ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურები ტელეკომპანიების, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" წინა წლებში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების საკითხის შესწავლას იწყებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ ხელთ ჩაუვარდათ. მათივე ცნობით, მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნული სატელევიზიო კომპანიების ფინანსური დავალიანების საკითხის შესწავლა შესაბამის უწყებებს 20 ნოემბრის სხდომაზე დაავალა, რაც სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომელსაც ხელს თავად მინისტრი აწერს.
"დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფრსოსის მოვალეობის შემსრულებელ კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროს აპოლონ კაკაბაძეს, დაიწყონ სატელევიზო კომპანიების, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" საშემოსავლო გადასახადის დავალიანების დეტალური შესწავლა. კონტროლი აღნიშნულ საკითხზე დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროს კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროს აპოლონ კაკაბაძეს", - "რუსთავი 2"-ის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნული სხდომის ოქმშია ნათქვამი.
ტელეკომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს ესაუბრა. ნოდარ ხადურის თქმით, ტელეკომპანიების ფინანსური დავალიანების შესწავლა "რუსთავი 2"-სა და "იმედში" შესაბამისი სამსახურების შესვლას არ ნიშნავს.
"თქვენ ყოველწლიური გადასახადები უნდა გადაგეხადათ, რომელსაც "რუსთავი 2" არ იხდიდა, მათ შორის პირადად თქვენ, საშემოსავლო გადასახადს გიკავებდნენ, მაგრამ იმას ბიუჯეტში არ მიმართავდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია, რატომ არ იხდიდა ტელეკომპანია გადასახადს. ვანო მერაბიშვილმა და ალეკო ხეთაგურმა ათეულობით მილიონი ლარი აპატია "რუსთავი 2"-ს, მათ შორის 2010 წელს 20 მილიონი ლარი, მაშინ, როცა ტელეკომპანია "კავკასიას" 2 ლარის გამო ინკასო დაედო. მასალებს პროკურატურას გავუგზავნი. ტელეკომპანიებში შესვლა ამ ეტაპზე საჭირო არაა, რადგან მათ დავალიანებები წინა მთავრობამ ჩამოაწერა, მაგრამ ჩინოვნიკების საქმეა შესასწავლი იმასთან დაკავშირებით, რატომ აპატიეს მათ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ამხელა დავალიანებები", - განაცხადა ხადურმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.