კოლეგები პრესცენტრიდან ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...

კოლეგები პრესცენტრიდან  ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...

ჟურნალისტებს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება გულზე შემოეყარათ. დიახ, მე და ჩემი კოლეგების მნიშვნელოვან ნაწილს ნამდვილად გულზე შემოგვეყარა, როდესაც შევიტყვეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პრესცენტრებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში ისევ ძველი თანამშრომლები რჩებიან. ახირებული ხალხი არ გეგონოთ - იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრესცენტრების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ვერ მოგვეპოვებინა ინფორმაცია და ვერ დავკავშირებოდით სასურველ რესპონდენტებს. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, რის შემდეგაც ინფორმაციას მიიღებს არა უგვიანეს 10 დღისა". პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ პრესცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა კანონი არ იციან, მათ ხშირად ზრდილობაც არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ჟურნალისტებთან ითანამშრომლონ. მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვათ, საკუთარი მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ და კოლეგების ნაამბობს გადმოგცემთ, რომლებსაც პრესცენტრებთან მუშაობის (თუ ამას მუშაობა ჰქვია) ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

თეა ხურცილავა:

- პრესსამსახურთან ურთიერთობა ჩემს საქმიანობაში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ყველაზე ცუდად მახსენდება პერიოდი, როდესაც პრობაციისა და სასჯელაღსრულების სისტემას ხათუნა კალმახელიძე განაგებდა. მისი მინისტრად დანიშვნის დღიდან უწყება მთლიანად ჩაიკეტა. შევარდნაძის მმართველობის დროს არც საჭირო ინფორმაციის მიღება მიჭირდა და არც მაღალჩინოსნებთან ინტერვიუს ჩაწერა. თქვენ წარმოიდგინეთ, შაშკინისა და ახალაიას მინისტრობის დროსაც კი მოვახერხე რამდენიმე მასალის მომზადება. კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემიდან ერთი მასალაც ვერ გამოვიტანე. კალმახელიძე უწყებაში ახალი მოსული იყო, როდესაც მისი პრესსამსახურის უფროსს, თეა სუხიშვილს მინისტრთან ინტერვიუს ორგანიზება ვთხოვე. მითხრა, - განცხადება დაწერეთ და განვიხილავთო. პასუხი დღემდე არ მიმიღია. ასეთივე პრობლემები მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის პრესცენტრებთანაც. ზურაბ გვენეტაძე ერთხელაც კი არ დამხმარებია. შშს-დან ჟურნალისტებთან კონტაქტზე მხოლოდ შოთა ხიზანიშვილი გამოდიოდა, მაგრამ იმასაც ამორჩეული ჰყავდა ჟურნალისტები. ალბათ მიხვდით, რომ ესენი სამთავრობო მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ასეთივე სიტუაცია იყო იუსტიციის სამინისტროში. სხვათა შორის, შევარდნაძის პერიოდში პირდაპირ გამომძიებლებს ვუკავშირდებოდი და ყველა საჭირო ინფორმაციას უპრობლემოდ ვიღებდი. ახლა ჩემს ძველ ნაცნობ გამომძიებლებს დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, პრესცენტრის ნებართვის გარეშე ვერაფერს იტყვიან. პრესცენტრი კი უბრალოდ, ნებართავს არ აძლევს. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით ესა თუ ის უწყება მხოლოდ ჟურნალისტებს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ თავადაც ცუდ სიტუაციაში ვარდება. როდესაც გამომძიებელთან უშუალო ურთიერთობა მქონდა, ჩემი მასალები ყოველთვის დაბალანსებული იყო. ახლა მხოლოდ იმ წყაროს ვეყრდნობი, რომელთან დაკავშირების საშუალებაც მეძლევა. სხვა გზა უბრალოდ, არ არსებობს. ბოლო დროს აღარც კი ვდილობდი, პრესსამსახურს დავკავშირებოდი, იმიტომ, რომ პასუხი წინასწარ ვიცოდი. რა მოთხოვნაც არ უნდა გამეგზავნა, მომწერდა: "საქმე აღძრულია ამა და ამ მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმაურება შეუძლებელია". ძალიან არ მინდა, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე ისევ აღმოვჩნდეთ. ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანის პრესცენტრთანაც შემექმნა პრობლემა. როდესაც ინტერვიუს ორგანიზება ვთხოვე, მითხრა, რომ მხოლოდ 15 წუთიან შეხვედრას მომიხერხებდა. რა თქმა უნდა, ვერ ჩავეტიე: 15 წუთი ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ კითხვებიც დასვა და პასუხებიც მიიღო. დათქმული დროის გასვლისთანავე პრესცენტრის თანამშრომელმა მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა და საკმაოდ უხეშად მომმართა, რომ ინტერვიუ უნდა შემეწყვიტა. გარეთ გამოსვლისას ვუსაყვედურე და იცით, რა მითხრა? კიდევ კარგი, რომ საერთოდ დალაპარაკების საშუალება მოგეცათ, ეს ახლაა ასე, თორემ მერე მინისტრს თქვენთვის არც ეცლებაო. იმედი მაქვს, ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო და სინამდვილეში, უწყება პრესისთვის არ ჩაიკეტება. თეა წულუკიანს საზოგადოება, მათ შორის მეც, დიდი იმედით შეჰყურებს.

იზო რიკაძე:

- საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პრესსამსახურებთან ურთიერთობას პირდაპირ რესპონდენტთან დაკავშირება ჯობია. ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ სამსახურის ერთადერთი ფუნქცია - ჟურნალისტისთვის ხელის შეშლაა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრის, დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიმიტრი შაშკინისგან კომენტარიც კი ვერ მოვიპოვე. ნინო თავიდან მშვიდი ხმით მეტყოდა, - ცოტა ხანში დამირეკეო. ვურეკავდი და იმავეს მპასუხობდა. შემდეგ, ჩემი ზარების პროპორციულად, მისი ისტერიკის ტონი იმატებდა და ბოლოს კივილს იწყებდა. სხვათა შორის, შაშკინის წინამორბედი მინისტრების ანუ კახა ლომაიასა და გია ნოდიას პერიოდში მსგავსი პრობლემა არ მქონია. სამინისტრო, რომელიც წესით, ყველაზე ღია და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, ძალიან ჩაიკეტა.

ეკა ასათიანი:

- დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესცენტრი ისევე მოუწესრიგებელი იყო, როგორც ლტოლვილთა სტატისტიკა და აღრიცხვიანობა. ამ უწყებისგან გინდა, სიტყვიერად მოგეთხოვა რამე, გინდა - წერილობით, მაინც ვერაფერს მიიღებდი. ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები იყო ძალოვანი უწყებების სამინისტროებში. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ადრე ინფორმაციას ან საერთოდ არ მაძლევდა, ან მატყუებდა. ბოლო დროს კი ტელეფონს საერთოდ არ პასუხობდა. თუ შემთხვევით აიღებდა ყურმილს, გეტყოდა, მერე გადმორეკეო, და - მორჩა, "კარგად იყავი", აღარასდროს გიპასუხებდა!.. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. იქიდან რაიმე ტიპის პასუხის მიღება სასწაულის ტოლფასი იყო. ერთხელ ჩემი თვალით დავინახე, რომ ციხის კართან საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული ხალხი იდგა. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ, სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებს ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, ციხე მთლიანად აღვჭურვეთ საყოფაცხოვრებო ნივთებითო. ავდექი და რიგში მყოფ ხალხს ფოტოები გადავუღე და უწყების პრესცენტრისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი მოვითხოვე. მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეს, - მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთო... ვერასდროს მიიღებდი ინფორმაციას მერიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან... პრეზიდენტის ადმინისტრაციას გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით ვთხოვე ინფორმაცია. წესით, მათ ეს ინფორმაცია არა უგვიანეს 10 დღისა, უნდა მოეცათ. მე კი ერთი თვის შემდეგ მიპასუხეს, რომ თურმე შეწყალებულ პირთა შორის მათ, იდენტიფიკაციას ვერ მოახდენდნენ. წარმოგიდგენიათ? ამ პასუხის მოსაფიქრებლად მთელი თვე დასჭირდათ. ეს პასუხი რომ მივიღე, უკვე ყველას, მათ შორის მეც დაწერილი გვქონდა, რომ პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა.

ნანა ფაჟავა:

- ჩვენთვის - რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ის კი არ არის პრობლემა, რომ პრესცენტრის თანამშრომლები უწყების ხელმძღვანელთან ინტერვიუს არ გვითანხმებენ ან საჭირო ინფორმაციას არ გვაძლევენ, - ჩვენ ფიზიკურადაც კი გვისწორდებიან ხოლმე. ერთხელ პრემიერი გილაური ზუგდიდში ატარებდა გასვლით სამთავრობო სხდომას. გვითხრეს, რომ სხდომას მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიები უნდა დასწრებოდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გავაპროტესტეთ და გამგეობის შენობაში შესვლა ვცადეთ. გილაურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკა მჭედლიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენს გასაძევებლად, პოლიცია და კუდ-ის თანამშრომლები გამოიძახა.

თამუნა ლეფსვერიძე:

- საჯარო ინფორმაციის მოწოდების მხრივ, ჩემი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანუ კონტროლის პალატა იყო "ჩემპიონი". ყველაზე რთული და დაძაბული ურთიერთობა მისი პრესცენტრის წარმომადგენელთან, ფატი მამიაშვილთან მქონდა. ამ უწყებისთვის რაც უნდა საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა, გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პირადი საიდუმლოების შემცველი ან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია. 7 თვის განმავლობაში ნათია მოგელაძის თანამშრომლების სიაც კი ვერ დავადგინეთ - მათი ხელფასების ოდენობაზე აღარაფერს ვამბობ. კონტროლის პალატის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი ორჯერ შევიტანეთ; ორივეჯერ განიხილეს, მაგრამ პასუხი არ გვაღირსეს. ქალბატონმა ფატიმ კი მხოლოდ იმის გამო ატეხა პანიკა და ჩემი დაკავება მოითხოვა, რომ კონტროლის პალატის შენობის შესასვლელში ჩართული დიქტოფონით ვიდექი. ასევე "ჩემპიონი" იყო განათლების სამინისტრო შაშკინის მინისტრობის დროს. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, როგორ არ ასრულებდა მისი პრესცენტრი საკუთარ მოვალეობას. გამაოგნებელი და ამავდროულად, ძალიან სასაცილო იყო მისი ტელეფონის ზუმერი, რომელსაც დაახლოებით ასეთი ტექსტი ჰქონდა: "ვაიმე, ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ".

ნინო ზურიაშვილი:

- რა რთულ სიტუაციაში გვიწევს ჟურნალისტებს მუშაობა და როგორ გვიჭირს ინფორმაციის მოპოვება - ამის შესახებ ჩვენ დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ. მიუხედავად ამისა, პრესცენტრების კრიტიკას არ დავიწყებ. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება უმთავრეს შემთხვევაში შეუძლებელია, პრესცენტრების კი არა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკის ბრალი იყო. ეს თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებისა და მისი მარგინალიზაციის მცდელობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება მსგავს მეთოდებს არ მიმართავს და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას მისცემს. ჩვენ მათგან პირობა გვაქვს მიღებული, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება ნამდვილად საჯარო და ღია. თუ ასე არ მოხდება და ჟურნალისტები ისევ ვერ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, სერიოზულ ზომებს მივიღებთ. რადგან ახლა ბევრად უფრო გამოცდილები, კონსოლიდირებულები და ორგანიზებულები ვართ. უკვე ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია "კოალიცია ადვოკატირებისთვის", რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი პროტესტი უფრო ორგანიზებულად გამოვხატოთ და უფრო მეტად საჯარო გავხადოთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები