავს, თურმე მეძახის: ლაშა მამა, ლაშა მამაო. გაგიკვირდა, არა? - ოფიციალურად გიორგი ვარ, მაგრამ შინაურები ლაშას მეძახიან".

"ბაბუამ ლევილში თავისი პატარა საქართველო აღმოაჩინა" ანუ ამბავი, რომელიც ცნობილ ქართულ ფილმს გაგონებს

მიშელ სებისკვერაძე: "ბაბუა თავისიანების ფოტოებს სათუთად ინახავდა. მას ასევე ჰქონდა რაღაც ქართული საბუთებიც, რომლებიც სადღაც დაიკარგა. ერთადერთი, რაც მისი ნივთებიდან შემოგვრჩა, მისი ფოტოები, სამახსოვრო "ვეფხისტყაოსანი" და ძველისძველი რუსული სამოვარია".

"იმედი ადამიანის უბოროტესი მტერია"...

ცოტნე გამსახურდია: "დიდი ხანია, ვცდილობ, არ ვიფიქრო არც წარსულზე და არც მომავალზე; აწმყოში ვახერხებ ცხოვრებას. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დეპრესიული განწყობით თუ მომავლის ილუზიებით ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწყდა. თავიდან ვერ აცნობიერებ, რა ხდება. განყოფილებაში ჭიქით ვითომ წყალი მომიტანეს, სინამდვილეში, რაღაც ფსიქოტროპული პრეპარატი დამალევინეს. რამდენიმე წუთში გონება დამებინდა, ცნობიერების უწესრიგო ნაკადი წამოვიდა და შინაგანი დისკომფორტი მქონდა. წინასწარი დაკავების იზოლატორში მომათავსეს. იქ საშინელი პირობებია. საკანში მარტო ხარ, წყალი მოწანწკარებს, პირდაპირ უნიტაზში ჩაედინება და იქიდან უნდა აიღო სასმელი წყალი. არ გაქვს ლეიბი, საბანი; გაძლევენ ერთ პლედს და ფიცარნაგზე უნდა დაწვე. 2 მეტრის მანძილზე შეგიძლია გაიარო - უნიტაზამდე და უკან. მარტო ვიყავი. თუ არ ვცდები, იმ იზოლატორში ყველა მარტოა. ეს სწორედ ის საკნებია, სადაც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ ადამიანებსაც ათავსებენ. მერწმუნეთ, იქ გატარებული 3 თვე სამწლიან პატიმრობას უდრის. იმჟამად დაწესებულების დირექტორი ვალერი კაკაურიძე იყო. მისგან ცუდი მოპყრობა ნამდვილად არ მახსოვს. თავისთავად, გარემო პირობები, სიტუაციას ამაზრზენი, მაგრამ ამაში კაკაურიძეს ვერ დავადანაშაულებ. წესიერად გონზე არ ვიყავი მოსული, მოსამართლე არევაძემ, რომელსაც "მონანიების" ცნობილი პერსონაჟის მიხედვით, არავიძე შევარქვი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წინასწარი პატიმრობა მომისაჯა - ჩაქუჩი დაჰკრა და გლდანის ციხეში წამიყვანეს".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები