სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო

სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო

მართალია, ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი კარგა ხნის წინ გათხოვდა ვახო ნიკოლეიშვილზე, მაგრამ წყვილმა სულ ახლახან მოაწერა ხელი, ოფიციალურად დაადასტურა კავშირი და თაფლობისთვე დუბაიში მოიწყო. ვინ დაეხმარა სალომეს მეუღლეს ამ დიდი სიურპრიზის მოწყობაში, თავად სალომე გიამბობთ, რომელმაც "რეიტინგს" ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ დიზაინერობა დაიწყო და სულ ცოტა ხანში სამკერვალო სალონსაც გახსნის.

- თქვენს ურთიერთობას ოფიციალური მხარე მიეცით და დოკუმენტურად დაადასტურეთ ცოლ-ქმრობა. მოგვიყევი, როგორ მოხდა ყველაფერი...

- მე არაფერი დამიგეგმავს. 2 ნოემბერს ჩემი დაბადების დღე იყო, ვახომ შემომთავაზა, გადავიხადოთო, მე კი ვუთხარი, მიმდინარე მოვლენების გამო ყველა დაძაბულია, ამიტომ ჯობია, ახლა თავი შევიკავოთ და სიტუაცია რომ დამშვიდდება, მერე დიდს გადავიხდი-მეთქი. ამით დამთავრდა ამ თემაზე საუბარი. დაბადების დღის წინა საღამოს მეგობრები - ჯაბა კილაძე, ია ფარულავა და ერთი ბავშვობის დაქალი თაკო მესტუმრნენ, ვლაპარაკობდით და უცბად თაკომ მითხრა, ბოლოს რომ ფეხსაცმელი იყიდე, მათხოვეო. ჩაიცვა და დიდი ჰქონდა, იქვე აღვნიშნე, დიდი გაქვს-მეთქი, არა უშავსო, მითხრა და თან წაიღო. ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ქმარმა მითხრა, რადგან დაბადების დღეს არ ვიხდით, მაშინ სიღნაღში წავიდეთ, ჩემი თანამშრომელი ხელს აწერს, თან სასტუმროსაც ავიღებ, რომ იმ ღამეს იქ დავრჩეთ, ხომ იცი, გვიან დამთავრდება ყველაფერიო, დავთანხმდი და წავედით სიღნაღში. იქ ჩასულს უცნაურად კარგი სასტუმრო დამხვდა, ნამდვილად არ ველოდი ასეთს.

ვახომ მითხრა, შენ ადი, დაისვენე, მე ოფიციალურ მხარეს მოვაგვარებ და ამოვალო. ნომრის კარი რომ გავაღე, დავინახე, საწოლზე რაღაც იყო გადაკიდებული, შორიდან ვიფიქრე, პირსახოცია-მეთქი, მაგრამ გვერდზე რომ ჩემი ის ფეხსაცმელი დავინახე, რომელიც თაკოს ვათხოვე, იმდენად დავიბენი, შოკში ჩავვარდი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მივუახლოვდი საწოლს და... ის თეთრი რაღაც კაბა აღმოჩნდა, ზემოდან კი წერილი იდო შემდეგი შინაარსით, მოემზადე, 4 საათზე ხელს ვაწერთ. ხომ წარმოგიდგენია, როგორ გამიხარდებოდა?! სულ ვამბობდი, ჩემთვის სიურპრიზის გაკეთება არ გამოსდით, რადგან ყოველთვის წინასწარ ვხვდები, რა უნდა გამიკეთონ-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვიც კი არ გამჩენია. უცებ კარზე კაკუნია, გავაღე და დგანან თაკო, ია, ჯაბა და ჩემი ქმრის ორი მეგობარი, ანუ ჩვენი მეჯვარეები. ია და ჯაბა ჩემი მეჯვარეები არიან, ვახოსაც თავისი ორი ახლო მეგობარი ჰყავდა მეჯვარედ.

ის ქალი, რომელიც ხელს გვაწერინებდა, გადავრიეთ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით, ვიგიჟეთ, დავწექით და ფოტოები ისე გადავიღეთ, მოკლედ, საოცრებები ჩავიდინეთ. შეიძლება გააკეთო 400-500-კაციანი ქორწილი, მაგრამ ასეთი არ გამოვიდეს, ჩვენ კი ამ ვიწრო წრეში არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, დიდი ხანია, ასე არსად მომილხენია. ჯაბამ იმღერა, იამ იცეკვა და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. წინა ღამით 11 საათზე წავიდნენ ჩემგან და მეორე დღის პირველი საათისთვის უკვე ყველაფერი მომზადებული და კარგად ორგანიზებული ჰქონდათ. ვიცი, ეს რამხელა შრომასა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ფაქტობრივად, 14 საათში მოაბეს ყველაფერს თავი.

- კაბა ვისი გემოვნებით იყო შერჩეული?

- მყავს ძალიან კარგი მკერავი, რომელთანაც წლებია, ვთანამშრომლობ, კონცერტები რომ მიმყავს, ძირითადად მისი შეკერილი კაბები მაცვია. ნინი ბადურაშვილის ქორწილის წინა დღეებში ავად გავხდი, ვირუსი შემხვდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ქორწილის წინა დღეს ჩემმა ქმარმა ეს ქალი სახლში მომიყვანა, რომ ზომები აეღო, დილით კი კაბა მზად დამახვედრა. ამ ფაქტმა გაახსენა ჩემს მეგობრებს იმ მკერავის არსებობა, რომელსაც ზომების აღების გარეშე შეეძლო ჩემთვის კაბის შეკერვა. ჩემმა ქმარმა მას მიმართა, თაკო კი მივიდა და აუხსნა, როგორი კაბა მომეწონებოდა, ბავშვობის მეგობარია და კარგად იცის ჩემი გემოვნება, შედეგად შემირჩიეს სადა და გამოვნებიანი კაბა, რომელიც მართლა ძალიან მაგრად მომეწონა, რომ ჩავიცვი, ზუსტად მომერგო.

- რაც შეეხება ვარცხნილობასა და მაკიაჟს. რამდენადაც ვიცი, თვალებს ყოველთვის შენით იღებავ და აშკარად კარგად გამოგდის, ახლაც შენ თვითონ მოაგვარე ეს საკითხი?

- კი, მაკიაჟი თავად გავიკეთე, რაც შეეხება თმას, თუ კარგად დააკვირდებით ფოტოებს, ნახავთ, რომ თმაზე ჩემი შვილის შავი რეზინი მიკეთია. მე ხომ ვითომ ჩემი ქმრის თანამშრომლის ქორწილში ვიყავი, ამიტომ სადად გავიშალე თმა, მაგრამ მერე უკვე, როცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ქორწილი იყო, შეკვრა გადავწყვიტე, ვერაფერი ვიპოვე და ჩემი შვილის შავი რეზინი გამოვიყენე.

- როგორც ვიცი, ნინი ბადურაშვილს ქორწილში თაიგული შენ შეურჩიე, ამ შემთხვევაში თუ მოგეწონა შენი ჭრელი თაიგული?

- კი, ძალიან მომეწონა, იამ იზრუნა ამაზე. გადავწყვიტე, რომ გავახმო და შევინახო, რადგან ამ დღის თითოეული დეტალი ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული.

- თაიგული ისევ შენთანაა? ტრადიციისამებრ არ ისროლე?

- კი, როგორ არა, ვისროლე, დაიჭირა ვახოს მეგობარმა, მაგრამ უკან წავართვი, დღეს არავის არაფერს ვატან-მეთქი, ვუთხარი და ახლა ვახმობ. ამ დაუვიწყარი დღის შემდეგ ვახომ თაფლობისთვე მომიწყო და დუბაიში წავედით, ულამაზესი ქალაქია და შესანიშნავი დრო გავატარეთ, მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ახალი გათხოვილი ვიყავი. კარგად გავერთეთ, ვახო მაქსიმალურად შეეცადა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ გვესიამოვნა.

- ჯვარიც დაიწერეთ?

- არა, ჯვრისწერა მოვიტოვეთ დიდი ქორწილისთვის, გვინდა, ეს ლამაზი ცერემონია ამ დღესთან იყოს დაკავშირებული.

- სალომე, რაც შეეხება შენს საქმიანობას, რა ხდება ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?

- ექსკლუზიურად გეტყვით, რომ დიზაინერობას მივყავი ხელი. ჩემი კაბა რომ შეიკერა, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეხსნა სამკერვალო სალონი, სადაც შეიკერება ჩემი და ჩემი მეგობრის დიზაინით შექმნილი სამოსი. ამ საქმეში ის მკერავიცაა ჩართული, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობ. კოლექციის ესკიზები უკვე არსებობს, სასიხარულო ისაა, რომ ჯერ კაბა არ შემიკერავს, მაგრამ ესკიზის მიხედვით უკვე გაყიდულია (იცინის). მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევარი.

- ჟურნალისტობას თავი დაანებე? "იმედი" დაუბრუნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, ხელმძღვანელობაც იცვლება, ხომ არ აპირებ, ისევ სცადო ბედი ამ ტელევიზიაში?

- სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით სახლში ყოფნა და ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, მაგრამ ტელევიზია ისეთი სფეროა, გინდა, არ გინდა, გული მიგიწევს. დროთა განმავლობაში ალბათ დავუბრუნდები ამ სფეროს, მაგრამ სანამ "იმედში" გიორგი არველაძე, მისი მეუღლე ალინა და თიკო სადუნიშვილი იქნებიან, მე იქ ვერ მნახავთ. მივიჩნევ, რომ მათთან ურთიერთობა სირცხვილია. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო ხალხთან მუშაობას სჯობს, არასდროს არსად იმუშაო.

- რაც შეეხება "ჯიდიეს" ტელევიზიას? როგორც ვიცით, ბერასთან ახლობლობ, შესაძლებელია, რომ ამ არხზე გიხილოთ?

- სიმართლე გითხრა, არ ვაპირებ ამ ტელევიზიაში მუშაობას, რადგან არ მინდა, საზოგადოებამ ჩემი იქ ყოფნა მიკერძოებად მიიჩნიოს. არასდროს ვსპეკულირებდი იმით, რომ ჩვენ ახლობლები ვართ, ახლაც ასე მინდა გაგრძელდეს და სწორედ ამის გამო ვიკავებ თავს. მირჩევნია, ჩემი ყურება საინტერესო იყოს, ვიდრე ტელევიზორის ყოველ ჩართვაზე მაყურებელმა თქვას, ეს იმიტომ მუშაობს აქ, რომ ბერას ახლობელიაო. იმედია, დადგება დრო და მეც დავიწყებ სამსახურს ჩემი იდეებითა და შემართებით.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები