ერთი ნახვით სიყვარულის არასოდეს მჯეროდა, ერთი ნახვით მოწონების კი მაშინ ვიწამე, როცა უბნელ ღლაპ ბიჭებთან ერთად დათოს მოვკარი თვალი. მაინტერესებდა, ამხელა ბიჭს რა ესაქმებოდა პატარა ბიჭბუჭებში. მერე, ასე ვთქვათ, "იღბლიანი ბორბალი" ჩემთვის დატრიალდა და დათო მეგობრის წყალობით გავიცანი, დავახლოვდით კიდეც და ვაჟბატონი სიყვარულშიც მალევე გამომიტყდა. მოკლედ ასე, ის აქტიურობდა, მთხოვდა მეთქვა, მის მიმართ რას ვგრძნობდი, მე კი თავს ვიფასებდი და ასეთ ყოფაში გავლიეთ 4 თვე. რომ მივხვდი, ზედმეტი მომდიოდა და ნამეტნავად ვიპრანჭებოდი, გადავწყვიტე, მისთვის თანხმობა მეთქვა, მაგრამ - ბრაახ! - თავზე დამემხო ჩანაფიქრი.
ნაცნობი გოგო გამომიტყდა, დათო მიყვარსო... ჩავეძიე და გულახდილობის გუნებაზე დამდგარმა მარიმ ყველაფერი სიტყვასიტყვით ჩამიკალკლა, მეც გულმოწყალე მოძღვარივით ვუსმენდი მის აღსარებას და სიმწრის ოფლი მასხამდა... - 1 წელია დათოს ვიცნობ, თბილად მექცევა, მაგრამ ვიცი, ისე არ ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს. პირველად რომ გადამკოცნა, 3 დღე პირი არ დამიბანია, მეგონა, გადამივიდოდა მისი ნაკოცნი, მერე განზრახ არ ვნახულობდი 3 დღე, რომ გადაკოცნის საბაბი მქონოდაო, - მეუბნებოდა მარი და მაოცებდა, ისე აღტაცებით ლაპარაკობდა მასზე. ძალიან იმოქმედა მისმა სიტყვებმა და იმ დღის მერე, რა თქმა უნდა, დათოს უარი ვუთხარი სიყვარულზე და დღე არ გავიდოდა, დათოსთან მარი არ მექო და მედიდებინა. მივხვდი, რომ მასავით არ მიყვარდა დათო და ამიტომაც მოვიქეცი ასე. ეს ყველაფერი კარგი და თურმე მარის სცოდნია, დათოსთან რომ მქონდა ურთიერთობა და ამიტომაც მოინდომა ჩემთვის გულის გადაშლა და ასე ვთქვათ, თავის შეცოდება, ბოლოს კი სულ განზე დავრჩი და გამარჯვებულმა მარიმ სიხარულით მაცნობა, დათომ სიყვარული ამიხსნაო.
ბოლოს კარგი დაქალივითაც გადამეხვია და მეც სხვა რა გზა მქონდა, გულით მივულოცე... დავრჩი ასე მარტო, იმით კი კმაყოფილი ვიყავი, კეთილი საქმე რომ გავაკეთე, მაგრამ სადღაც მაინც გული მწყდებოდა დათოს დაკარგვით. 1 კვირის შემდეგ მარიმ დამირეკა და მითხრა: - ღმერთმა ისე გაგახაროს, როგორც მე ვარ გახარებული და ისე შეაყვაროს შენი თავი ვინმეს, როგორც მე მიყვარს დათოო... არ ვიცი, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ იმ საღამოს გავიცანი ბიჭი, რომელიც დღეს უზომოდ მიყვარს და ვუყვარვარ.
გაცოცხლებული თოჯინა.