მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა

მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა

9 ნოემბერს "მაესტროს" პრესკლუბში არხის მფლობელებმა მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, ჰოლდინგს ქმნიან, რომელშიც ორი რადიო და ორი ტელევიზია გაერთიანდება. კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა "მაესტრო" ახლანდელ სახეს, ღლონტმა აღნიშნა, რომ შეიძლება თოქშოუებს სახელები შეეცვალოს, მაგრამ არხი საინფორმაციო ფორმატს შეინარჩუნებს და როგორც ახლა, გამოშვება ყოველ საათში გავა. მეორე არხს, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ ახმაურებენ, საერთო მაუწყებლობა ექნება და ეთერში თებერვლიდან გავა. ძირითადი დრო დაეთმობა ფილმებს, სერიალებს, გასართობ გადაცემებს, თუმცა არხზე იქნება პოლიტიკაც. რადიო "მაესტრო" უკვე გადის სიხშირეზე და ძირითადი დრო პოლიტიკურ ნიუსებს და "მაესტროს" გადაცემებს უკავია. რაც შეეხება ახალ რადიოს, ისევე როგორც ახალი ტელევიზია, გასართობი ხასიათის იქნება და მამუკა ღლონტის თქმით, ქართული შოუბიზნესის აღორძინებას შეუწყობს ხელს. გარდა ტელევიზიებისა, აქტიურობას გეგმავენ კონკურსებისა და ფესტივალების კუთხითაც. რადიოს "ვინილი" ერქმევა და მომავალში ფესტივალები "ოქროს ვინილის" სახელით ჩატარდება.

მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ფინანსური მხარე ტელევიზიის შემოსავალით უნდა მოგვარდეს და მედიაბიზნესად იქცეს. აქვე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ "მაესტროზე" იმდენი რეკლამა შევიდა, საეთერო ბადეში ვეღარ ატევენ.

კითხვაზე, გამოჩნდებიან თუ არა გასართობი ტიპის ახალ არხზე საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტები, მაკა და მამუკა აცხადებენ, რომ ჟურნალისტურ წრეს რაღაც ნაწილებად არ ყოფენ და ნებისმიერს შეუძლია მათთან თანამშრომლობა, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი და რამდენიმე ცნობილ სახესთან, რეჟისორთან, პროდიუსერთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ფორმატიდან განსხვავებული კითხვა დასვა. დავით ქაშიაშვილმა მაკა ასათიანს ჰკითხა, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მისი მამის, კახი ასათიანის მკვლელობის საქმე გადაიხედოს. მაკამ უპასუხა, რომ მას ამ თემაზე არავინ დაკავშირებია, თუმცა აღნიშნა, რომ საქმის მიმართ ინტერესი დიდია და დედა ალბათ შეიტანდა განცხადებას.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მაკა ასათიანისთვის რამდენიმე კითხვის დასმა ჩვენც მოვახერხეთ.

- მაკა, არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოხვედით საქართველოში, როგორ შეაფასებდით ახალ პოლიტიკურ რეალობას?

- იმედის თვალით ვუყურებ, მომწონს ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა. სიმპათიით ვარ განწყობილი და დიდი მოლოდინი მაქვს. არაჩვეულებრივი გუნდია, ჩემთვის მისაღები.

- რომელიმე მინისტრს თუ იცნობთ პირადად?

- რამდენიმეს ვიცნობ, მაგალითად გიორგი მარგველაშვილს, კახი კალაძეს, ირაკლი ალასანიას. ძალიან მინდა, თეა წულუკიანს ვიცნობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცნობ. განსაკუთრებული სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი. თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვედი, ბავშვს არდადეგები აქვს და ალბათ ორი კვირა დავრჩებით.

- როგორია თქვენი გეგმები სა­ქართველოში?

- მედიაჰოლდინგთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, იმედია, გაიზრდება. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, აქ არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანები დამხვდნენ, თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებსაც სრულად ვენდობი.

- პირადად თქვენ ხომ არ წაიყვანთ რომელიმე გადაცემას?

- ჯერჯერობით არა... არ მგონია, მე არ ვარ ჟურნალისტი.

- როგორ ჩაერთვებით მართვის პროცესში?

- ახლა ხშირად ჩამოვალ, ადრე თუ ტელეფონით ვესაუბრებოდი მამუკას, ახლა ფიზიკურად ჩავერთე ყველაფერში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჟურნალისტების საქმიანობაში არ ჩავერევი, მაგრამ რაც შეეხება სტუდიების დიზაინს, ჩუმ-ჩუმად აქამდეც ვმონაწილეობდი და ალბათ დეტალებში ჩემს აზრს გაითვალისწინებენ.

- თქვენ რომელი არხის მაყურებელი გახდებით, პოლიტიკურის თუ გასართობის?

- ამ ბოლო დროს ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებდი "მაესტროს" და იმედი მაქვს, მომავალში საინფორმაციოს კი არა, გასართობს ვუყურებ.

- "მაესტროს" ალბათ მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო უყურებდით, ალბათ შორიდან უფ­რო რთული იქნებოდა, თუნდაც ციხის კადრების ნახვა...

- ძალიან მძიმე იყო, ყველა ცუდად ვიყავით. ალბათ მთელი ცხოვრება თვალწინ მედგება ის, რაც მაშინ ვნახე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები