საზოგადოება ახალი მთავრობისგან საგადასახადო სისტემაში ლიბერალურ ცვლილებებს ელის. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გადამხდელთათვის საინტერესო გარემოს შესაქმნელად აქტიურად მუშაობენ. რა შეიცვლება გადასახადების გადამხლდელთათვის უახლოეს მომავალში? თქვენ კითხვებს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დიანა ჩუბინიძე პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
გიორგი ტყემალაძე: შემცირდება თუ არა საშემოსავლო გადასახადი, თუ შემცირდება, რამდენით და ყველას შეეხება თუ არა? ჩემი ხელფასია 650 ლარი, ველოდო თუ არა გადასახადის შემცირებას?
ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამეტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:
• ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დგინდება დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარის ოდენობით;
• დაუბეგრავი მინიმუმი დაუწესდება შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე პირებს. კერძოდ, პირებს რომელთა ხელფასის სახით მიღებული წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს (500X12) ანუ "ხელზე ასაღები" წლიური თანხა არ აღემატება 4800 (400X12) ლარს;
• დაქირავებული ფიზიკური პირი, საანგარიშო წლის (2013 წლის) დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის გზით გამოქვითავს და დაიბრუნებს დამქირავებლის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის ხელფასის გაცემისას დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რომლის მაქსიმალური ოდენობა იქნება 360 (1800X20%) ლარი;
• წლიური დასაბეგრი შემოსავალში არ იქნება გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. (მაგ, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე პირს წლის განმავლობაში აქვს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 8 000 ლარი, იგი დაუბეგრავად მიიღებს დღეს მოქმედი კოდექსით განთავისუფლებულ შემოსავალს 3000 ლარს და რადგან დარჩენილი შემოსავალი 5000 ლარი (8000-3000) არ აღემატება 6000 ლარს, წლის დასრულების შემდეგ დაიბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამის თანხას 360 ლარს;
• თანხის დაბრუნების წესი იქნება გამარტივებული და იგი დეტალურად გაიწერება შესაბამის კანონქვემდებარე აქტში.
თიკო ბერიშვილი: საგადასახადო კოდექსის რა ნაწილს შეეხება ცვლილებები უახლოეს მომავალში და კონკრეტულად რა იგულისხმება ცვლილებებში - გადასახადების განაკვეთები, ადმინისტრირების წესები თუ სხვა?
მუშავდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც მიმართულია საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფისა და გადასახადის გადამხდელებისათვის მარტივი, სამართლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისაკენ.
დავით კუჭუხიძე: 2012 წლის შედეგებით, საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით დაიბეგრება ფიზიკური პირის შემოსავალი, რომელიც იჯარით გასცემს (აქირავებს) ფართს?
საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2012 წლის მდგომარეობით, ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავალი იბეგრება 20%-ანი განაკვეთით.
კობა კალანდაძე: იგეგმება თუ არა მცირე ბიზნესის განთავისუფლება სალარო აპარატების მოხმარების ვალდებულებისაგან და ფიქსირებული გადასახადისგან?
ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ნინია რომანაძე: როგორ მოვიქცეთ, როცა ნაღიარები გვაქვს დეკლარაციით დღგ.მოგების გადასახადები, თუმცა ვერ ვიხდით ან მეტწილად ეს ბიზნესები აღარც არსებობს. იგეგმება თუ არა დაგროვილი საურავების ჩამოწერა ან ძირის დაფარვა მაინც თუ შეგვეძლება შეღავათიანი გრაფიკით.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად, ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).
რაც შეეხება გადასახადის ძირის შეღავათიანი გრაფიქით დაფარვის საკითხს, საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შესაძლებელია გადავადდეს არა უმეტეს ერთი წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარმოდგენილია საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი.
იგეგმება თუ არა ახალ სალარო აპარატებზე შეღავათები? 4 სალარო აპარატი მქონდა, თითო 400 ლარად ნაყიდი. არც გაცვლა მომხდარა და არც შეღავათი გაუწევია ვინმეს. იქნებ რაიმე შეღავათები დაგვიწესოთ ძეველ საჯარიმო დავალიანებებზე, რადგან საურავები ძალიან იზრდება.
საკონტროლო-სალარო აპარატების რეალიზაციასა და მათ ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს კერძო კომპანია - შპს "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი".
შემოსავლების სამსახური არ არეგულირებს შპს "ჯორჯიან სერვის ნეთვორკის" მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების რეალიზაციის საფასურისა და კომპანიასა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სალარო აპარატის ტექნიკური მომსახურების ყოველთვიური საფასურის გადახდის პირობებს.
ამდენად, შემოსავლების სამსახური ვერ ჩაერევა ორ სუბიექტს შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე პირობების დადგენაში.
რაც შეეხება საჯარომო დავალიანებებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქციას (მათ შორის ჯარიმას) საურავი არ ერიცხება.
ლაშა ლატარია: ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ფიქსირებულ გადასახადებს, რაც მისაღებია ყველა დასაქმებული ადამიანისთვის.
ანი მიქელაძე: იგეგმება თუ არა ახალ წლამდე ფინანსური ამინისტია და შეეხება თუ არა ის მცირე მეწარმეებს?
მაია პაქსაშვილი: შეიცვლება თუ არა 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იჯარით გაცემულ ქონებაზე და დარჩება თუ არა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის 5%-იანი განაკვეთი.
ლაშა ლატარიას, ანი მიქელაძის და მაია პაქსაშვილის კითხვებით გათვალისწინებულ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ.