რატომ გადასცა ფული ილია მეორემ გენერალ ბორისოვს აგვისტოს ომის დროს

რატომ გადასცა ფული ილია მეორემ გენერალ ბორისოვს აგვისტოს ომის დროს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აგვისტოს ომის დროს რუს გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვს გორის მოსახლეობის დასახმარებლად 20 ათასი დოლარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "კვირის პალიტრას" ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი აწვდის, რომელსაც გენერალ ბორისოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა და აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში.

"ბორისოვს მოახსენეს, რომ ჩვენი პატრიარქი მობრძანდებოდა. უდიდესი პატივისცემა გამოიჩინა ბორისოვმა. უნდა გენახათ, დამპყრობელი ჯარის სარდალი მუხლმოდრეკილი როგორ შეეგება ჩვენს სულიერ მოძღვარს. პატრიარქმა ჯვრები ჩამოგვკიდა მე და ბორისოვს...

პატრიარქმა ბორისოვს უთხრა: აბა, შენ იცი, მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი დაუშავო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მოუარე ჩვენს ხალხსო. მერე უბეში ხელი ჩაიყო და პაკეტი ამოიღო. "აი, აქ 20 ათასი დოლარიაო და გაუწოდა ბორისოვს, - ბორისოვი გაშეშდა... ამას გაძლევ იმიტომ, რომ გორში ყველაზე გაჭირვებულებს და უმწეოებს მოუარო და შენი ხელით გაუნაწილო ეს თანხაო". ბორისოვმა ფული გამოართვა, დაეცა მუხლებზე, კალთაზე აკოცა და უთხრა, გეფიცებით, უწმინდესო, ყოველი კაპიკი მივა გაჭირვებულ და უმწეო მოსახლეობასთან, ყველა კაპიკზე ჩაგბარდებათ სრული ანგარიშიო. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა", - იხსენებს დევდარიანი.

მისი თქმით, მოგვიანებით ბორისოვმა მართლაც შეადგინა სია და პატრიარქს გაუგზავნა.

როგორც დევდარიანი ამბობს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით რუსებისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავის მიუმართავს.

"საბრძოლო მოქმედებები დამთავრებული იყო, მაგრამ ჩვენი დაღუპული ბიჭები ბრძოლის ველზე, რომ იტყვიან, ლპებოდნენ. ამის გამო ოსები საწვავს ასხამდნენ და წვავდნენ. გენერლებს მივუბრუნდი, მებრძოლი ხალხი ხართ და არ გრცხვენიათ, მიცვალებულებს რატომ არ ატანთ ქართულ მხარეს. ომი ომია, მაგრამ მიცვალებულებს რომ ასე ეპყრობით, ეს არც ომის კანონში წერია და არც ადამიანობაში-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ერთი ამბავი ატყდა, რას ჰქვია, არ ვატანთ, არავინ შემოგვხმიანებია, არც სარდალი, არც მხედართმთავარი, არც გენერალი... კაციშვილს არ მოუთხოვია მიცვალებულები. ყველამ მოუარა თავის მიცვალებულებს: ჩეჩნებმა, ოსებმა, ჩვენ, მხოლოდ ქართველი ბიჭები ყრიან ქუჩებში და ორმოებში ლპებიანო. მხოლოდ ისინი არ მოუკითხავს თავის ხელისუფლებასო", - აცხადებს დევდარიანი.

ლეონარდო დევდარიანი აფხაზეთის ომის დროს სოხუმის გარნიზონის სამხედრო კომენდანტ გია გულუას მოადგილე იყო, 2001 წლამდე კი საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ წარმომადგენელად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში.

როგორია "სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის  მდგომარეობა - რას აცხადებენ კლინიკაში

"ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი და დღემდე ბრძოლაში ვცხოვრობთ" - პატრიარქი

უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!