ვინ არის თათული ბართაიას რჩეული

ვინ არის თათული ბართაიას რჩეული

გაზეთ "ყველა სიახლის" საკუთარი კორესპონდენტი ავსტრალიაში, მოდელი და მსახიობი თათული ბართაია გათხოვდა და მისი რჩეული სიდნეიში მცხოვრები ქართველი - დათო უბილავაა. დათო თბილისელია, თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ბოლოს კი ავსტრალიაში აღმოჩნდა. მასზე თათულის დაწვრილებით არასდროს უამბნია, ამიტომ ვარჩიეთ, თვითონ დათოს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო, რატომ შემორჩა საზღვარგარეთ, როგორ აღმოჩნდა სიდნეიში და როგორ გაიცნო თათული.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედა - ლალი ზაუტაშვილი ქიმიკოსია, მამა - რეზო უბილავა - ეკონომისტი. მშობლებთან ერთად ჩემს აღზრდაში დიდი როლი დეიდამ - ლილი ზაუტაშვილმაც შეასრულა. თბილისში ვსწავლობდი ბიზნესეკონომიკური მიმართულების 67-ე საშუალო სკოლაში და ამანაც იმოქმედა ჩემს პროფესიულ არჩევანზე, ჩამებარებინა ეკონომიკის ფაკულტეტზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი გამიჩნდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცოდნას გავიღრმავებდი და თანაც, უცხო ქვეყანას ვნახავდი, სხვა ხალხს, კულტურას გავიცნობდი. მოკლედ, როცა დრო მოვიდა, გავგზავნე ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში საბუთები და საბედნიეროდ, რამდენიმემ მიმიწვია, მე კი ავირჩიე პერდუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩიკაგოსთან ახლოს, ინდიანის შტატში მდებარეობს.

- ამერიკაში იოლი არ იქნებოდა თავის დამკვიდრება. სად და როგორ ცხოვრობდი, ქართველებთან თუ ურთიერთობდი?

- ამერიკაში სტუდენტობა ცოტა უფრო რთულია, რადგან იქ "სახალტუროდ" არავინ დადის სასწავლებელში. სხვათა შორის, ძალიან გამიმართლა: არა მარტო კარგი პროფესორ-მასწავლებლები, არამედ კარგი კურსელები მყავდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩემი თანაკურსელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, მათაც ბევრი რამ შეიტყვეს ჩემგან. ერთი ამბავი გამახსენდა: უნივერსიტეტში ისწავლებოდა მევენახეობა-მეღვინეობა და ჩემმა რამდენიმე კურსელმა გადაწყვიტა, დასწრებოდა ლექციებს ამ საგნის შესასწავლად. თურმე პირველივე ლექციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ღვინის დაბადების ადგილზე ანუ საქართველოზე, ვაზის დაწურვით, თამადობით და ყანწებით. მეორე დღეს გადარეულებმა მომაკითხეს, ეს რა მაგარი ქვეყნიდან ყოფილხარო! მეც ამაყად დავუქნიე თავი. იმის შემდეგ სადაც კი შევიკრიბებოდით, სულ მეხვეწებოდნენ, სადღეგრძელოები გვითხარიო (იცინის)... ჩემს ქალაქში ბევრი ქართველი არ იყო. მხოლოდ ერთ ბიჭს შევხვდი და მასაც დათო ერქვა. ის შემთხვევით გავიცანი. თურმე საქართველოდან ახალჩამოსული აეროპორტში ერთ სტუდენტს ჩურჩხელით გამასპინძლებია. ის სტუდენტი კი ჩემი კურსელი აღმოჩნდა, ჩურჩხელა მაშინვე "იცნო", რადგან ჩემთან ჰქონდა გასინჯული და, - შენ ქართველი ხომ არ ხარო", - იმწამს უკითხავს. მოკლედ, ასე გაგვაცნო ერთმანეთს ფრანგმა ორი ქართველი... ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ რამდენიმე კვირით ვახერხებდი ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას, ჰოდა, მთელი 2 წლის ხაჭაპურისა და ხინკლის მარაგს "ვიღებდი". ერთხელ დედაჩემმაც ჩამომაკითხა ამერიკაში. თან სულგუნი, თაფლი და უცხო სუნელებიც გამოუყოლებია. არადა, ქვეყანაში სურსათის შემოტანა ხომ ფაქტობრივად, აკრძალულია. კი ვუსაყვედურე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ ჩამოსულიყო, მაინც იმავეს გააკეთებდა. "ქართული ხმების" "მაგრად დაჰკარი" მქონდა დისკზე ჩაწერილი და მანქანაში სულ მაგას ვუსმენდი. სიტყვების რა მოგახსენოთ, მაგრამ მოტივი მგონი, ჩემმა ბანგლადეშელმა მეგობარმა ახლაც იცის.

- სიდნეიში როგორღა მოხვდი, რატომ აირჩიე? თუ ამერიკის შემდეგ აღარც სიდნეი გეშორა?

- სიდნეიში, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოვხვდი. სიდნეის უნივერსიტეტში კონკურსი გამოცხადდა ეკონომიკის ლექტორის თანამდებობაზე და მეც, - რას ვკარგავ-მეთქი, - შევიტანე საბუთები. რამდენიმე კვირაში მითხრეს, სამი კაცი შევარჩიეთ ბოლო ტურისთვის - გასაუბრებისთვის და მათ შორის - შენცო. მაშინვე ინტერნეტით საგულდაგულოდ გავეცანი სიდნეის, მოვიხიბლე და ამანაც დამატებითი სტიმული მომცა, საუკეთესოდ წარმომეჩინა თავი ბოლო ტურში. საბოლოოდ, სამსახური შემომთავაზეს, მეც უყოყმანოდ დავთანხმდი და ახლა სიდნეის უნივერსიტეტში ჩემს უსაყვარლეს საქმეს ვემსახურები - ვკითხულობ ლექციებს და ვმუშაობ სამეცნიერო კვლევებზე. და მაშინ, ამერიკაში რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მომავალი ცოლი სწორედ აქ "მელოდებოდა"...

- ჰოდა, შენს სიყვარულზეც გვიამბე - როგორ და სად შეხვდი?

- თათული სიდნეიში გავიცანი, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში, საერთო ახლობლის, ირინა კოტრიკაძის ოჯახში. დანახვისთანავე ძალიან მომეწონა, შემდეგ კი - შემიყვარდა კიდეც. თათული ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარულია, მე კი - მისი. აქედან გამომდინარე, ორივეს ძალიან გაგვიადვილდა ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, როგორიც ოჯახის შექმნაა. პირველად თათული რომ დავინახე, ქუჩაზე გადმორბოდა, მე ტროტუარზე ვიდექი და იქვე, ღობესთან ახლოს მივიწიე: თავბრუ რომ დამეხვას, ამას მივეყუდები და არ წავიქცევი-მეთქი. თავიდანვე თავბრუდამხვევი იყო და დღემდე არაფერი შეცვლილა. ალბათ, ჩემი უშუალობითა და უბრალოებით მოვხიბლე, საგანგებოდ არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი და ყველაფერი თავისთავად მოხდა. ამიტომაც იყო ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე სადა და ლამაზი.

თათულიზე ოცნება არც ახლა შემიწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩემ გვერდითაა. ასეთ პოპულარულ ადამიანთან სიახლოვე ძნელი სულაც არ არის, უფრო საინტერესოა და სასარგებლოც. ყურადღების ცენტრში ხარ, რაც მშვენიერი მოტივია, სულ ფორმაში იყო და არ მოდუნდე. ქართველები სილამაზის მოტრფიალე ერი ვართ, ასე რომ, არც თათულის თაყვანისმცემლები მანერვიულებენ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. რაც უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს ჩემი ცოლის სილამაზეს, მით უფრო მეამაყება საკუთარი არჩევანი. სხვათა შორის, ყოველთვის მომწონდა ლამაზი, ჭკვიანი და ნაზი გოგონები. შემხვდა ულამაზესი, უჭკვიანესი და უნაზესი თათული და მეც უბედნიერესი ვარ (იღიმის).

- თათულიმ გვიამბო, რომ ლამაზი ქორწილი გქონიათ სიდნეიში...

- ჩვენს ქორწილს კურიოზი ახლდა. ხელის მოწერა 4 საათზე დავნიშნეთ სიდნეის ოპერის თეატრთან, ღია ცის ქვეშ. აქ უნდა მოსულიყვნენ წარმომადგენელი ქორწინების სახლიდან და ფოტოგრაფი. 4-ის ნახევარზე ადგილზე ვიყავი, რადგან ვიცოდი, სიძე პატარძალზე ადრე უნდა მისულიყო. ყველანი შევიკრიბეთ, არ ჩანდა მხოლოდ პატარძალი და მისი მეჯვარე - სალომე. გავიდა 15 წუთი, 20 წუთი, ნახევარი საათი. ვერავის ვუკავშირდებოდი. ვერ წარმოიდგენთ, რა სტრესი მივიღე, რა აღარ ვიფიქრე. სტუმრებიც ანერვიულდნენ. რაიმე ხომ არ მოხდა, თათულიმ ხომ არ გადაიფიქრაო? - მესმოდა ჩურჩული. 1 საათი რომ გავიდა, ქორწინების სახლის წარმომადგენელმა "დამამშვიდა": არ ინერვიულო, ასეთი რამ ხშირად ხდება და ქორწილი ბოლო მომენტში იშლებაო. მე კიდევ ეს მინდოდა?! სტუმრები მაიმედებდნენ, მოვაო და ამაზე სულ ვგიჟდებოდი. ზუსტად საათ-ნახევრის შემდეგ გამოჩნდა მანქანა, საიდანაც თათული და სალომე გადმოვიდნენ. თურმე სილამაზის სალონში ყოფილან, თათულის კაბაც იქ წაუღია, - მაკიაჟს და ვარცხნილობას რომ გავიკეთებ, მერე იქვე ჩავიცვამო. სტილისტებს კაბა მოსწონებიათ, თურმე ყველა მხრიდან ათვალიერებდნენ, კაბა აბურდულა და როცა თათულის ჩაუცვამს, ვერაფრით მოურგია. სალონის თანამშრომლები ამაოდ ცდილობდნენ კაბისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას. ზუსტად 1 საათი უწვალიათ, ბოლოს ღმერთმა დაგვინდო და კაბა გასწორდა. აი, ასეთი ნერვიულობა შემხვდა საკუთარ ქორწილში. ხელმოწერის შემდეგ წვეულება ცნობილ რესტორანში გვქონდა, რომელიც ოკეანეში მდგარ გემზეა. მხიარულება რომ დასრულდა და უნდა დავშლილიყავით, კოკისპირული წვიმა დაიწყო. ერთი გენახათ, სტუმრები თავქუდმოგლეჯილები რომ გარბოდნენ წვიმაში, მანქანის სადგომისკენ, რომელიც რესტორნიდან 100 მეტრშია. ბოლოს ყველას მოეწონა წვიმაში სირბილი, - რა რომანტიკულიაო, - ამბობდნენ (იცინის)... ძალიან კარგად მახსენდება ქორწილიდან რამდენიმე დღეში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მძლეოსან ვიქტორ სანეევთან ოჯახში სტუმრობა. ქართული სუფრა გავშალეთ, ქართული ღვინო შევსვით, შემდეგ კი ვიქტორმა მუსიკის ხმას აუწია და მე და თათულის ცეკვა გვთხოვა. ჩვენ ყველა ავიყოლიეთ: ვიქტორმა თავისი მეუღლე იანა გამოიწვია, შემდეგ თათულის დედ-მამაც ავაცეკვეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო.

დარწმუნებული ვარ, არათუ გავამართლებ თათულის იმედებს, გადავაჭარბებ კიდეც მის მოლოდინს. ჩემი მიზანია, მის აღფრთოვანებულ სახეს ვუყურო ყოველდღე, რაც სასიამოვნო სიურპრიზებით მიიღწევა. სიურპიზებს კი ხშირად ექსპრომტად ვიგონებ ანუ დილით არ ვიცი, საღამოს რას მოვიმოქმედებ. სიდნეი ისეთი ლამაზი ქალაქია, კაცს სულ რომ არ გქონდეს წარმოსახვის უნარი, რაიმე რომანტიკულს შენდა უნებურად გააკეთებ. ასე რომ, ჩემს მშვენიერ ქალბატონს მოწყენა არ ემუქრება. ჩემს განწყობილებას ლექსადაც გადმოვცემ: ლამაზო ტანით, სულით და ფიქრით/, ბედნიერი ვარ, მხარს რომ მიმშვენებ/, რაც უფრო გიცნობ, მით უფრო მეტად/ აღმაფრთოვანებს შენი სიმშვენე!

ძალიან მომენატრა საქართველო. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სულ მალე საქართველოში ჩემს მეუღლესთან - უმშვენიერეს თათულისთან ერთად ჩამოვალ. ორივენი დღეებს ვითვლით...

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები