"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"

"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია ტელეკომპანია "ჯი დი ეს-ტივის" თანამშრომელი, იუმორისტი დათო გოგიშვილი:

- პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ვეწევი, რადგან განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას გადაწყვეტილებით, რეგიონებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რვავე ფილიალი გაუქმდა. შესაბამისად, დაიხურა ქვემო ქართლის ფილიალიც, სადაც ცხრა წლის განმავლობაში ვკითხულობდი საქართველოს და რელიგიის ისტორიას.

- დათო, ორ ურთიერთსაპირისპირო­ სფეროში მოღვაწეობდი. ასწავლიდი სტ­უდენტებს, პარალელურად კი პროექტ "ფარულ კამერაში" "ციყვად" წოდებული არასერიოზული ადამიანის როლს თამაშობდი. "ციყვობა" ხელს არ გიშლიდა სტუდენტებთან ურთიერთობაში?

- არა, მე ხომ ძირითადად, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან მიწევდა ურთიერთობა, რომლებსაც სატელიტური ანტენები ერევნისა და ბაქოსკენ ჰქონდათ მიმართული და იქაურ გადაცემებს უყურებდნენ. თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, უნივერსიტეტში საკმაოდ აკადემიური ვიყავი და "ციყვთან" ვერავინ გამაიგივებდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ხან პამპერსამოცმული დარბოდი ქუჩაში და ხანაც ქალის სამოსში გამოწყობილი?

- (იცინის) ერთ ამბავს გავიხსენებ... როდესაც გორში "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გვერდით გამოვჩნდი, იმავე დღეს ინტერნეტგვერდ "მაივიდეოზე" დადეს ეს ტელეკადრი. ჩემკენ ისარი იყო მომართული და ეწერა, ეს ის "ციყვი" არ არის, ქუჩაში პამპერსით რომ დარბოდაო? ანუ, ვიღაც ჩემს "გაშავებას" შეეცადა. მაგრამ დავმშვიდდი, როდესაც ვნახე, რომ 80-მდე კომენტარში მხოლოდ 3-4 იყო ასეთი, დანარჩენი კი ამ ვიდეოს ავტორებს ისე სასტიკად თათხავდა, რომ მათ ადგილზე რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვდი.

- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ძველ კოლეგებთან, ვისთან ერთადაც იუმორისტულ გადაცემებზე მუშაობდი, როგორი ურთიერთობა გაქვს?

- უმეტესობასთან კვლავ ვმეგობრობ, თუმცა იმ ადამიანებთან, რომლებმაც მაიძულეს ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში გადავსულიყავი, აღარ ვურთიერთობ.

- წარმოიდგინე, შენს ოთახში შემოდის მომღერალი სოფო ნიჟარაძე და უკვე ნაცნობ ფრაზას: "ციყვი, არ გრცხვენია?" კვლავ გიმეორებს. როგორი რეაქცია გექნება?

- სოფომ თავისი ნათქვამი მოგვიანებით ასე ახსნა: ციყვი არ მომესალმა და ამიტომ ვუთხარიო. მაგრამ თუ ამას ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო მეტყვის, ვუპასუხებ, რომ პირიქით, ამაყი ვარ, როგორც არასდროს და ტალახი იმან ისროლოს, ვინც ჩემზე სუფთაა.

- გიბარებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და გნიშნავს თბილისის მერად. რას გააკეთებდი?

- თავაზიან უარს ვეტყოდი, რადგან თბილისის მერობა არ არის ხელწამოსაკრავი თანამდებობა და ამ ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი უნდა დაინიშნოს. თუმცა "ფსიქოსთვის" მაინც წარმოვიდგენ თავს "მერად" და გეტყვით, რომ, პირველ რიგში, თბილისის სიმბოლოს და დამცავი ჰოლოგრამის მკვეთრი ასო-ბგერა "ლასის" სწორად გამოთქმის გამოცდას საჯაროდ ჩავაბარებდი (იცინის). ამით მთელ თბილისს და საქართველოს დავანახვებდი, როგორ უნდა წარმოვთქვათ სწორად ასო-ბგერა "ლ".

- კახა ბენდუქიძემ ხათუნა კალმახელიძის გამო დუელში რომ გამოგიწვიოს, მიიღებ ამ გამოწვევას?

- ბენდუქიძისგან ამ გამოწვევას არ მივიღებდი. როგორც ვიცი, დუელში ორივე მხარეს მაღალი მორალის მქონე ადამიანები წარმოადგენდნენ, ბენდუქიძეს კი საამისო არც მორალი და არც ადამიანობა არ გააჩნია. ასე რომ, ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო.

- შეყვარებული ხარ?

- ამჯერად ჩემი გული თავისუფალია, თუმცა, მის დეკლარირებას არ ვახდენ და არც ინტერნეტგვერდზე დამიდევს განცხადება გულში ვაკანტური ადგილის შესახებ (იცინის). თუმცა ორჯერ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ორჯერვე ხელმოცარული დავრჩი. თავის დროზე სააკაშვილისთვისაც კი ვაპირებდი მეთხოვა, სპეციალური პენსია დაენიშნა, როგორც ცალმხრივ სიყვარულში დიდი სტაჟის მქონე ადამიანისთვის. არადა, საყვარელი არსებისთვის სიურპრიზების მოწყობას არაფერი მირჩევნია, რადგან მისი სიხარული უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ამის გამო ხშირად ვმჯდარვარ შინ მშიერი...

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- პირველ რიგში, "ვარდების რევოლუციამდელ" საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ჯერ კიდევ ჰგავდა კონსტიტუციას, ვიდრე სააკაშვილი თავის ტანზე არ "შემოისტროჩკავდა" და აგრეთვე ბლანკს, სადაც პრეზიდენტები განცხადებას წერენ გადადგომის შესახებ.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გულწრფელი და სამართლიანი ადამიანია. არ უყვარს ტყუილი და ყოველთვის ამბობს, რასაც ფიქრობს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები