სად დაპატიჟა სკანდალური გადაცემის შემდეგ კახა ბენდუქიძემ დიანა ტრაპაიძე

სად დაპატიჟა სკანდალური გადაცემის შემდეგ კახა ბენდუქიძემ დიანა ტრაპაიძე

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე "მაესტროს" ორ გადაცემას უძღვება, "სუბიექტურ აზრს" შალვა რამიშვილთან ერთად და "პრეს-პრესს", მიუხედავად შალვას სკანდალური იმიჯისა და გამონათქვამებისა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო დროს დიანას ის გადაცემა მოექცა, რომელსაც ჩვენი კოლეგა მარტო უძღვება. "პრეს-პრესი" ჟურნალისტებთან ერთად მასპინძლობს ხოლმე რესპონდენტებს, რომლებიც წამყვანისა და რამდენიმე მოწვეული სტუმრის შეკითხვებს პასუხობს. ორიოდ კვირის წინ კახა ბენდუქიძე გახლდათ ამ რესპონდენტის ამპლუაში, როგორც დიანამ ჩვენთან საუბრისას აღიარა, "პრეს-პრესის" სადავეები ხელიდან გაექცა, შორენა შავერდაშვილსა და კახა ბენდუქიძესთან შელაპარაკებამ კი, გადაცემა სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა. სტუმარი წასვლით დაიმუქრა. მოგვიანებით, როდესაც გადაცემას სოციალურ ქსელებში განიხილავდნენ, უმრავლესობის აზრი ასეთი იყო - კახა ბენდუქიძისთვის გადაცემიდან წასვლის შესაძლებლობა უნდა მიეცათ. დიანა ტრაპაიძეს ყველაზე მძიმე "პრეს-პრესის" შესახებ ვესაუბრეთ.

- რატომ გახდა კახა ბენდუქიძე ჟურნალისტებისთვის ასეთი აუ­ღებელი ციხესიმაგრე?

- კახა ბენდუქიძესთან ურთიერთობის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ის ჩემი რესპონდენტი მხოლოდ ერთხელ გახლდათ, როდესაც სიუჟეტს ვამზადებდი. გადაცემის დაწყების წინ მივხვდი, რომ ამ კაცის მეშინოდა, მეშინოდა, არ მომხდარიყო ეთერში ის, რაც პრინციპში მაინც მოხდა. შემდეგ მივხვდი, რომ ამ გადაცემისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოვჩნდი. რაც შეეხება თემებს, ყველა გადაცემისთვის ღამეს ვათენებ და ვემზადები ხოლმე. ხან ვახერხებ ამის წარმოჩენას, ხან ამას აუდიტორია ვერ ხედავს. დღე-ნახევარი მქონდა, რომ მოვმზადებულიყავი. მივიჩნევ, რომ ბევრი თემა გავიარე წინასწარ, მოვემზადე, ასევე დავპატიჟე ჟურნალისტები, შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები, რომ სკრუპულოზურ საკითხებზე, მაგალითად, ბენზინის ფასზე შეკითხვები კახა ბენდუქიძისთვის მათ დაესვათ. რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ გადაცემა ხელიდან გამექცა. ჩავდექი თავის მართლების რეჟიმში და ვპასუხობდი შეკითხვებს, რა მქვია და რა გვარი ვარ. მოკლედ, ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს გადაცემა. აქ არ იყო კახა ბენდუქიძის ფაქტორი, უბრალოდ, მე არ ვიყავი სათანადო დონეზე.

- ანუ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებ? იქ ხომ სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ?

- მე ჩავთვალე, რომ რადგან იქ ბევრი ჟურნალისტი იყო, პასუხისმგებლობა ყველაზე გადანაწილდებოდა, თუმცა გადაცემის მსვლელობისას მედიატორის ფუნქცია დავკარგე. ჟურნალისტებისთვის უფრო მეტი საშუალება უნდა მიმეცა, რომ შეკითხვები დაესვათ. ამ გადაცემას ჰქონდა ძალიან ბევრი მინუსი. მე ყველაფრის საკუთარ თავზე დაბრალება მიყვარს, თუკი რაიმე არ გამომდის, უპირველესად, საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და აქაც, პირველ რიგში, ჩემი პასუხისმგებლობა იყო. კახა ბენდუქიძემ ისიც თქვა, რა სულელურ შეკითხვებს სვამთ, ახლა წავალო.

- რატომ არ მიეცი წასვლის საშუალება?

- ეს იყო "პრეს-პრესის" მეექვსე გადაცემა. ზუსტად ორი გადაცემის წინ ორმა ჟურნალისტმა, თეონა გეგელიამ და ლაშა ბერულავამ დატოვეს სტუდია. თეონა გეგელიამ თქვა, რომ ლაშა ბერულავასთან ერთად გადაცემაში არ დაჯდებოდა. ვიფიქრე, როცა ექვსი გადაცემიდან ორი ასეთი მიმართულებით მიდის, ეს კარგი არ არის. თანაც, ტექნიკური ხარვეზის გამო პროდიუსერის ხმა არ მესმოდა. ჩავთვალე, რადგან არაფერს მეუბნებოდნენ, გადაცემის სტუმარი ეთერიდან არ უნდა გამეშვა. გადაწყვეტილება ჩემით ვერ მივიღე, რაც კიდევ ერთი მინუსია. არ უნდა გამეშვა, მაგრამ არც უნდა გამოვკიდებოდი. არ ვფიქრობ, რომ კარგია, როცა ჟურნალისტი სტუმარს აძლევს საშუალებას, ეთერიდან წავიდეს. უბრალოდ, ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა ჩემთვის (იღიმება), შემდეგ ილაპარაკებდნენ არა იმაზე, რა სუსტები იყვნენ ჟურნალისტები, არამედ იმაზე, როგორ გაიქცა "მაესტროს" ეთერიდან კახა ბენდუქიძე.

- სტუმართან ეკონომიკური თემები რატომ არ წამოსწიეთ?

- როდესაც კახა ბენდუქიძემ დაიწყო საუბარი, პირველი შეკითხვა მე დავუსვი არჩევნების კონტექსტში, ამას მოჰყვა შორენა შავერდაშვილის და ჩემი რამდენიმე ჩაკითხვა ამავე თემაზე და გადაცემა წავიდა პოლიტიკური მიმართულებით. სტუდიაში სპეციალურად დავპატიჟე მარიამ თოიძე და აკაკი გოგიჩაიშვილი, ნინო ნატროშვილი, რომ მათ გაეშალათ კონკრეტული ეკონომიკური საკითხები, ისეთი თემები, რომლებიც კახა ბენდუქიძესთან ასოცირდება. გადაცემა ისე წავიდა, რომ აქამდე საქმე არც მისულა. შესაძლოა, მე ვერ მივეცი მათ იმის საშუალება, რომ ეს თემები წინ წამოეწიათ. ძალიან მძიმე ეთერი იყო... ახლა ბევრს ვფიქრობ ამ ეთერზე და მინდა, რომ აღარ ვიფიქრო ბევრი. მირჩევნია, ამ ნეგატიურმა განწყობამ დამტოვოს...

- გადაცემის მიღმა რა ხდებოდა?

- როდესაც კახა ბენდუქიძე მოვიდა, მე შესასვლელში თბილად შევხვდი... ჩავთვალე, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა გადაცემაში ნეგატივისგან დამაზღვევდა. ეთერის დასრულების შემდეგ თავად გვითხრა, არასწორი გზით წახვედით, თორემ ჩემგან ბევრი ინფორმაციის მიღება შეგეძლოთ, ასევე კრიტიკულ მოსაზრებებსაც მოისმენდით უკვე ყოფილი ხელისუფლების მისამართითო. გადაცემა რომ დამთავრდა, შემოვრჩით მე, შორენა შავერდაშვილი და კახა ბენდუქიძე და "მაესტროს" აივანზე ვლაპარაკობდით ყველაფერზე... ბოლოს კახამ მითხრა, რომ თავის უნივერსიტეტში ჰქონდა ლექციები ჟურნალისტებისთვის, რომლის აღდგენასაც აპირებს და დამპირდა, რომ აუცილებლად დამპატიჟებს მეც. ძალიან თბილად დავშორდით ერთმანეთს. ორი საათი ვილაპარაკეთ. შორენამ ინტერვიუ სთხოვა. როგორც ვიცი, შეთანხმდნენ, თუმცა მანამდე ჰკითხა, რამხელა ტირაჟი აქვს "ლიბერალს" და რამდენად იქნება ჩემთვის საინტერესო ამ ჟურნალში დაბეჭდვაო. "მაესტროში" იმიტომ მოვედი, რომ ამ არხს ბევრი მაყურებელი ჰყავსო, დასძინა. ფაქტია, რომ ამ გადაცემამ ყველანაირი რეიტინგი მოხსნა. როდესაც ორშაბათს გადაცემის რეიტინგი მომივიდა, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მაღალი ყურებადობა არ გამხარებია (იცინის). რაც უფრო კარგი იყო რეიტინგი, მით მეტი საყვედური მივიღე.

- ვიცი, რომ ქუჩაში გაჩერებდნენ ამ გადაცემის გამო.

- ვხუმრობდი, მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩავჯდე და გარეგნობა შევიცვალო-მეთქი. ქუჩაში რომ დავდიოდი, უკან დამყვებოდნენ და მეუბნებოდნენ, ამა და ამ თემის შესახებ უნდა გეკითხა, ძალიან რბილი იყავიო. გადაცემის გამო ძალიან დათრგუნვილი გახლდით. მეორე დღე იყო. ჩემს მეუღლეს მშრალ ხიდთან საქმე ჰქონდა და მეც გავყევი. გადავწყვიტე, განტვირთვისთვის იქ გამოფენილი ნახატები დამეთვალიერებინა. სკვერში შესულმა დავინახე, როგორ იჯდა სამი მხატვარი და ბენდუქიძის გადაცემას არჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შალში ვიყავი გახვეული, მაინც შემამჩნიეს, უი, დიანა ტრაპაიძეო, ჩამისვეს შუაში და დამაყარეს შეკითხვები, ესა და ეს უნდა გეკითხა - ერთ კომპანიას საწვავი იტალიიდან შემოაქვს, მეორეს აზერბაიჯანიდან და როგორ ხდება, რომ ყველა ერთ ფასს ადებსო. ეს როგორ არ უთხარიო. ასე პარკ-პარკ და სკვერ-სკვერ არჩევდნენ ამ გადაცემას.

- კიდევ მოიწვევდი კახა ბენდუქიძეს?

- ცოტა დრო რომ გავა და მზად ვიქნები, ალბათ, კიდევ მოვიწვევ. სულ ტელეეკრანზე ვარ, მაგრამ ამგვარი თოქშოუს წაყვანის ნაკლები გამოცდილება მაქვს. შესაძლოა, ასეთ მძიმე რესპონდენტებს გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ დავუბრუნდე.

- როგორ ჟურნალისტად მიი­ჩნევ თავს, სად ხარ უფრო ძლიერი?

- ვფიქრობ, ვარ კარგი ტელერეპორტიორი. ჩემი ჟურნალისტიკის "ოქროს ხანა", თუკი გადამეტებული არ არის, შეიძლება ვუწოდოთ "ტელეიმედში" ჩემს მუშაობას. თითქმის ყველა რეპორტაჟის შემდეგ, რაც "ქრონიკისა" და "დროებისთვის" გამიკეთებია, ტელეფონზე უამრავი მესიჯი მომდიოდა. არ ვიყავი საჯაროობას მიჩვეული, მიუხედავად იმისა, რომ ტელეჟურნალისტობა ჩართვებსა და მუდმივად ეკრანზე ყოფნას გულისხმობდა. გადაცემის წამყვანობა ჩემთვის სხვა ტიპის გამოწვევაა. ახლა, მგონია, უფრო მეტად სწავლისა და მორგების ეტაპი მაქვს.

- "სუბიექტურ აზრზეც" გკითხავ. შალვა თავის მხარდაჭერას ძალიან ღიად გამოხატავს "ქართული ოცნების" მიმართ. შენთვის ეს რამდენად კომფორტულია?

- შალვა სულ მსაყვედურობს, ისე ღიად არასდროს ლაპარაკობ, როგორც კადრს მიღმაო. ვუბნები, მე რომ ისეთივე ვიყო, როგორიც შენ ხარ, საერთოდ აღარ იქნება საინტერესო-მეთქი. შალვა სუბიექტური, ძალიან ღიაა, ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს. მე კი ვცდილობ, არ დავკარგო ზომიერების შეგრძნება და გარკვეულწილად, შალვაც გავანეიტრალო. გადაცემამ მოიტანა, რომ ეს მისია დამეკისრა. შალვა-2 რომ ვიყო, ეს არ იქნება კარგი.

- ყველაზე რთულად რომელი გადაცემა გახსენდება?

- შალვა ამბობს ხოლმე ისეთ რაღაცებს, რომ მე უხერხულად ვიშმუშნები, მაგრამ მისი ხიბლი ამაშია (იცინის). ყველაზე რთული გადაცემა ალბათ ის იყო, როცა პატიმრების ცემის ამსახველი კადრები გავუშვით. მასალა ხუთი წუთით ადრე შევამოწმეთ და მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ამის ეთერში გაშვება. ვიცოდი, როგორი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა ამას. შალვას ვკითხე, საიდან ჩაუვარდა ხელში ეს კადრები და მიპასუხა, რომ ეს მისი წყაროს მოწოდებული იყო და არ უნდოდა ამაზე საუბარი.

- "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "მაესტროზე" მსმენია, რომ ცოტათი გადაუხვია ობიექტურობის გზას. იღებ ამ კრიტიკას?

- ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. მახსოვს, როცა გია ქავთარაძე გადადგა, პროდიუსერები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რომელი გადაცემის შედეგად მოხდა ეს. "მაესტროში" ამ თემას რამდენიმე გადაცემა მიეძღვნა. მთელი ცხოვრება თავისუფლებას დავყვები. შესაძლოა, მე არ ვარ ვიღაცისთვის ავტორიტეტი, რომ თავისუფლების ხარისხი განსაზღვროს, მაგრამ თუკი ასეთი გარემო არ მაქვს, ვერ ვიმუშავებ, არანაირი ხელფასი ამად არ მიღირს. ზუსტად ისეთივე ხელფასი, როგორიც "იმედში" მქონდა, დავტოვე და ექვსი თვე უმუშევარი ვიყავი, რადგან იქ ვერ დავრჩებოდი. ვიღაცის კარნახით უნდა მეკეთებინა რეპორტაჟები და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. "მაესტროში" თავისუფლება მაქვს სტუმრებისა და თემების შერჩევის თვალსაზრისით. არ მგონია, რომ დღეს "მაესტროში" რაიმე პრობლემაა ამ მხრივ. თუკი შალვა რამიშვილს უხარია, შეიძლება, მეც მიხარია და ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ერთი კვირა არც ერთი არხის საზომი არ არის, "მაესტროს" წინ აქვს დიდი გზა და ყველას ექნება საშუალება ნახოს, როგორი ტელევიზიაა.

- მომავალში ხიბლში ჩავარდნა არ გემუქრებათ?

- არაფერი ისე არ გამხარებია, როგორც ვარდების რევოლუცია, მაგრამ მახსენდება ჩემი რეპორტაჟი, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბერს მოვამზადე. როგორ იყვნენ წამოწოლილები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხვადასხვა მაღალჩინოსნის კაბინეტებში და რა რეალობა დადგა კანცელარიაში რევოლუციის მეორე დღეს. ისეთი მწვავე და ადეკვატური რეპორტაჟი მქონდა, დღესაც მიკვირს, როგორ მოვახერხე მისი მომზადება. თუკი 23 ნოემბერს ასეთი სიხარულის პირობებში შევძელი ასეთი სიუჟეტის გაკეთება, სხვა დროს რა შემიშლის ხელს?!.. არ ვფიქრობ, რომ ან მე, ან სხვა ჟურნალისტებს რაიმე ემუქრებათ. შალვა ღიად აფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც ხიბლში ჩავარდნის საფრთხეს მასთანაც ვერ ვხედავ. ეს წლები კარგი გაკვეთილია ყველასთვის, რომ არ ღირს პროფესიის არც ერთ ხელისუფლებაზე მორგება.

- რადგან წინა კვირას "ღია ეთერის" წამყვანიც იყავი, გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ დაბრუნდები კვლავ "იმედში"?

- დღეს არანაირი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მაქვს. ამ ეტაპზე ჩემს თავს "მაესტროში" ვხედავ. ყველაზე მძიმე პერიოდში ჩემთვის, ქვეყნისთვის, ჟურნალისტიკისთვის აქ რაღაცის გაკეთების საშუალება მომეცა.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები