78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია

78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია

78 წლის იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი სილამაზითა და იშვიათი ეშხით მამაკაცების მოხიბვლას აგრძელებს. ვარსკვლავი ნაოჭებშიც კი უბერებელია.

სოფი ლორენი Pirelli-ს ყოველწლიური კალენდრის 2013 წლის გამოშვების პრეზენტაციაზე მიიწვიეს. ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ღონისძიებაზე სოფის ძვირფასი თვლებით გაწყობილი ნაცრისფერი კაბა ეცვა. წვეულებაზე მოდელები და მსახიობები შეიკრიბნენ, თუმცა სოფის მომაჯადოვებელმა ღიმილმა ყველა დაჩრდილა.

ყველა გოგონა, ვისაც სოფისთან საუბრის საშუალება ეძლევა, ვარსკვლავს ეკითხება, რა არის მისი სილამაზის საიდუმლო? "ტანადობა, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ, სპაგეტის დამსახურებაა, არასდროს გამისინჯავს შემწვარი კარტოფილი", - პასუხობს ვარსკვლავი.

ლორენი 1934 წლის 20 სექტემბერს რომში დაიბადა. ბავშვობაში იმდენად გამხდარი იყო, მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. თანაკლასელი ბიჭები კი  მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს" ეძახდნენ.

თუმცა ყველას გასაკვირად სოფიმ მალე წონაში მოიმატა და დამშვენდა. 14 წლის ასაკში ნეაპოლში გამართულ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერ გაიმარჯვა, ჟიურიმ სოფის მეორე ადგილი მიაკუთვნა. სულ მალე კი იტალიელ გოგონას ფილმებში გადაიღებენ და მთელი მსოფლიო გაიცნობს.

ლორენი მეუღლეს, კინოპროდუსერ კარლო პონტის პირველად 1950 წელს შეხვდა. ლორენი 15 წლის იყო, ხოლო კარლო - 37 წლის. კარლო იმ დროს დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. სოფიმ და კარლომ 1957 წელს იქორწინეს.

პონტიმ სოფის ცხვირის დამოკლება ურჩია და ფართო თეძოების დამალვას სთხოვდა, რაზეც დამწყებმა მსახიობმა კატეგორიული უარი განაცხადა და სწორადაც მოიქცა - მოგვიანებით ის სილამაზის ეტალონად სწორედ ამ "ნაკლმა" აქცია.

1968 წელს სოფის პირველი ვაჟი კარლო შეეძინა, ოთხი წლის შემდეგ - ედოარდო.

სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ ერთად 50 წელი იცხოვრეს. 2007 წელს კარლო ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა. ლორენი 4 შვილიშვილის ბებიაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.