საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევაზე საუბრობს და მას მიუღებლად მიიჩნევს.
"სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის, არამედ დღეს დილიდან პირდაპირ განხორციელდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ასევე მიუღებელია ის მუქარები, რომელიც ისმის სხვა თავისუფალი მედია საშუალების მისამართით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო მიმართვაში.
ამასთან, ბოლო დღეების მოვლენების შეფასების გათვალისწინებით, მან საქართველოს ახალ მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას მოუწოდა, "პასუხისმგებლობით აღივსონ და თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე ის კარგად აწონ-დაწონონ". "ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ არაფერი - ნუ დავანგრევთ შენობებს, ავაშენოთ ახალი და უკეთესი შენობები. საქართველო საკმარისად ინგრეოდა, რომ ბოლო 9 წლიანი შენების შემდეგ ისევ დავანგრიოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.