საატესტატო გამოცდები

საატესტატო გამოცდები

საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძალაში დატოვა როგორც საატესტატო, ასევე მისაღები გამოცდები. რა გზის გავლა მოუწევთ აბიტურიენტებს სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლებამდე და რა სამომავლო ცვლილებებს გეგმავს სამინისტრო გამოცდებთან დაკავშირებით? თქვენს კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე პასუხობს.

 

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თამარ ენუქიძე: მეთერთმეტე კლასელებისთვის ოქტომბერში გამოცდების დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ძველ სასწავლო წელსა და გამოცდებს შორის არის სამთვიანი წყვეტა საზაფხულო არდადეგების სახით. როგორ მოახერხოს მოსწავლემ მოემზადოს ასეთ მნიშვნელოვან საგნებში სკოლისა და მასწავლებლის დახმარების გარეშე?

ყველა მსგავს მოსაზრებას გავაანალიზებთ. ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ კონცეპტუალური მიდგომა, თუ რა გზით უნდა განვითარდეს სისტემა, მაგრამ კონკრეტულად როგორ ფორმას მიიღებს ის, ჯერ კიდევ ღია თემაა. ვმუშაობთ ღია, გახსნილ ფორმატში, რომ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ქონდეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება. არ ვაპირებთ ნაჩქარევი და მყისიერი გადაწყვეტილების მიღებას, გაანალიზების შემდეგ ამაზე კონკრეტული პასუხები მოგვიანებით დაიდება.

გამოცდა არა სასწავლო პროგრამის, არამედ გავლილი სასწავლო მასალის შეფასებაა. კონკტრეტულ მოცემულობაში მსგავსი ტიპის არგუმენტები ყველა შეჯერდება და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღბთ.

დარჩება თუა არა ოქროსა და ვერცხლის მედლის გაცემის არსებული წესი, რა უპირატესობა და შეღავათები ექნებათ მედალოსნებს?

არ ვაპირებთ არც ხელაღებით ხაზის გადასმას ან ხელშეუხებლად რამის შენარჩუნებას. ამ მიმართულებით მსხვილი ფაზა გვაქვს გასავლელი. ეს არის შეფასების ფაზა, გვინდა ობიექტურად შევაფასოთ ყველა მიმდინარე და განხორციელებული პროექტი, პროგრამა და ესა თუ ის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, საკუთარი გემოვნება, შეხედულებები და საკუთარი გამოცდილება, მხოლოდ ამ მიმართულებით სისტემის მართვა ჩიხში შეგვიყვანს. არ ვაპირებთ რადიკალურად უარი ვთქვათ მედლის სისტემაზე, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რაღაც შეღავათების მომატებაზე ფიქრი ნაადრევია.

გაცემის არსებული წესი თუ შეიცვლება?

წესის შესაცვლელად მის ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებზე კვალიფიცირებული შეფასება უნდა არსებობდეს. არ არსებობს ყველაფერი ცუდი, ან ყველაფერი კარგი. ცვლილება არ არის მიზანი, ცვლილება არის საშუალება. თუ ცვლილებას გავიხდით მიზნად, მაშინ მუდმივი ცვლილების ფაზაში ვიქნებით, გამოჩნდება, რომ ვართ აქტიურები, მაგრამ ვერასდროს გავალთ ეფექტურ შედეგზე. გადასახადების გადამხდელთა რესურსები შედეგებზე უნდა დაიხარჯოს და არა მხოლოდ პროცესზე.

მკითხველი სალომე მეურმიშვილი: მაინტერესებს, საატესტატო გამოცდებზე თითოეულ საგანში რა იქნება მინიმალური ზღვარი?

ამაზე საუბარი ნაადრევია და რეცეპტის გაცემა კორექტული არ იქნება. მინდა აუდიტორიას დავანახო ხედვა, რომლითაც საკითხების გადაწყვეტის ტექნოლოგიებს ვუყურებთ. ყოველ ჯერზე დაისმევა კითხვა, რა არის მიზანი, რა შედეგი უნდა მივიღოთ და ამის შემდეგ დაიწყება ფიქრი ამ მიზნის მისაღწევად რაციონალურ გზებზე. რაღაც სტერეოტიპები, აკრძალვები და მოლოდინები არაკვალიფიციურობის ნიშანი და არპროფესონალური მიდგომა იქნება. წინასწარი რეცეპტები არ არსებობს.

მკითხველი თორნიკე: წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, თუმცა ფიზიკური დატვირთვების გამო ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება და წამოვედი, მაგრამ ვეღარსად ჩავირიცხე, რის გამოც ერთი წელი დამეკარგა. არსებობს რამე საშუალება ჩემს მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტებისთვის? შემენახება თუ არა ქულები, თუ მომიწევს ხელახლა ჩაბარება?

არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები. ეს არის წინაპირობა იმისათვის რომ ნებისმიერ აქტუალურ საკითხს მოვისმენთ, განვიხილავთ და მათი მოგვარების ყველაზე რაციონალური გზების მოსაძებნად რესურსებს დავხარჯავთ. ამუშავდება მექანიზმი, რომელიც საზოგადოების მრავალფეროვან წარმომადგენლობას საშუალებას მისცემს ჩაერთონ პროცესებში, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, ჩართულობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. ნებისმიერი დეტალი მხოლოდ ამ ფორმატში იქნება განხილული, არ ვაპირებთ ყურადღების მიღმა დავტოვოთ რომელიმე პრობლემა. ეს თემაც ამ კონტექსტში ჯდება.

მკითხველი სოფო თვალიაშვილი: შესაძლებელია თუ არა პირველ კლასელთა სასწავლო პროგრამიდან ინგლისური ენის ამოღება? ან მშობელს მიეცეს არჩევანის საშუალება და მოხდეს სურვილის მიხედვით ამ საგნის არჩევა?

ეს თემაც ექვემდებარება შეფასებას, პრიორიტეტად უცხო ენის გამოცხადება ჩემთვისაც გასაგები და მისაღებია, მაგრამ განხორციელების ფორმატ გახსნილი საუბარი იქნება. როგორ გადაწყდება საკითხი, შემდგომი მუშაობის საგანია. განხილვადია ალტერნატივა, რომ იყოს არა სავალდებულო ფორმატით. ეს არის ერთი ალტერნატივათაგანი. საკითხი უნდა იყოს განხილული, ნებისმიერი პრობლემის შესწავლის შემდეგ განვიხილავთ არა ერთ მიდგომას, არამედ რამდენიმე ალტერნატივას და სამინისტრო შეეცდება საუკეთესო ალტერნატივების დანერგვას.

მაღელვებს საკადრო საკითხი - სკოლა არაპროფესიონალთა თავშეყრის ადგილი გახდა, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

შეფასებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი და პროფესიონალურად გამართული მექანიზმი, რომელიც სკოლაში მიმდინარე პროცესებზე დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. ძალიან აქტუალური და პრიორიტეტული თემაა, რომელზეც საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგს ვგეგმავთ. დღეს სისტემა დაუბალანსებელია. სწავლა- სწავლება ცალ-ცალკე კომპონენტებად უნდა განვიხილოთ. თუ როგორ ისწავლა მოსწავლემ, ამის შესაფასებლად ასე თუ ისე სისტემა მუშაობს - ეს არის მიმდინარე, სემესტული, წლიური და სასკოლო-საატესტატო შეფასება. რაღაც გაგებით ამ პროცესს ეხმიანება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. რაც შეეხება სწავლების პროცესს, ამ მხრივ არც მონიტორინგისა და არც შეფასების სისტემა არ გაგვაჩნია. ეს თემა დახურულია. საგაკვეთილო პროცესი სრულიად ხელშეუხებელია და იქ ჩახედვის უფლება არავის აქვს. მართალია, საგაკვეთილო პროცესი არ უნდა იყოს წნეხისა და ქაოსის ობიექტი, მაგრამ ვიდრე მოსწავლე მეთორმეტე კლასს არ დაამთავრებს, ცენტრალიზებულად, ობიექტურად დამოუკიდებელი შეფასების არავითარი მექანიზმი ხელთ არ გვაქვს. თორმეტი კლასის ბოლოს კი დასკვნების გაკეთება ძალიან გვიანია. ამიტომ შესაცვლელია სისტემის მართვის ინსტრუმენტები როგორც სწავლების, ასევე სწავლის კუთხით. არსებობს დასავლური ქვეყნების გამოცდილება და აქ ახალს არაფერს გამოვიგონებთ. ასეთი შეფასება-კვლევები შეიძლება გაკეთდეს მე-4, მე-6 და მე-9 კლასის დონეზე შერჩევით სკოლებში, რომელიც ობიექტურ სურათს დაგვანახებს.

გვაქვს მყიფე და ნაკლებ ეფექტიანი პედაგოგთა სერტიფიცირების სისტემა, რადგან ის ამოწმებს პედაგოგთა თეორიულ ცოდნას და ვერ ამოწმებს პედაგოგის პრაქტიკულ საქმიანობას. მშობლის საჩივარზე, რომელიც უკმაყოფილოა მასწავლებლის სწავლების ხარისხით, სკოლის ადმინისტრაციას რეაგირებისთვის სამართლებრივი ინსტრუმენტები არ გააჩნია. დისციპლინარული ტიპის გადაცდომა სხვა საქმეა, კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები კი უხილავი სფეროა, რომელსაც შეუძლებელია სამართლებრივი ნორმებით შეეხო.

დღევანდელი სტატისტიკით, მოსწავლეების 90% კერძო რეპეტიტორთან ემზადება, 60 % აცხადებს, რომ არ აქვთ საშუალება, თორემ ისენიც კერძო მასწავლებელთან ივლიდნენ. ეს მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ სკოლა ხარისხიან განათლებას ვერ იძლევა. ეს სისტემური პრობლემა და ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

მკითხველი ნინო მედლიშვილი: პროფესიით პედაგოგი ვარ და მაინტერესებს, როდის და როგორ დაიწყება სასკოლო პროცესში მშობელთა ჩართულობა?

სასწავლო პროცესში ჩართვა არ ჩართვის საკითხი ზოგადი განათლების შესახებ კანონით რეგულირდება. კანონის თანახმად, მოქმედებენ სამეურვეო საბჭოები, რომლებიც ყველაზე ძლიერ ბერკეტს წარმოადგენენ არამარტო მშობლის ჩართულობის, არამედ სკოლის მართვის თვალსაზრისითაც. ამ მიმართულებით ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს მშობლის როლის და ფუნქციის დაკნინების ხარჯზე არ მოხდება. შეიძლება შეიცვალოს ფორმატი, დასაშვებია შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციებიც. ზოგადი განათლების შესახებ კანონი მშობელს, პედაგოგსა და მოსწავლეს უფლებას აძლევს შეიკრიბონ, აზრი გამოხატონ და სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. მინდა შევახსენო მშობლებს ამ ნორმების არსებობა. მათი აქტიურობის გარეშე სერიოზული შედეგების მიღწევა წარმოუდგენელი იქნება.

მკითხველი რებეკა:ვარ 1995 წელს დაბადებული. შემიძლია თუ არა ექსტერნად გამოცდების ჩაბარება? მაინტერესებს როდის უნდა დავრეგისტრირდე და სად?

ექსტერნის ფორმით გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი არ შეცვლილა და არც მომავალში იგეგმება რადიკალური ცვლილებები.

მკითხველი ნიკოლოზ იმედაიშვილი: სერთიფიცირებულ პედაგოგებს, რომელებიც გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაზრდილ ხელფასს იღებენ, ისევ შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება, თუ შეუწყდებათ? 2013 წლის ბიუჯეტში გათვლილია ეს თანხები?

ოქტომბერში გარკვეულმა სკოლებმა ვერ მიიღეს დროულად ეს დანამატი, რადგან არასწორი ინფორმაციები მოგვაწოდეს. სკოლამ უნდა შეძლოს ხარისხიანი ინფორმაციის მოწოდება, რომ შემდეგ სამინისტროს არ მოუწიოს მის გამოსწორებაზე დროის დახარჯვა. ინფორმაცია, რომ შეწყდა ან შეწყდება, არ შეესაბამება რეალობას. თვითონ მოდელი, რომლის ფარგლებშიც იქნა შეფასებები გაკეტებული, ვფიქრობთ, რომ არ არის რაციონალური და მოქნილი. 1000 ლარის დანამატის შემთხვევაში პედაგოგმა ორი საგნის გარდა ჩააბარა კომპიუტერი და ინგლისური ენა. ეს სრულებით ვერ აჩვენებს შემდეგ რამდენად გამოიყენა საგაკვეთილო პროცესში ეს ცოდნა. ამ შემთხვევაშიც მოუქნელია სისტემა. არ ვაპირებთ ამ ადამიანების დისკრიმინაციასა და არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენებას, უბრალოდ ეს მოდელი გაუმჯობესდება. არ ვაპირებთ რაღაცის უკან წაღებას, მაგრამ ვაპირებთ გაუმჯობესებას. კონკრეტულ ფორმატზე ნაადრევია საუბარი, გამოცდები იგეგმება. სერთიფიცირების საკითხი, კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი ვერ დარჩება მხოლოდ თეორიული შეფასების იმედზე. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია არა ის, რა იცის მასწავლებელმა, არამედ როგორ იყენებს ამ ცოდნას. თუ არ იყენებს საგაკვეთილო პროცესში, რა ხეირი აქვს მოსწავლეს ან მშობელს? მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე, მთავარია რა ხდება და რა მოხდება საგაკვეთილო პროცესში.

მკითხველი გიორგი გელოვანი: მაინტერესებს, სკოლის გადასწყვეტია თუ არა საატესტატო გამოცდების ჩატარება-არჩატარების საკითხი. თუ სკოლა ჩაატარებს, მის ფორმასაც სკოლა განსაზღვრავს, რესურსცენტრი თუ განათლების სამინისტრო?

დღესდღეობით მოქმედებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23 მუხლი, რომელიც ამ თემას არეგულირებს და ამ მიმართულებით არაფერი არ შეგვიცვლია. სკოლამ უნდა ჩაატაროს გამოცდა, ფორმატს განსაზღვრავს თავად სკოლა და სხვა არავინ. თუკი სკოლებს კითხვები ექნებათ და დახმარება დასჭირდებათ, კონსულტაციებს გავუწევთ. თუკი სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგად უკმაყოფილება და პრეტენზიები გამოითქმება, აპელაცია განხორციელდება ცენტრალიზებულად, სკოლის გარეთ.

მე -12 კლასის მეორე სემესტრში საგნებს არჩევით ისწავლიან, თუ მხოლოდ იმ საგნებს, რომელშიც წლის ბოლოს გამოცდაა დანიშნული?

ეს სკოლის გადასაწყვეტია, რადგან ამ მიმართულებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები არ შესულა.

მკითხველი ნატა მურვანიძე:დღევანდელი საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობა ამ ბოლო 4 წლის მანძილზე ან მანდატურები არიან, ან სუსტი მენეჯერები, რაც სკოლის არასწორი მართვის მიზეზია. სკოლების გაერთიანების შემდეგ კი დირექტორებად მხოლოდ შაშკინის სიმპატიების მიხედვით დაინიშნენ. შეიძლება თუ არა ასეთმა სკოლის დირექტორებმა ჩაიბარონ 2012-2013 წლის სკოლის დამამთავრებელი გამოცდები?

ყოველ ჯერზე ვიქნები კორექტული და შეფასებით ნაწილზე არ გავაკეთებ რეაგირებას, ჩემი ვალდებულებააა კვალიფიცირებულად აღვწერო სიტუაცია და შესაძლო პერსპექტივები. ხშირი საკადრო ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს სისტემის მდგრადობაზე. სკოლა მარტივად ვერ იტანს და მასზე დადებით გავლენას არ ახდენს გაუთავებელი ცვლილებები, თუნდაც ობიექტური საფუძვლით განპირობებული. გადასახედი გვაქვს კადრების მომზადების - არა მარტო დირექტორების, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადების სისტემა. ვიდრე პიროვნებას სკოლის მართვის უფლებას მივცემთ, სჯობს სათანადო ეტაპები გაიაროს. ვინ რა გზებით მოხვდა თანამდებობაზე, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება იარლიყების შემოტანა.

ძალიან მცირეა იმ დირექტორთა რაოდენობა, რომლებსაც საკონტრაქტო ვადა ეწურებათ. როგორ ვმოქმედოთ მომავალში? მიდგომა აქაც სისტემური და არა ფრაგმენტული იქნება, უნდა შეიცვალოს არა პერსონაჟები, არამედ პირველ რიგში დირექტორის მომზადების, მისი შერჩევის სისტემა. ეს არ არის სამინისტროს საბოლოო პოზიცია, მაგრამ მიდგომა, რომ დამსაქმებელს ირჩევს დასაქმებული, ბევრ პრობლემას წარმოქმნის. სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, პედაგოგიური საბჭო, დირექტორის მონაწილეობით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს. იმთავითვე თვალსაჩინოა ინტერესთა კომპლიქტი - რგოლი, რომელმაც უნდა განახორციელოს სასკოლო სასწავლო გეგმა, თავად შეიმუშავებს, თავად ამტკიცებს, არსად არ წერია მაგრამ ალბათ თავადვე აფასებს მას. გადასახედია ამ მიმართულებითაც.

2004 წლამდე სისტემაში არსებობდა მიდგომა, რომ სკოლის დირექტორი პედაგოგი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ითქვა, რომ დირექტორი უნდა ყოფილიყო მენეჯერი. ვფიქრობ რაღაც შუალედური უნდა მოვძებნოთ და ალბათ დადგა ეპოქა, როდესაც აქტუალური გახდება ტერმინი საგანმანათლებლო ლიდერები. ისინი პედაგოგიური საქმიანობის მცოდნეები იქნებიან, მაგრამ ამავდროულად მენეჯერული თვისებები ექნებათ.

გაგვიჭირდება გაზომვა, ვინ ვისი სიმპატიებით იყო გამსჭვალული. მთავარი გამოწვევაა, როგორ ვახდენთ სისტემურ ცვლილებას, თემა ექვემდებარება განახლებასა და განხილვას, თუმცა ვადები ტექნიკური საკითხია. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი დეტალიც, რომ 2007 წელს არჩეულ დირექტორებს 2013 წელს ეწურებათ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა. სისტემა თვითონ განსაზღვრავს ბარიერებს, ეტაპებს, ჩვენ ყველანაირ რონეს ვიხმართ და ყველანაირ ცივილურ მეთოდებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დირექტორთა კორპუსი გამოცდებს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

მკითხველი ავთანდილ კეჭაყმაძე: როგორ უნდა აიღოს ატესტატი ადამიანმა, რომელიც ჩაიჭრა საატესტატო გამოცდებზე წინა წლებში, ან გამოცდებზე საერთოდ არ გასულა? როდის შევა შესაბამისი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რადგან ახლანდელი ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ ერთიან საატესტატო გამოცდებს ითვალისწინებს?

დაზუსტებით, კონკრეტულად ამომწურავი პასუხების გაცემა მიჭირს, მაგრამ სავარაუდოდ, ზოგადი რეგულაციებიდან გამომდინარე, მას მოუწევს გამოცდების ჩაბარება. სათანადო პროცედურების დაცვით მოსწავლეს შეუძლია მომდევნო წელს, მაგალითად, წელს მიიღოს მონაწილეობა. რადგან შარშან სხვა ფორმატი იყო და წელს სხვა, გამოცდა გამოცდაა, ვინ ატარებს და რა ფორმატით არა აქვს მნიშვნელობა. სკოლის დონეზე ორგანიზებული გამოცდის შედეგად დადებითი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე მიიღებს ატესტატს. გამოცდების განსხვავებული ფორმატი მისთვის პრობლემატური არ იქნება.

მკითხველი მარიამ დოთიაშვილი:იგეგმება თუ არა უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადის შემცირება მათთვის, ვინც დღეს უკვე სტუდენტია. ანუ თქვენი წინასაარჩევნო დაპირება სწავლის საფასურის შემცირების შესახებ მხოლოდ დაპირებად ხომ არ დარჩება? ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს გადასახადი არის შეუსაბამო და დიდი ტვირთად აწვება მშობელს.

ვინც სტუდენტია მისთვის არაფერი არ შეიცვლება, ამაზე მინისტრმა გააკეთა რამდენჯერმე კომენტარი. მეც დიდი სიამოვნები გავიმეორებ, რომ აუდიტორიას არ დარჩეს არავთარი კითხვის ნიშანი. რაც შეეხება მომავალს, დაფინანსების მოცულობის ზრდა ბუნებრივია ის თემაა, რომელზეც ერთ ან ორ დღეში სრულფასოვანი ინფორმულობის ხარისხის მიღება ძნელია. ალბათ ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ თუ სისტემა სათანადოდ არ ფინანსდება, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბარი წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ამ ტერმინს ხშირად უნდა გავსუვათ ხაზი იმიტომ, რომ პრაქტიკაში ეს არ იგულისხმება. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაში ძალიან ხშირად მოიაზრებენ პროცესს, რომ ახალგაზრდას ერქვას სტუდენტი, მაგრამ ნაკლებად მძრაფრად არის აღქმული პრობლემები, რაც უხარისხო უმაღლეს განათლებას მოყვება. როდესაც ადამიანი ამთავრებს უმაღლეს , მას აქვს ამის დამადასტურებელი სახლემწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი, ამ დროს კი მისთვის დასაქმება ურთულესი პრობლემა. ხშირად უნდა დავსვათ კითხვა, ჩვენი საზოგადოება შედეგზეა ორიენტრირებული თუ პროცესზე? გადასახადები რაში გვინდა გადავიხადოთ, პროცესში თუ შედეგზე ორინეტირებაში? ვფიქრობ, ყველას შედეგი გვაინტერესებს. თუ აბიტურიენტი მიიღებს დაფინანსებას, ეს თანხა უნდა ეყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. დიდი ალბათობით, გაზრდილი გაფინანსებაც თავისთავად ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას , მაგრამ თუ უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომლებს, პროფესორებს, მეცნიერ მუშაკებს არა აქვთ სათანადო ანაზღაურება, არა აქვთ რესურესები კვლევისათვის, არა აქვთ სახელმძღვანელოების შეძენის საშუალება, მაშინ უნდა გადავხედოთ ტერმინს - უმაღლეს განათლებას. ეს არის დიპლომი თუ მართლაც კონკრეტული შედეგის მიღწევა. თუ შედეგზე ვართ ორიენტირებულები, უმაღლესში სწავლება არის არა მიზანი, არამედ საშუალება. მიზანი არის დასაქმება, კარიერის შექმნა, საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის რელიზება და საზოგადოებაში დამსახურებულად ღირესეული ადგილის დამკვიდრება. აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს ეს გადაწყვეტილება ძვირადღირებული კერძო სასწავლებლებისაკენ უადვილებს გზას. თავს შევიკავებ შეფასებისაგან, მაგრამ კერძო უმაღლესი სასწავლებელებისთვის დასაქმების პროცენტი ძალიან მაღალია. მათი ფასიც შემთხვევითი არაა, არსებოს მოთხოვნა და არსებობს მიწოდება. ასე რომ, გაიზრდება თუ არა სწავლის ღირებულება, ვფიქრობ , ამას მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს და შეიძლება სულაც არ მოხდეს ასე.

ოჯახს, რომელსაც აქვს ნაკლები ეკონომიური შემოსავალი, სახლემწიფო უზრიდს ასეთ ოჯახს შესაძლებლობას, რომ მისმა შვილმა უკეთესი განათლება მიღოს და რეალურად ადგილი მოიპოვს შრომის ბაზარზე. არავინ ამბობს, რომ ერთი გადაწყვეტილებით ყველა პრობლემა გვარდება და დაფინასების გაზრდა ავტომატურად ნიშნავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია ხარისხზე ფიქრი.

მკითხველი მარინა ცაგარეიშვილი: რა სახით ჩატარდება ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში? მიექცევა ყურადღება ლიტერატურას, თუ მხოლოდ გრამატიკული ნაწილი და თემები იქნება წარმოდგენილი?

კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებ. სავარაუდოდ, ლიტერატურასაც მიექცევა ყურადღება.

იქნება თუ არა საატესტო საკითხების ნუსხა წინასწარ ცნობილი, ვგულისხმობ არა ზუსტად ტესტების გამოქვეყნებას, არამედ საკითხებს.

პროგრამა ცნობილია, გამოცდა უნდა ჩატარდეს იმ ნაწილში, რასაც უკვეთავს სტანდარტი, გამოცდა არის ინსტრუმენტი შევაფასოთ, მივაღწიეთ თუ არა დასახულ სტანდარტს.

როდიდან გამოქვეყნდება მისაღები გამოცდების ტესტების ნიმუშები?

ამ კითხვას გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა უნდა უპასუხოს, თუმცა არ მგონია ვადები მნიშვნელოვნად შეიცვლოს.

როგორ აპირებთ სახელმძღვანელოების შეცვლის საკითხის გადაჭრას, ან თუ აპირებთ საერთოდ?

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დილემის წინაშე ვდგავართ. არსებული სახელმძღვანელოების მიმართ კრიტიკა გვესმის, არადა მშობლებისათვის ძალიან რთულია სახელმძღვანელოების ცვლილებებებს აუწყოს ფეხი. ამ შემთხვევაშიც ზომიერნი ვიქნებით და ვეცდებით სახელმძღვანელოები მუდმივი ქაოსური ცვლილებების საგნად არ ვაქციოთ. შევეცდებით საკითხი კონკრეტულ თემაზე კონკრეტულ სახელმძღვანელოსთან მიმართებაში განვიხილოთ და მშობლის ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალური გზები მოვძებნოთ. მომხმარებელს ცვლილებები გააზრებულად და მოზომილად უნდა მივაწოდოთ, რომ მოსახლეობისთვის არ იყოს დამღლელი და მატერიალურად ზარალის მომტანი. ჯობს გააზრებულად განვახორციელოთ ცვლილებები, რომ შემდეგ მოსწავლეებს შეეძლოთ წიგნების ერთმანეთისთვის გადაცემა, გაიზარდოს წიგნადი ფონდი და მშობელს ყოველ წელს ახალ-ახალი სახელმძღვანელოს ყიდვა არ მოუხდეს.

მკითხველი ნათელა ნატროშვილი: მე–12 კლასის მოსწავლეს არ აქვს მოქალაქეობა, არც ბინადრობა და საატესტატო გამოცდებამდე ვერც ახერხებს საბუთების მოწესრიგებას, როგორი იქნება მიდგომა მასთან მიმართებაში, შეძლეს თუ არა ატესტატის აღებას?

საატესტატო გამოცდების ხარისხიანად ჩასატარებლად გარკვეული დროა საჭირო, რათა ცენტრი მოემზადოს. სწორედ ამიტომ ამბობდა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, რომ ეს გამოცდები ნაადრევად დაინერგა. ამიტომ არ ტარდება წელს გამოცდები კატის ტიპით. სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ მომავალი წლის საატესტატო გამოცდები თავისი სირთულით და ფორმატით უპასუხებს დასახულ მიზანს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას