დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."

დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."

"პირველი სტერეოს" გარშემო კვლავ სრული გაურკვევლობა სუფევს. 35-%-იანი წილის მაკონტროლებელ დავით ზილფიმიანს კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა, კუთვნილი ქონებით ისარგებლოს. რამდენიმე კვირის წინ ის ჟურნალისტების თანდასწრებით "სტერეოში" შევიდა და აპარატურის დიდი ნაწილი გაზიდული, ხოლო კაბელები გადაჭრილი დახვდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ის "სტერეოს" წილის მეპატრონე დავით ბეჟუაშვილს სასამართლოში უჩივლებს და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. შეგახსენებთ, 2012 წლის მაისში ტელეკომპანიაში, ბეჟუაშვილის დავალებით, დაცვის სამსახურის წევრები შეიჭრნენ და დათო ზილფიმიანსა და "სტერეოს" თანამშრომლებს იქ შესვლის საშუალება აღარ მისცეს.

- იყო და არა იყო რა, იყო ტელეკომპანია "პირველი სტერეო და "სტერეო პლუსი", ეს ორი კომპანია ოცი წელია, ბაზარზე მუშაობს. ორივე ჩემი ხელით ავაშენე. თაობებია გაზრდილი "პირველ სტერეოზე". "სტერეო პლუსი" კი ტექნიკურ მომსახურებას უწევდა თავად არხს და ნებისმიერ სხვა კომპანიასაც, რომელიც მოისურვებდა საკუთარი სიგნალის საქართველოს მასშტაბით გავრცელებას. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ კარგი გუნდის არსებობის შემთხვევაში. 2006 წელს "პირველ სტერეოს" სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, სარეკლამო ბაზარი 5 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც ჩვენი არხი ახერხებდა და მოჰქონდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ეს საშუალებას გვაძლევდა, გვეარსება და განვვითარებულიყავით კიდეც. 2006 წლისთვის სარეკლამო ბაზარმა 20 მილიონს მიაღწია, ჩვენ კი წლის განმავლობაში 200 ათასსაც ვერ ვიღებდით, ეს პრობლემები ხელოვნურად შეგვიქმნეს იმისთვის, რომ ბეჟუაშვილს და, შესაბამისად, ადეიშვილ-სააკაშვილს ხელში ჩაეგდოთ "პირველი სტერეო".

- ამ არხთან დაკავშირებით რა ინტერესი ჰქონდათ, როდესაც უკვე აკონტროლებდნენ ბევრ სხვა ტელეკომპანიას?

- შეკითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ - დღეს რაში სჭირდებათ, ექვსი ტელევიზია რომ "გაიპრავეს"? რაც მეტია საინფორმაციო საშუალება, მით უკეთესია მათთვის. მარტივი გათვლაა. მით უმეტეს, როცა არხს გავრცელების საშუალებაც აქვს, მაგრამ დღეს ამასაც აღარ უყურებენ, ოღონდ ტელევიზია ჩაიგდონ ხელში და ნებისმიერს "იპრავებენ", ცდილობენ, პატიოსანი მყიდველის სახელი დაირქვან.

რაც დავით ბეჟუაშვილი წილის მფლობელი გახდა, "პირველ სტერეოში" არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირდაპირი ვალდებულება გახლდათ. გარდა ამისა, მან რაღაც საშუალებებით სხვა პარტნიორებისგან მოახერხა წილების გამოსყიდვა და საკონტროლო პაკეტი დაისაკუთრა, თუმცა მაშინ მარწმუნებდა, რომ ეს ვითარებას არ შეცვლიდა. როცა გინდა, დავსხდეთ და ან შენ იყიდე წილი ჩემგან, ან მე შევიძენ შენგანო. საბედნიეროდ, იტალიელებმა საკუთარი წილი არ დათმეს. ბეჟუაშვილი თავს გვაჩვენებდა დემოკრატად, თქვენ იყავით დირექტორი, მაგრამ როგორც პარტნიორი, ხომ ვარ ვალდებული, ფული შემოვიტანოო?!. ფული მან ერთხელ შემოიტანა, ახლა საბუთებს რომ გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო მისი პირადი ფული, ბანკიდან აიღო სესხი, რომლის გადახდაც ტელევიზიას დააკისრა. ამაზე აღარ მოგაცდენთ, რადგან ამას მართლმსაჯულება მიხედავს.

- ანუ ჩივილს აპირებთ?

- არა მხოლოდ ამაზე, არამედ ყველაფერზე, რაც ბეჟუაშვილმა ჩაიდინა "პირველ სტერეოსთან" მიმართებით. არაკაცობას, არაადამიანობას ვეძახი შემდეგ ფაქტს - როცა პარტნიორი გირეკავს და გეუბნება, მოდი, დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობაო, გიღიმის და ყურმილს რომ დაკიდებ, ერთ საათში შემოგიცვივდებიან ტელევიზიაში და წიხლის კვრით დაგიპირებენ შენი საკუთრებიდან გაგდებას. პირველ ჯერზე ჩვენ მოვიგერიეთ მათი შემოტევა. ეს იყო მაისის ბოლოს. ტელევიზიის ბარიკადირება მოვახდინეთ დილის ოთხ საათზე, რაც, დამეთანხმებით, ამ ხელისუფლების ტიპური საათია, როცა დანაშაულის ჩადენა სურთ. ჩვენთან შემოიჭრა 30-მდე შეიარაღებული ადამიანი, დაცვის სამსახურ "მგლების" ფორმაში ჩაცმულები. მათ, პრაქტიკულად, ცემა-ტყეპით, კინწისკვრით გაყარეს არხის ყველა თანამშრომელი, დაიკავეს შენობა და ეს დღემდე გრძელდება. მას შემდეგ რამდენი თვე გავიდა და არ მიშვებდნენ ჩემს საკუთრებაში. ეს კანონდარღვევა არ არის?!.

18 მაისს ბეჟუაშვილმა და მისმა ამფსონებმა სხდომა ჩაატარეს ფარულად მაშინ, როდესაც ჩვენ წერილი გამოგვიგზავნეს, სხდომა 28 მაისს გავმართოთო. 18 მაისს, ამ ერთი დღის განმავლობაში, სასამართლოში შეიტანეს განცხადება, რომ შეეცვალათ დირექტორი, სასამართლო იმავე დღეს ჩატარდა, რაც ძალიან განსაცვიფრებელი ამბავია, საქმე მოიგეს, მერე შაბათ დღეს გააღებინეს საჯარო რეესტრი, ბეჟუაშვილმა, რომელიც ცნობილი წუწურაქი გახლავთ, დაჩქარებული წესით ცნობის მისაღებადაც კი არ გადაიხადა ფული და იმდენი თანხა გადაიხადა, რომ 3 დღის ვადაში მიეცათ ცნობა, თუმცა საჯარო რეესტრში ათ წუთში დაურეგისტრირეს ცვლილებება, ამონაწერი მისცეს და ამ ცნობით შემოცვივდნენ ტელევიზიაში. ერთ დღეში გააკეთეს ყველა საბუთი, რომ შემონგრევისთვის მომზადებულიყვნენ. ვინმე არსებობს საქართველოში, ვინც იტყვის, შაბათს მივედი რეესტრში, 300 ლარის მაგივრად 20 ლარი გადავიხადე და მაინც ათ წუთში გამიკეთეს ცნობაო?!.. ან სასამართლო პროცესი დავნიშნე და ერთ დღეში მოვიგეო?

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელსაც თქვენ პირველად გაგიმხელთ - არსებობს უამრავი მოწმე და ისინი მზად არიან, ეს სასამართლოში დაადასტურონ კიდეც, რომ ტელევიზიაში შემოიჭრნენ არა "მგლების" წევრები, არამედ "კუდისა" და "სოდის" წევრები. "მგლების" ხელმძღვანელობას დაურეკეს "კუდიდან", მათგან ითხოვეს ფორმები და მათივე დაცვის რამდენიმე წევრის წაიყოლეს. "კუდის" წევრებს გადააცვეს ამ დაცვის სამსახურის ფორმები და შემოცვივდნენ ტელევიზიაში. სხვათა შორის, ეს ის სამსახურია, რომელიც დღემდე "იცავს" "პირველ სტერეოს". ოპერაციას, როგორც უკვე ღიად ამბობენ, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. "კუდის" ხელმძღვანელობა კი იმ დროს სპორტის სასახლესთან იმყოფებოდა.

- ამას რა ინფორმაციიას საფუძველზე ამბობთ?

- უამრავი თვითმხილველი და მოწმეა და ისინი მისცემენ ჩვენებას. "მგლებს" უთხრეს, რომ მათ ოპერაციას თვალყურს ეს ორი მინისტრი ადევნებდა.

- ამას დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა ადასტურებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ისინი, არამედ "კუდის" მხარეც!.. მადლობა ღმერთს, არსებობს თითო-ოროლა პატიოსანი ადამიანი. გარდა ამისა, არსებობდნენ თვითმხილველებიც. შესაბამისად, სამი მხრიდან გვაქვს აღიარებითი ჩვენების მიცემის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო დავა ორ კერძო პირს შორის. ეს იყო სახელმწიფოს მიერ "პირველი სტერეოს" გამიზნული დაკავება. ეს ყველანაირ ჩარჩოს სცდება.

მართლმსაჯულებამ უკვე აღიარა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც არსებობს, რომ ჩემი დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება უკანონო გახლდათ, მაგრამ მე მანამდე არ შევალ "სტერეოში", სანამ საჯარო რეესტრში კვლავ არ შევა ცვლილებები და არ დაბრუნდება შემოჭრამდე არსებული სტატუს-კვო, სანამ მე, როგორც დირექტორი, არ დავეკონტაქტები ყველა თანამეწილეს და სანამ ყველა თანამშრომელი არ დაბრუნდება უკან. თანაც, საინტერესო ისაა, რომ ექვსი თვეა, "პირველი სტერეო" ფარულად მაუწყებლობს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თავიდან პროკურატურიდან მაუწყებლობდნენ, დღეს მგონი, ბეჟუაშვილის რომელიღაც კომპანიიდან. როგორ შეიძლება, დირექტორისა და თანამშრომლების გარეშე ამაუწყებლო არხი? მეტსაც გეტყვით, მათ ყველა გადამცემი გამორთეს, გარდა თბილისისა, რადგან არხის სრულყოფილად მაუწყებლობის უნარიც კი არ აქვთ. "პირველი სტერეო" დიდი ხანია, აღარ გადის საქართველოს მასშტაბით.

მე არ შევსულვარ "სტერეოში", როგორც დირექტორი, შევედი, როგორც მეპატრონე. გამოვიძახე პატრული, ასევე ვთხოვე ტელევიზიებს მოსვლა და კამერების თანხლებით შევედი ტელევიზიაში. "დრელით" გავხვრიტე კარი კამერების თანდასწრებით და ზუსტად ათი წუთით მოვახერხე შესვლა. ამას, რასაკვირველია, წინა ხელისუფლების დროს ვერ მოვახერხებდი. ერთი თვე ვიძახებდი პატრულს და არ მოდიოდნენ. კერძო დავაა და ამიტომ არ მოვდივართო, იტალიის საელჩოს ასე უპასუხეს. ორი მოქალაქე რომ ჩხუბობს, ესეც ხომ კერძო დავაა და პატრული არ უნდა ჩაერიოს?

მინდოდა, მენახა, რა მდგომარეობაში იყო ჩემი ქონება. გამოვიძახე დამოუკიდებელი აუდიტი, კაბელებიც კი მაკრატლებითა და ცულებით არის გადაჭრილი და მთელი აპარატურა გატანილია. განცხადება დაუწერიათ პატრულში, რაღაცები გვაკლიაო. ეტყობა, წინასწარ უნდოდათ შემზადება, მაგრამ დღეს "სტერეოს" კუთვნილი აპარატურის ნაწილს მე ბაზრობებზე ვხედავ. მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ არხი გაძარცვული იყო, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი. გამოვედი, ისევ ჩავკეტე კარი და მას მერე აღარც შევსულვარ.

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ დღემდე არაფერზე დამიხევია უკან და არც ახლა ვაპირებ. მე ის ბიზნესმენი არ ვარ, რომელთაც სააკაშვილი მუჭა-მუჭა მართავდა. თავისუფალი ადამიანი ვარ, მინდა, ასეთივე ქვეყანაში ვიცხოვრო და არ მოვიქცე, როგორც დამონებული ბიზნესმენი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

- რას ელოდებით სასამართლოსგან?

- ვითხოვ მორალური, ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. ისიც ცხადია, რომ მე და ბეჟუაშვილი ბიზნესპარტნიორებად ვერ დავრჩებით. ან მან უნდა იყიდოს ჩემი წილი, ან მე. ბეჟუაშვილი რომ არ შეიძენს ჩემს წილს, ეს კარგად ვიცი, მაგას ოღონდ ფული არ გადაახდევინო.

- არ იცოდით, ვისთან გქონდათ საქმე?

- წლების განმავლობაში ლავირებას კარგად ახერხებდა. ერთხელ გამოავლინა თავი, გაგიჟდება ადეიშვილიო, რაღაცაზე მითხრა. მე ვკითხე, ვინ არის ადეიშვილი-მეთქი. თვითონაც არ უხარია, რომ ადეიშვილისა და სააკაშვილის დავალება შეასრულა. ბეჟუაშვილს მოუწევს იქ ჩაჯდომა, სადაც ჯერ არს, ან იმის თქმა, ვინ დაავალა ამ ავაზაკობის ჩადენა.

- შემოჭრას, როგორც ამბობდნენ, წინ უძღოდა ის ამბავი, რომ თქვენ "მეცხრე არხის" სიგნალი გაავრცელეთ საქართველოზე.

- რა თქმა უნდა!.. შესაძლოა, ბეჟუაშვილს ვერც გაებედა ასეთი რამ, რომ არა ადეიშვილებისა და მიშების გაცოფება. მე ბიზნესმენი ვარ და ვყიდი მომსახურებას. ადეიშვილმა შემომითვალა, ეგენი ხალხის მტრები არიანო და თურმე ამიტომ არ შემეძლო "მეცხრე არხისთვის" იმავე მომსახურების გაწევა, რასაც ვუწევდი "მზეს", "რეგიონ ტევეს" და ა.შ. საბაჟო რომ აპარატურას უმტვრევდა "მეცხრე არხს", მე ვურემონტებდი კიდეც.

- არ გსმენოდათ იმ ზეწოლის შესახებ, რასაც ბიზნესმენები სააკაშვილის ხელისუფლებისგან განიცდიდნენ?

- როგორ არ მსმენოდა და დღეს მეცოდებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც წინა ხელისუფლებას დამონებული ჰყავდა და ახლა თავი კიტრებად მოაქვთ. მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, რადგან ამის უფლებას ჩემი წარსული არ მომცემდა. როდესაც აფხაზეთის ცნობილი მოვლენების პირველი ტალღა დაიწყო, ჩემს ქვისლთან ვისვენებდი აფხაზეთში ოჯახთან ერთად. მე და ჩემი ქვისლი მძევლებად აგვიყვანეს. მთელი ამ დღეების განმავლობაში სასტიკად გვაწამებდნენ, ერთ-ერთი აფხაზის ოჯახში ვიყავით გამოკეტილი, დილეგში, მაგრამ აფხაზების საწინააღმდეგო მაინც არაფერი მაქვს, რადგან ღამე, როდესაც მწამებლები მიდიოდნენ, ოჯახის უფროსი ჩამოდიოდა და მოხარშულ თხის ხორცსა და აჯიკას გვაჭმევდა. ყბა სულ დალეწილი მქონდა და ძლივს ვჭამდი, მაგრამ მაინც მადლიერებით ვიხსნებ იმ ადამიანს და შემდეგ ამ ოჯახს თითი არ დავადე... არ შემიძლია, არ ვთქვა ავთო იოსელიანის გმირობის შესახებაც. მისი პიროვნული გადაწყვეტილებით, როცა ყველას მკვდარი ვეგონეთ და დედაჩემს გამოტირებული ვყავდით, სპეცრაზმი დაიძრა ჩვენ გამოსახსნელად. ამ ოპერაციას თავად ავთო იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ჯერ იმ ოჯახიდან გამოგვიხსნეს, შემდეგ კი მე და ჩემი ქვისლი მატარებლით გამოგვაპარეს, ჩემი ოჯახი კი გემამდე ვერტმფრენით მიიყვანეს და შემდეგ გემით გამოიყვანეს. ვნანობ, რომ არასდროს შესაფერისი მადლობა არ გადამიხდია ავთო იოსელიანისთვის, ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან... მან ბევრი ადამიანი გადაარჩინა მერეც.

მეცნიერი გახლავართ, მაგრამ მაშინ ბრალი დამდეს, თითქოს აფხაზეთში იარაღს ვავრცელებდი ქართულ მოსახლეობაში. დიდი ტრავმა მაქვს გადატანილი. წლებია, უცხოეთში ვცხოვრობ, იტალიაში ვმოღვაწეობ, რომის უნივერსიტეტში ვასწავლი, "ნასასთან" ვთანამშრომლობ. მეცნიერებიდან მოვდივარ და ესეც ალბათ არის რაღაცის განმსაზღვრელი. ამ სფეროში კი სხვა წესებია, ადამიანს პატივს სცემენ მისი ნაშრომებიდან გამომდინარე და არა თანამდებობიდან.

- თუკი დაიბრუნებთ, როგორ წარმოგიდგენიათ "პირველი სტერეოს" ბედი?

- ჩვენ გვქონდა მუსიკალური არხი, ვარ რამდენიმე ლიცენზიისა და ტელევიზიის მფლობელი. ცხადია, ამ ბიზნესში დავრჩები. რაც შეეხება "პირველ სტერეოს", ის ან იქნება ნათელ მხარეს, ან ბნელ მხარეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ამისთვის უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხა. ეს იქნება იმაზე ნაკლები, რითაც შეიძლება ადამიანმა ტელევიზია შექმნას.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები