ალინა არველაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" კიდევ ორ სეზონს "იმედზე" მოამზადებს?!.

ალინა არველაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" კიდევ ორ სეზონს "იმედზე" მოამზადებს?!.

ალინა არველაძის სახელი "იმედზე" უამრავ შოუს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გიორგი არველაძე ამ ტელეკომპანიის მმართველი, მოგვიანებით კი, წილის მფლობელიც გახდა. როგორც საქართველოში ხდება, თუკი ვინმე თანამდებობაზე დაინიშნება, მის ნათესავებზე მეორე დღიდანვე ბიზნესის კეთების ზეციდან მომადლებული ნიჭი გადმოდინდება და შესაბამისად, ისინი იწყებენ ფულის ტომრებით ხვეტას, ისაკუთრებენ სხვადასხვა სპეცპროექტს, აუცილებლად ისინი იგებენ ტენდერებს, მოკლედ, თბილ ადგილებზე რბილი ადგილებით მოხერხებულად სხდებიან, თანაც დიდი ხნით.

ასეთივე შედარება შეიძლება მოვიყვანოთ ტელეკომპანია "იმედის" შემთხვევაში, სადაც გიორგი არველაძის მისვლის შემდეგ გამოირკვა, რომ ალინა არველაძე საქართველოში ყველაზე მაგარი პროდიუსერია. ჯერ "თბილისი ლაივი" ჩააბარეს, შემდეგ კი გადაწყვიტა, ნოე სულაბერიძისა და "თი-ბი-სი თივისთვის" "ცეკვავენ ვარსკვლავები" აეხია და აახია კიდეც. ამაზე ნოემ თავადაც ისაუბრა შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში და ის, რომ არხზე არველაძის ზეობის დროს ცოლქმრობისა და ბიძაშვილმამიდაშვილახლობლობის წყალობით წყდებოდა ბევრი საკითხი, ხომ ცხადზე ცხადი ამბავია. რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლებისადმი ლოიალურობაზე, რაც ამ არხზე მუშაობის დასაწყებად პირველი კრიტერიუმი გახლდათ.

"იმედი" გიორგი არველაძემ პატარკაციშვილებს კეთილი ნებით გადასცა, თუმცა, როგორც ამბობენ, დახურულ კარს მიღმა მან ერთი რამ ითხოვა, მისი ცოლისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავების" კიდევ ორი სეზონის მომზადების საშუალება მიეცათ. სამწუხაროდ, "იმედის" ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ალინა არველაძეს კი შევეხმიანეთ.

- ამბობენ, უკვე წინასწარ გაქვთ გაფორმებული კონტრაქტი, რომ შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში "ცე­კვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი ისევ თქვენ იქნებით.

- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს არ არის შეკითხვა ჩემთან. "იმედის" ხელმძღვანელობას ჰკითხეთ. ჯერჯერობით არაფერი ასეთი არ ვიცი.

- გიორგი არველაძემ მოითხოვა, რომ თქვენთვის "იმედზე" ამ შოუს კიდევ ორი სეზონის გაკეთების საშუალება მიეცათ?

- ...

ალინამ ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ჩვენს ზარებზე აღარც უპასუხია. რატომ არ შეიძლება, თუკი მართალი ხარ და ამგვარი მოთხოვნა არ ყოფილა, ჟურნალისტს დასმულ შეკითხვაზე მშვიდად უპასუხო "არა" ?!. მაგრამ თუკი ის, რაც ჩვენ ზემოთ მოგიყევით, მართალია?.. ამ შემთხვევაში ალბათ საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ უბრალოდ, ტელეფონი გათიშო...

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები