ბესო ზანგური: "ქუჩაში დიდი ბიბლიოთეკა წავიკითხე"

ბესო ზანგური: "ქუჩაში დიდი ბიბლიოთეკა წავიკითხე"

გაზეთების ჯიხურის თავზე შტაბი ჰქონდა, წიგნებს ეზოში კითხულობდა, დედას უნდოდა ექიმი გამოსულიყო, მამას - დიპლომატი. თავად მსახიობობა გადაწყვიტა. თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე ჯიბეში მეგობრების მიერ ოქროულობის მაღაზიიდან მოპარული სამკაულები ეწყო. პირველი ჰონორარით შინ სამარშრუტო ტაქსით წავიდა. დამოუკიდებლად ცხოვრება 15 წლის ასაკში გადაწყვიტა. სწორედ ამ ასაკში მოიყვანა პირველი ცოლიც. მას მერე არაერთი ჰყავდა. დღეს მისი რჩეული პროფესიით პიარმენეჯერი გვანცა წულეისკირი გახლავთ. წყვილი ინტერვიუზე ერთად მოვიდა. მსახიობსა და პოეტ ბესო ზანგურს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  ინტელიგენტთა ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. დედა ექიმია. მაშინ დავიბადე, როცა დედა სტუდენტი იყო და მარტოს უწევდა ჩემი აღზრდა. მამა ციხეში იჯდა. მას მერე კიდევ არაერთხელ მოხვდა იქ. დედამ, ბებიებმა და ბაბუებმა გამზარდეს. ზოგჯერ მამასაც ვხედავდი, როცა ციხიდან გამოდიოდა ხოლმე. თბილი, ტრადიციული ოჯახი მქონდა. დღეს სიტყვა ტრადიციას ფასი დაეკარგა, სხვანაირად ესმით თინეიჯერებს ეს სიტყვა. ვიღაცას ტრადიცია ასე წარმოუდგენია, ოჯახში ცეცხლზე ლობიო უნდა თუხთუხებდეს, ქალი სამზარეულოდან არ გამოდიოდეს და ღიპიანი ქმარი მას მითითებებს აძლევდეს. ტრადიციული ოჯახი ჩემთვის სიყვარულით შექმნილი ოჯახია, როცა კაცს უყვარს ქალი და პირიქით. მერე ტრადიციას ოჯახში ქმნის სწორედ ეს ორი ადამიანი. ოჯახი ჩემთვის პატარა სახელმწიფოა. კარს რომ მოვხურავ, იქ ჩემს კანონებსა და ტრადიციებს ვაყალიბებ.

-  როგორი კანონები იყო თქვენს სახელმწიფოში?

-  თბილი და ჰუმანური. ერთადერთი მკაცრი კანონი იყო ის, რომ სიგარეტი არ უნდა მოგვეწია. დედა პედიატრი იყო. მასთან ხშირად მოდიოდნენ პაციენტები და სახლში სიგარეტის სუნი არ უნდა მდგარიყო. ის, რასაც კრძალავდა ექიმი, მის ოჯახში არ უნდა ენახა პაციენტს. ტრადიცია იყო ის, რომ ყოველ კვირა დღეს სავახშმოდ ვიკრიბებოდით მთელი ოჯახი. ისეთ პერიოდშიც კი, როცა არ იყიდებოდა კარაქი, პური ტალონებზე გაიცემოდა, ლამპის შუქზე ვსხდებოდით და ერთად ვიყავით. ეს ტრადიცია დაირღვა მას მერე, რაც 15 წლის ასაკში ჩემი ოჯახის კარი გამოვიხურე და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. მას მერე იშვიათად ჩავდივარ დედასთან რუსთავში.

-  რატომ გადაწყვიტე ასე ადრე დამოუკიდებლად ცხოვრება?

-  15 წელი სულაც არ არის ჩემთვის ადრე. მაგ ასაკში მე ცოლი მოვიყვანე.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

-  არა, თავისუფალი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მოწესრიგებული. ვიცოდი დედისა და მამის ფასი. ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა დედა. ვიცოდი, რა იყო ქუჩა. ვიცოდი, რომ წიგნი უნდა წამეკითხა, მუსიკა უნდა მომესმინა. ამის ატმოსფეროს ჩემი მშობლები ქმნიდნენ, ოღონდ არა მიზანმიმართულად და ძალდატანებით, ეს თავისთავად ხდებოდა. ბესო, არ ჩახვიდე ეზოში, ის ცუდი ბიჭია და იმასთან არ იმეგობროო, ჩემთვის არავის უთქვამს. ჩადი ეზოში და წიგნი წაიღეო, მეუბნებოდა დედა. განათლება სწორედ ამ ასაკში მაქვს მიღებული, დიდი ბიბლიოთეკა წავიკითხე იქ.

-  სად, ეზოში?

-  ეზოში, სადარბაზოში, გაზეთების ჯიხურის ზემოთ შტაბისმაგვარი გვქონდა ბავშვებს და იქ, ხეებზეც ვკითხულობდი.

-  თუ გახსოვს, პირველი წიგნი რომელიც წაიკითხე?

-  ძმები გრიმებით დავიწყე. ქართული ლიტერატურიდან ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" წავიკითხე.

-  ვის ჰგავხარ ხასიათით?

-  ალბათ, უფრო მამას.

-  ყველა მამაკაცის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ის ქუჩაში გადის. რა მოგცა ქუჩამ, გამოცდილების თვალსაზრისით?

-  ქუჩაში ბავშვი იმისთვის გადის, რომ თავისუფლება მოიპოვოს, გააკეთოს ის, რასაც სახლში უკრძალავენ, იხულიგნოს, იჩხუბოს. ადამიანს შეუძლია მთელი ცხოვრება იხულიგნოს. აუცილებელი არ არის ვიღაცას ბოთლი ურტყა თავში, შეიძლება შენს პროფესიაში იყო ხულიგანი. რა სჯობს, როცა ხულიგანი ჟურნალისტი ხარ, ან ხულიგანი მსახიობი. დამისახელეთ ერთი წარმატებული ადამიანი, რომელიც არ ხულიგნობს თავის პროფესიაში. ქუჩასაც აქვს თავისი ხიბლი. მაგალითად, თეატრალურში გამოცდაზე რომ წამოვედი, ჯიბეში მოპარული ოქროს სამკაულები მეწყო. ჩემმა ძმაკაცებმა ოქროულობის მაღაზია "გაიტანეს" და ნადავლი ჯიბეში ჩამიყარეს. გამოცდაზე "წყაროზე ჩაგიყვანს" ვკითხულობდი და ჯიბეში ნაქურდალი ნივთები მქონდა. ბიჭებმა უკვე მოიხადეს ციხე ამ დანაშაულის გამო.

-  15 წლის ასაკში მარტომ დავიწყე ცხოვრებაო, თქვი. ცოლი რომ მოიყვანე იმიტომ, თუ ისედაც გინდოდა დამოუკიდებლობა?

-  დამოუკიდებელი სულ ვიყავი. ახლაც დამოუკიდებელი ვარ. თუ მომინდება, ავდგები, გაგიწყვეტ ინტერვიუს და წავალ. მერე ჩემს ამ ნაბიჯზე პასუხს ვაგებ, ბოდიშს მოგიხდი... მანამდე მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე, მერე დავიწყე მუშაობა, ცოლი მოვიყვანე, შვილი გამიჩნდა. მას მერე მარტო მოვდივარ და თუ რამეს მივაღწიე დღემდე, ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობებით.

-  საკმაოდ რთულ წლებს უკავშირდება შენი დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება, არ გაგიჭირდა მარტოს ოჯახის შენახვა?

-  ეს ის წლებია, რომლის გახსენებაც მომკლავს. არ მინდა ყველამ იცოდეს, რა გადავიტანე. არასდროს მიღალატია ადამიანისთვის. არაფერი ჩამიდენია ისეთი, რისი მონანიებაც გამიჭირდება. ჩემს ბედისწერას მივყვებოდი. ჩემმა სიჯიუტემ და ხევსურულმა ხასიათმა ბევრ ცუდ რამეს გადამკიდა. 30 წლის ვარ და ჩემს შვილებს ჩემნაირი ცხოვრების გავლას არ ვურჩევ. ამას ყველა ვერ გადაიტანს. ჩემ თვალწინ საშინელებები ხდებოდა და წინ ინერციით მივდიოდი, გაშტერებული. მკვდრების მდინარეში ჩამაგდო ბედისწერამ.

-  იქნებ უფრო კონკრეტულად მიამბო იმ წლებზე?

-  ჩემს გათენებულ ღამეებზე რომ გიამბოთ, იმაზე, რამდენჯერ მომშივდა, უნდა გავხდე კაცი, რომელიც ტირის. არ არის ბესო ზანგური ის კაცი, რომელიც ტირის. მე ვარ კაცი, რომელიც მუდამ იბრძვის. მიუხედავად ამისა, არ ვარ კმაყოფილი ჩემი სიცოცხლით. მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ვერ მაკმაყოფილებს.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. ფსიქიატრობაც მინდოდა. დედას უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მამას - დიპლომატიურზე. ორივეგან ჩაწყობილი მქონდა საქმე. მივიდოდი, ვიტყოდი, ბესო ვარ ზანგური-მეთქი და დავჯდებოდი რომელ ფაკულტეტზეც მინდოდა. მე თეატრალური ავირჩიე. სამედიცინოც მინდოდა, მაგრამ ფსიქიატრი რომ გავმხდარიყავი, მთელი ცხოვრება მარტო ვიქნებოდი და მთელი ცხოვრება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე ვიქნებოდი შეყვარებული, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე დღეს ვარ. ამიტომ აფერისტობისკენ წამოვედი (იღიმება). თუმცა დღემდე ვეხმარები სურამის ფსიქიატრიულში ადამიანებს, ჩამაქვს მათთვის პატარ-პატარა საჩუქრები.

-  კარგი საქმე გიკეთებია...

-  კარგი საქმე? ეს ჩვენი ვალია. მე ფსიქიკურად დაავადებულებს დავეხმარები, შენ - ბავშვთა სახლს, ან ქუჩაში 10 თეთრს მისცემ იმას, ვინც მოწყალებას ითხოვს. ესაა უფლის გზა.

-  პირველი ხელფასი, პირველი სამსახური...

-  თავისუფალ თეატრში ვამპილოვის "იხვებზე ნადირობა" იყო ჩემი პირველი სამსახური. სადაც მომცეს პირველი ჰონორარი.

-  რაში დახარჯე, თუ გახსოვს?

-  დავხარჯე არა, უბრალოდ, სამარშრუტო ტაქსით წავედი სახლში.

-  მანამდე ფეხით დადიოდი?

-  ყოფილა შემთხვევა, როცა რუსთავში ფეხით ჩავსულვარ, რომ საჭმელი ჩამომეტანა და უკან დავბრუნებულვარ მეუღლესთან, მიცკევიჩზე.

-  მეუღლე ვახსენეთ, რომელიც შენ არაერთი გყავდა. რა არის შენთვის სიყვარული?

-  სიყვარული მარადიულია. მას სახელი არ აქვს. ახლა მიყვარს ქალი, რომელიც გვერდით მიზის. ის ჩემი ცხოვრების ცენტრია. როცა შორდები საყვარელ ადამიანს, გინდა გაიხსენო, რა გაგიკეთა ცუდი და გახსენდება მხოლოდ კარგი. ეს არის სიყვარული. ჩვენ ყველანი ქვეცნობიერად მესაკუთრეები ვართ.

-  ბესო, შენი გამოცდილებით, როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

-  კაცი, რა თქმა უნდა, კაცი. როგორც კი მიხვდება ქალი, რომ ის კაცის გვერდით არ არის, დამთავრებულია ყველაფერი.

-  როგორი ღირსებებით შემკული კაცი?

-  არ ვიცი, როგორი ღირსებები ფასობს დღეს. დავიბენი უკვე. გენდერულობა არ გამაგონოთ საქართველოში! როცა კაცი შეყვარებულია, გარკვეულწილად მოძალადეც ხდება. შეხვედრებს უნიშნავს ქალს, ფეიერვერკებს უწყობს, ინიციატივას ის იჩენს და არა ქალი.

-  ჩაცმის სტილსაც უკონტროლებს?

-  არა, რა სისულელეა. მაგის დრო სად მაქვს. იმდენი ხანი არც ერთ ქალთან არ ვყოფილვარ, ეჭვიანობა რომ დამეწყო მასზე. სადაც ჩემი ეჭვიანობა დაიწყება, იქ დამთავრდება ჩვენი ურთიერთობაც. სად მცალია მაგისთვის, ხომ ხედავ, ნერვები რა დღეში მაქვს. ცოლს რომ გაებუტები იმის გამო, რომ არ იცი სად იყო, მაშინ ღირსი ხარ მართლა გიღალატოს. ქალი უნდა იყოს ეჭვიანი. ქალი უნდა მოკლა ეჭვიანობით.

-  ბესო, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს?

-  ორი ბიჭი მყავს, უფროსი, ნიკა, 12 წლის არის. ახლახან სკოლიდან აგდებდნენ მანდატურის შეურაცხყოფისთვის. მიმაჩნია, რომ სკოლაში პოლიცია არ უნდა იყოს და კიდევ კარგი, აკრძალეს სააკაშვილის ეს აკვიატება. მანდატურმა, 17 წლის ბიჭმა ყური აუწია გოგონების თანდასწრებით ჩემს შვილს და ამანაც პანღური ამოარტყა. დამიბარეს სკოლაში. მივედი და მანდატურს ვუთხარი, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. დავტუქსავდი შვილსაც, მაგრამ რომ მივედი, დამხვდნენ ჩამწკრივებული მშობლები, ჩემი შვილი და მანდატური. საბჭოთა გადმონაშთს ჰგავდა ეს ყველაფერი, საქვეყნოდ რომ კიცხავდნენ ბავშვებს. ბავშვმა ისეთი თვალებით შემომხედა, გული გამისკდა. დამნაშავე ხართ თქვენ ყველა, ვინც აქ ზიხართ, რატომ ხართ აქ-მეთქი, ვიკითხე. დირექტორმა დაგვიბარაო, მითხრეს. რას ნიშნავს დირექტორმა დაგიბარათ, იმისთვის, რომ უყუროთ, როგორ კიცხავენ ჩემს შვილს-მეთქი, აღვშფოთდი. ასეთი რაღაცები უნდა მოისპოს, ბავშვები თავისუფლები უნდა გახდნენ.

-  დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ისეთი შეცდომა თუ გახსენდება, რომელსაც დღემდე განიცდი?

-  არა, არ მახსენდება და თუ გამახსენდება, მოძღვარს ვეტყვი, ჟურნალისტს - არა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს