ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს

ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს

ბუკლე მოგესალმებათ და გიძღვნით უდარდელ სალამს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამფლობელოში ვინმე ნია ბონდი შემოიჭრა, ეგეც მართლა ჯეიმს ბონდი არ მყავდეს, ამიტომ ვერაფერს დამაკლებს, ზუსტად ვიცი. შესაბამისად, მე ყოველთვის უფრო მაგარ ინფორმაციას მოგაწვდით, ვიდრე ის. ამიტომაც დავიწყებ და ვნახოთ, ამ ნომერში ნია რით მაჯობებს მე, გამოცდილ და სრულიად შესანიშნავ ბუკლეს.

ინგა გრიგოლია ადრე ინტერვიუში გვეუბნებოდა, გული მიგრძნობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჟურნალისტიკაში კვლავ დავბრუნდებიო. პოლიტიკაში თავს კარგად რომ არ გრძნობდა, ამას ყოველ მეორე ინტერვიუში აცხადებდა და ჩვენც მოგვენატრა ბომბა-გადაცემები, რომლებსაც ის ამზადებდა ხოლმე. ახლა კი შევიტყვე, რომ ინგამ, მიუხედავად ადრე გავრცელებული ინფოსი, "მზეში" მივდივარო, გადაწყვიტა, თავისი პროექტი "საზმაუწყებელზე" შეეტანა და დიდი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება განიზრახა. ადრე ალბათ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ვინ გააჭაჭანებდა ინგა გრიგოლიას, თანაც პოლიტიკური თოქშოუთი, მაგრამ ახლა, როცა ქვეყანაში ვითარება და ხელისუფლებაც ნაწილობრივ მაინც შეცვლილია, ტელეჟურნალისტი საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. როგორც მე გავიგე, მისი თოქშოუ დეკემბრის ბოლოსთვის უკვე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ღია ეთერში იქნება, მაგრამ თავად ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან.

ინგა გრიგოლია:

- თოქშოუს, სავარაუდოდ, დავიწყებ, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, შეცვლილი რეალობის პირობებში დღეს ნებისმიერი ჟურნალისტისთვის საუკეთესო ადგილი სამუშაოდ სწორედ "საზოგადოებრივი მაუწყებელია". მე შევთავაზე არხის ხელმძღვანელობას პროექტი და მათგან სურვილი წამოვიდა. ჯერ ვერ გეუბნებით, რომ უკვე გადაწყვეტილია.

- გადაცემის ფორმატი უკვე ჩამოყალიბებულია?

- ეს უნდა იყოს პოლიტიკური თოქშოუ დარბაზის მონაწილეობით. ასეთი ტიპის თოქშოუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არ აქვს. მე ადრე ვთქვი, რომ შეიძლებოდა, "მზეზე" წავსულიყავი და იქ გამეკეთებინა გადაცემა, თუმცა "მზის" ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე ამგვარი გადაცემის ინტერესი არ ჰქონდა.

- ჯგუფი არსებობს, ვისთან ერთადაც იმუშავებ?

- გარკვეული მონახაზი მაქვს, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ვარ, ჯერ მთლიან ჯგუფზე არ მიფიქრია. მგონია, რომ არცთუ ისე უინტერესო თოქშოუ უნდა გამოვიდეს. ამ ფორმატს ყველაზე მეტად სწორედ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მიესადაგება. ალბათ, მკითხავთ, რაღა ახლა გახდა საჭირო ამ არხზე დიდი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება.

- მე უფრო ის მაინტერესებს, ამ არხზე რომ ძველი ხელმძღვანელობაა, როგორ წარმოგიდგენია მათთან მუშაობა?

- ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. ფაქტია, რომ "საზოგადოებრივი მა­უწყებელი" თავისუფალი უნდა იყოს, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და კიდევ ისიც, რომ იქ გაჩნდეს პოლიტიკური თოქშოუ.

თქვენს ჟურნალთან ინ­ტერვიუში ბევრჯერ მითქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავბრუნდებოდი ჟურნალისტიკაში, რადგან ვიცოდი, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი ერთ კაცზე არ იქნებოდა დამოკიდებული, მათ შორის არც გადაცემის გაკეთება სხვადასხვა არხზე.

- ნერვიულობ?

- პირველ გადაცემაზეც ვნერვიულობდი და ბოლოზეც ვკვდებოდი ნერვიულობით. ახლაც მაქვს ეს შეგრძნება, მით უმეტეს, ახალი პროექტი რომ იწყება.

- კახა ბენდუქიძე იქნება შენი სტუმარი?

- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ კახა ბენდუქიძეს, არამედ ყველას მოვიწვევ, ვისი მოწვევაც გადაცემის კარგად გასაკეთებლად იქნება აუცილებელი. მე არ ვყოფ რესპონდენტებს არანაირი კრიტერიუმის მიხედვით.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები